
მე მინდა, ლობისტური მიმართულება და მასზე გაწეული ხარჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ხარჯავს საქართველოს საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტის კონტქესტში განვიხილო. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი დაანგარიშებით, რომელიც ეყრდნობა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტებს, 2004 წლიდან დღემდე, საქართველოს დახარჯული აქვს 3,220,650 აშშ დოლარი ლობისტური საქმიანობისათვის აშშ-ში.
ლობირება, ეს არის ადვოკატირების პროცესი, რომლის მიზანია კანონშემოქმედებით პროცესებზე და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა სხვადასხვა საკითხების სასარგებლოდ. ლობისტი, ეს არის ფიზიკური პირი ან სპეციალური ლობისტური კომპანია, რომელიც ცდილობს ზეგვავლენა მოახდინოს საკანონნდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე მისი კლიენტის სასარგებლოდ.
დღეს, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, 30,000 ზე მეტი დარეგისტრირებული ლობისტია, როგორც ფიზიკური პირის, ასევე ლობისტური კომპანიის სახით. დღეს აშშ-ში ლობისტური მომსახურების მსურველთა შორის არიან, აშშ კერძო კომპანიები, დარგობრივი სავაჭრო - სამრეწველო ასოციაციები, საგანმანათლებლო, რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები და თქვენ წარმოიდგინეთ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებიც. და ყველა მათგანის ამოცანაა აშშ-ს კონგრესის, სენატის და აშშ სამთავრობო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა ან ამ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მათთვის სასარგებლო შედეგის მიღების მიზნით. ყველას სხვადასხვა მიზანი აქვს. მაგალითად, დარგობრივი სავაჭრო-სამრეწველო ასოციაციები, მათი წევრი კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების ინიცირებას ან არსებულ კანონში ცვლილებების შეტანას უჭერენ მხარს და მათ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებით ამ შედეგის მიღებას ცდილობენ, ზოგიც კი, მაგალითად საქართველო, როგორც სახელმწიფო ცდილობს მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მეშვეობით მიიღოს შემდეგი: აშშ - საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების მიწოდება - გაცნობა ისეთი მიზნობრივი ჯგუფებისათვის, როგორებიცაა აშშ კონგრესი, აშშ ადმინისტრაცია, მედია და ექსპერტთა საზოგადოება, რომლებსაც აქვთ გავლენა აშშ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის საკითხების ფორმირებაზე.
მე არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის არსებობას აშშ - ს დედაქალაქში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამჟამინდელი აშშ-საქართველოს ურთიერთობები ერთ დღეში, ან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის პირადი ურთიერთობების საფუძველზე შეიქმნა და ვითარდება. ეს რათქმაუნდა ასე არ არის. გარდა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს მუდმივი სამთავრობათშორისო ურთიერთობები, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აშშ კონგრესში, სეტანტში, მედიაში (რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს ვაშინგტონში) და აზრთა ლიდერთა წრეებში სრულად ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ-ში ახალი პოლიტიკური ელიტა მოვიდა და მათ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით უფრო ნაკლები იციან საქართველოზე. მათ ხომ მუდმივად ესაჭიროებად ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ყალიბდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანაშმრომლობის ფორმატში? და ამ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელია ზუსტად ის ლიბისტური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოს ესმახურება.