Monday, October 19, 2009

იფიქრე გლობალურად - იმოქმედე ლოკალურად

კრიზისის დროს პოზიცია ყოველთვის იყოფა ორად. შეიძლება ვუწოდოთ ა) სამართლებრივი და ბ) სამართლიანი. პირველს, როგორც წესი, ორგანიზაციასა თუ კომპანიაში იურისტები ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ არაფერი უნდა გაცხადდეს, ვიდრე საფუძვლიანად არ გამოიძიებენ ინციდენტს და არ დაადგენენ მისი წარმოქმნის მიზეზსა და უშუალო დამნაშავეს. მეორე პოზიცია - სამართლიანი, ორგანიზაციაში სწორედ ფიარ სპეციალისტს უკავია და იგი არცთუ უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები კომპანიის ირგვლივ.


იურისტების პოზიცია ძალიან ჰგავს შემთხვევას, როცა "ცხელ ხაზზე" რეკავ და გამუდმებით გპასუხობს ავტომოპასუხე, გთხოვს შეტყობინების დატოვებას და გპირდება უკან გადმორეკვას... ასეთი რამ წარმოუდგენელია კრიზისის დროს. საზოგადოების მოთხოვნა - იცოდეს ყოველივე On-line რეჟიმში, არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. მით უმეტეს, მაშინ როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან; როდესაც საზოგადოება წარმოადგენს კომპანიის სამიზნე აუდიტორიას და ამავე კომპანიის შემოსავლების წყაროს. შესაბამისად, იმას ვერ ვიტყვით, რომ იურისტების პოზიცია 100% მცდარია, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ფიარ კონსულტანტი არსებულ ვითარებას და მოსალოდნელ შედეგებს უფრო რეალისტურად აფასებს.


მაგალითად, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა ავარია. ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომლის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაზარალდა, შესაძლოა იყოს მსხვერპლიც. ხელმძღვანელობა აყოვნებს მედიისთვის ავარიის ოფიციალური ვერსიის მიწოდებას და ეს გასაგებიც არის, რადგან წინასწარმეტყველებასა და მკითხაობას სჯობს გამოძიებაზე დაყრდნობილი და ფაქტებით გაჯერებული ვერსიის გაჟღერება. ამასობაში კომპანიის იურისტის რჩევით ხელმძღვანელობა მიმართავს ე.წ. პასიურ უკიდურესობას - იგი არაფერს ამბობს, ელის მოვლენათა განვითარებას და ფაქტობრივად იზოლაციაში იქცევს თავს.

თქვენი, როგორც ფიარ კონსულტანტის მოვალეობაა დაარწმუნოთ ხელმძღვანელობა ჩაიგდოს ინიციატივა ხელში და თავად მართოს სიტუაცია რა დონეზეც ეს შესაძლებელია (არ შეუწყოს ხელი სოციალიზირებულ მოსაზრებას. მიაწოდოს მედიას საკუთარი ვერსია (იმის ხაზგასმით, რომ წინასწარი მონაცემებით ასეთი ვითარებაა, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს) და მაშინ აუდიტორია იგნორირებას გაუწევს თავის სუბიექტურ დამოკიდებულებას, შეგრძნებასაც კი). თეორეტიკოსები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა პასიური უკიდურესობის საპირწონედ ხელმძღვანელობამ მიმართოს აქტიურ უკიდურესობას, ესე იგი, უარყოს ყველაფერი ან/და გადააბრალოს და პასუხისმგებლობა დააკისროს მეორე მხარეს. არც ეს არის გამოსავალი, ამიტომაც უწოდებენ ორთავეს უკიდურესობას :) არასოდეს ჩაიგდოთ თავი "მოპასუხე" მდგომარეობაში; არასოდეს იმართლოთ თავი, ვიდრე ბრალეულობა არ დაგიმტკიცდათ. სამაგიეროდ შეგიძლიათ ზემოხსენებული ავარიის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს ან მათ ოჯახებს გამოუცხადოთ მორალური მხარდაჭერა და გაუწიოთ ფინანსური დახმარება... ამ ჟესტით თქვენ არ იზარალებთ. ხარჯზე ნუ იფიქრებთ, იფიქრეთ იმ დივიდენდებზე, რომელსაც მოუტანს თქვენი პასუხისმგებლობა კომპანიას. საზოგადოებაში თქვენი იმიჯი და თქვენი კომპანიისადმი ნდობა ამაღლდება, რადგან თქვენი ჟესტი იქნება ყველაზე მჭერმეტყველი - "მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მხოლოდ იწყება და ჯერ არ არის ცნობილი ავარიის მიზეზი, ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ჩვენს თანამშრომლებს, მათ ოჯახებს..."
ასეთი მაგალითი უამრავია. მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს მოუწიათ კრიზისის პირობებში არჩევანის ზღვარზე ყოფნა და გარდატეხის პერიოდში გადაუდგამთ ნაბიჯი, რომელმაც განსაზღვრა მათი მომავალი. თქვენ შეიძლება არ წარმოადგენთ რომელიმე ბრენდს, მსხვილ კომპანიას, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა აუცილებლად უნდა იფიქროთ გლობალურად და იმოქმედოთ ლოკალურად... იფიქროთ თქვენს რეპუტაციაზე, იმიჯზე, რომელის სცდება გეოგრაფიულ არეალს და იმოქმედოთ ლოკალურად, რათა თქვენს სამიზნე საზოგადოებას (თუ გნებავთ - აუდიტორიას) არ გაუჩნდეს თქვენსადმი მტრული განწყობა და უნდობლობა...
P.S. მოუსმინეთ კომპანიის ხელმძღვანელს. გახსოვდეთ, თქვენ მხოლოდ მას ექვემდებარებით და არა იურისტს ან მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს. მოისმინეთ მათი აზრი, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ მართალი ხართ თქვენ და არა ისინი :):) ამაში კი, მერწმუნეთ, გამოცდილება დაგარწმუნებთ.

Saturday, October 17, 2009

Vote For... What For???






















დაპირებისამებრ, კრიზისს ვუბრუნდები :) და საერთოდ, როგორ შეიძლება ამ თემას არ დაუბრუნდე, არ განავრცო, როდესაც საქართველოში ცხოვრობ, რომელშიც კრიზისი ისეთივე ხშირია, როგორიც ტორნადო შტატებში. შტატებში ტორნადოს შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიდის და საზოგადოება ადგილობრივი ხელისუფლების ქმედუნარიანობასა და პასუხისმგებლობას ხედავს, ჩვენთან კი პოსტკრიზისული პერიოდი უფრო "კრიტიკულ დღეებს" ჰგავს...

ქართულ ანტიკრიზისულ თუ კრიზისულ და, მით უმეტეს, პოსტ-კრიზისულ ფიარზე საუბარი მიჭირს. როგორ შეიძლება ისაუბრო არარსებულ ფენომენზე. ასეთი პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით მაშინ გიჩნდება, როდესაც სახელისუფლებო თუ ოპოზიციური სტრუქტურების ფიარის განხილვას იწყებ. ასეთ შემთხვევაში ანტიკრიზისული ფიარი საერთოდ განყენებული და ამორფული ცნებაა. რაღაცას მოიმოქმედებენ ხოლმე, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის გარეშე, მთელს საზოგადოებას ვითომდა ზომიერად "აჭმევენ" სახელდახელოდ მომზადებულ გეგმას და ჩაუვარდებათ ხოლმე კოვზი ნაცარში. იწყებენ ამ ნაცრის ქექვას და ამ პროცესს უწოდებენ კრიზისულ ფიარს. არაფერი გამოუვათ და იმ ავადსახსენებელ კოვზს კიდევ ტონა ნაცარს მიაყრიან ზემოდან, ოღონდაც კაციშვილს არ გაახსენდეს მისი არსებობა... ეს უკანასკნელი, ალბათ, პოსტკრიზისულ აქტივობათა ნუსხაში უნდა შევიყვანოთ... ამის შემდეგ რწმუნდები - ღარიბია ქართული ფიარი და მისი ინსტრუმენტალური არსენალი. ღ ა რ ი ბ ი ა!

მუხლმოდრეკილი გემუდარებით, ფიარსა და პროპაგანდას ნუ ავურევთ. ჯანდაცვის, ჯარის და განათლების რეფორმა იყო კარგად გამართული პროპაგანდა. მას არ ქონია მნიშვნელოვანი უკუკავშირი და თუ ასეთი ოდეზღაც მართლაც არსებობდა ამ რეფორმების ინიციატორის და უშუალო აღმასრულებლის მხარდასაჭერად, კარგა ხანია თავადვე გააბათილეს მწვავე კომენტარებით (თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა "ყველაზე წარმატებული რეფორმები" თავდაცვისა და განათლების სფეროში).

ახლახან ერთ-ერთ ორგანიზაციაში ჩემი ერთ-ერთი კოლეგა მიიწვიეს "სასაუბროთ". ისაუბრეს ბევრი... არაფერზე და ძალიან ცოტა საქმეზე. ასე შევაფასებდი ნებისმიერ შეხვედრას, რომელზეც მიზანსა და ამოცანებს ერთმანეთში ურევენ და, ამასთან, მიზნად ისახავენ "ყველა ქართველი ამომრჩევლის ხმის მოპოვებას...". ელექტორატი, მით უმეტეს, ნეიტრალური ამომრჩეველი მერყევი ჯგუფია და მასზე მუშაობა ყველაზე პროდუქტიულია. თუმცა აქ საუბარი თურმე იყო ყველა სეგმენტის მოცვაზე და მათზე ზემოქმედებაზე. გასაგები ენით რომ განვმარტოთ - დამკვეთს სურდა ყველა მომხმარებელზე გათვლილი პროდუქტის შექმნა და ლამაზად შეფუთვა... ისეთ აუცილებელ პროდუქტებს შორისაც კი, როგორიც არის ტუალეტის ქაღალდი და სხვა მრავალი, არსებობს და იარსებებს კონკურენცია, ვიდრე არსებობს მომხმარებლის პრეფერენცია. ამ შემთხვევაში კი საკმაოდ ამბიციურად ჟღერდა მოთხოვნა - "გაგვეპიარა" პირი, რომელის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და, ამასთან, ხალხისთვის ის არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და აუცილებელ პროდუქტს.

საკუთარ მაგალითზე რომ განვიხილო ასეთი მიდგომის ავ-კარგიანობა, პირდაპირ გეტყვით - რაც არ უნდა მიქადაქოს ვლადიმერ პუტინმა "ქართველები გვიყვარს და იმიტომ გბომბავთ, რომ დიქტატურისაგან განიწმინდოს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაო", მაინც ვერ დამარწმუნებს ძველი რუსული სიბრძნის Бьёт, значит любит სიმართლეში. ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ პრინციპით მოქმედებენ და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ საზოგადოება; შემდეგ ორთავე იმას უმტკიცებს, რომ ცვლილებები მტკივნეული პროცესია და არ არსებობს ცალსახად კმაყოფილი საზოგადოება.

ვინმემ რომ არ დამადანაშაულოს პოლიტიკურ ანგაჟირებაში (მხილებით ვერ მამხელენ და ამრიგად მშვიდად ვგრძნობ თავს:) ), ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის „გაერთიანებულ“ კრიტიკას წარმოგიდგენთ და ვეცდები ხაზი გავუსვა ფიარის თვალსაზრისით დაშვებულ შეცდომებს (პრინციპში, ამხელა ფილარმონია თემა იმისათვის ამ წამომიწევია, რომ ვიღაცა ვაკრიტიკო, მაგრამ თავის დროზე ოქტომბრელიც ვიყავი, პიონერებშიც ჩამრიცხეს და ფიციც დამადებინეს, რომ „ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი“ :))) ჩემი ნათელი წარსული მაშინ მახსენდება, როდესაც საბჭოთა პროპაგანდაზე ჯიუტად მეუბნებიან - ფიარიაო:)

დღეს ქვეყანაში კრიზისია. ნუ, მათ შორის, ეკონომიკაშიც. კააარგი. ეს გავიგეთ, ახლა თვალი მივადევნოთ როგორ ჩავაყენეთ ქვეყანა ამ უხერხულ მდგომარეობაში, პოზასა თუ პოზიციაში. ძალიან მარტივად - საზოგადოებაზე დაყრდნობით და მისი უგულებელყოფით. პარადოქსია? არა, ჩემო კარგო, კანონზომიერებაა და ჩემი ერთ-ერთი წინა წერილის ამონარიდი რომ მოვიშველიო ვიტყვი, რომ კრიზისი კანონზომიერი მოვლენაა, როდესაც „კანდიდატს ჭირდება თქვენი ხმა, მაგრამ არ აინტერესებს თქვენი აზრი“! Oops! We did it again! :) და ასე იმეორებს ამ სიტყვებს ყველა ახალ არჩევნებზე ცალკე ამომრჩეველი და ცალკე კანდიდატი.

არადა, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა „საზოგადოების აზრის ზეწოლა ატმოსფერული ზეწოლის ტოლფასიაო“. ესე იგი, საზოგადოებრივ აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და დავიმახსოვროთ, რომ რა ზემოქმედებასაც მოვახდენთ „ატმოსფეროზე“, დროთა განმავლობაში შეიძლება ლოკალური კატაკლიზმებით მოგვიტრიალდეს. კრიზისია ჩვენს სამყაროში. ეს სამყარო ძალიან მაგარმა „ფიარშიკებმა“ შექმნეს თავისი სიტყვის ძალით. ხო, დაახლოებით ასე იყო. თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო „კონფლიქტოგენი“ (სიტყვა ან ქმედება, რომელიც ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას). კონფლიქტი წარმოიქმნება ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოების შედეგად (ასეთი 2 მხარე სახეზეა - ხელისუფლება და ოპოზიცია). თუმცა ამ პროცესს წინ უძღვის საკმაოდ ხანგრძლივი მოვლენები, რომელიც ზოგადად ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: კონფლიქტოგენი - ინციდენტი - კონფლიქტი - კრიზისი. მოკლედ, ორ მხარეს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ მიიყვანა ქვეყანა კრიზისამდე. კარგი, ბატონო, ესეც გააავიგეთ! ახლა ისიც ვთქვათ, რომ ნებისმიერ კრიზისს აქვს თავისი განვითარების დინამიკა. შესაბამისად, შეგვიძლია თვალი მივადევნოთ მის განვითარებას და, რაც მთავარია, თუ არ ხერხდება მისი აღმოფხვრა, იფიქრეთ მის ლოკალიზებასა და ზრდის (გავრცელების) ტემპის შემცირებაზე.

ჩვენი პოლიტიკური რეალობის შემთხვევაში კი პრევენციულ ღონისძიებებს ფაქტობრივად არცერთი მხარე არ მიმართავს. პირიქით, ამაყად შეიძლიათ თქვან, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი და ამ პროცესს აჩქარებენ შემდეგი ნაბიჯებით: კონფლიქტოგენი - ინციდენტი - კონფლიქტოგენების ზრდა - კონფლიქტი - კრიზისი - კომპრომისი - კრიზისის ქრონიკული სტადია.

რა თქმა უნდა, შემედავებიან - კომპრომისი თავისთავად გულისხმობს კრიზისის განეიტრალებასო. მე ასე არ ვთვლი! კომპრომისს ხშირად მიიჩნევენ კრიზისის დასრულების უალტერნატივო პირობად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კომპრომისი, რომელიც გულისხმობს დათმობას და, ესე იგი, ორიდან ერთის უკმაყოფილებას, მეტ-ნაკლებად წამგებიან პოზიციას, ნამდვილად ვერ იქნება არსებული კრიზისის დასრულების გარანტი. პირიქით, ასეთი კომპრომისული სტადია შეიძლება მივიჩნიოთ კრიზისის ე.წ. ქრონუკილ სტადიაში გარდამავალ ფაზად. ფარული უთანხმოება კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ დროთა განმავლობაში კრიზისის ახალმა კერამ ამოხეთქოს და მისი ეფექტიანობა გაორმაგდეს „დაკონსერვებული“ ან/და „გაყინული“ კონფლიქტის ხარჯზე.

რა არის გამოსავალი? ამაზე პასუხი მე როგორ გაგცეთ, როცა თავად მოდავეებს არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, არც მკვეთრი სამოქმედო გეგმა გააჩნიათ. პირველ რიგში (გავბედავ და ჩავერევი სოციოლოგისა და ფსიქოლოგის კომპეტენციაში) ვურჩევ არ გამოიყენონ კონფლიქტოგენი (და მით უმეტეს ხელი არ შეუწყონ მის ზრდას); მეორე - კომპრომისი მართლაც შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსავალი და ამ შემთხვევაში ნადვილად არ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. ორ მეზობელს შორის შეიძლება წარმოქმნას უთახნმოება ნაკადულმა, რომელიც ერთის გვერდით ავლით მეორის ყანას უერთდება და რწყავს. კომპრომისი გულისხმობს ურთიერთსარგებლობას, ორმხრივ კმაყოფილებას. მეზობლები აუცილებლად იპოვიან გამოსავალს თუ ორივე მათგანი ისარგებლებს წყლის მარაგით, ცალკეული რუს გაყვანის შედეგად ამოწურავენ დავას... მაგრამ თუ ორთავე გამოიყენებს კონფლიქტოგენს, მათ შორის ადგილი ექნება ინციდენტს, შემდეგ ლანძღვა-გინებას (კონფლიქტოგენების მოზღვავებას), მეორე დღეს ერთმანეთს გამარჯობას არ ეტყვიან (კონფლიქტი) და ამის შემდეგ მომღიმარე სახით ისაუბრებენ კომპრომისზე, ეს იქნება ფარული უთანხმოების დასაწყისი (კრიზისის ქრონიკული სტადია), რადგან ვერასოდეს დაივიწყებენ მიყენებულ შეურაცხყოფას და წყენას...

მოკლედ, ორივე მხარეს და განსაკუთრებით მათ ფიარ გუნდებს ვთხოვთ - სანამ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იფიქრებთ, მანამდე გამოძებნეთ ერთმანეთთან საერთო ენა. და ვიდრე „ატმოსფეროზე“ ზემოქმედების მოხდენას მოისურვებთ, აუცილებლად შეისწავლეთ „ამინდის“ პროგნოზი - „ტემპერატურის“ გრადუსი და მისი მოსალოდნელი მატება თუ ვარდნა... :) ამის გარეშე „პოლიტიკური ამინდის“ შექმნაზე არც იფიქროთ და თუ იფიქრებთ, იმაზეც დაფიქრდით რა მოსავალს მოიმკით „ატმოსფერული“ ცვლილებების შედეგად... თორემ თქვენს ძალიან მაგარ დაგეგმილ ფიარ კამპანიაზე "VOTE FOR…" უკუკავშირი იქნება მხოლოდ ერთი - "WHAT FOR???"

Sunday, October 4, 2009

კრიზისი - Hello & Good-bye

არ არსებობს, ფაქტობრივად, კომპანია, რომელსაც დროთა განმავლობაში დაუპატიჟებელი „სტუმარი“ არ ეწვევა, სახელად „კრიზისი“... რა ვქნათ ასეთ დროს? კარს ვერ ჩავრაზავთ! სარკმელს ვერ მივკეტავთ! უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვექცეთ სტუმარს, რათა უმოკლეს ვადაში თავისი ნებით დაგვტოვოს და აღარ დაბრუნდეს...


ფიარ სპეციალისტები ამბობენ - კრიზისის დროს, პირველ რიგში, იფიქრეთ ზარალის შემცირებაზე, რადგან კრიზისი მოხდა და ამ ფაქტს ვერსად გაექცევით. მართლაც, კედელზე თავის რტყმა და ვაი-ვაგლახი არაფერს შველის. როგორც რუსები ამბობენ - спасение утопающего дело рук самого утопающего. შესაბამისად, მოდით ვიფიქროთ იმაზე, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ კრიზისმა არ "ჩაგვითრიოს" და, მით უმეტეს, არ "დაგვძიროს".

კრიზისულ კომუნიკაციებზე, ანტიკრიზისულ თუ კრიზისულ ფიარზე უამრავი თეორია წამიკითხავს და მოკრძალებულად უნდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული თეორიების ზოგ ავტორს არ ვეთანხმები კონკრეტულ საკითხებში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ფიარ სპეციალისტმა უნდა იმოქმედოს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში კრიზისის მართვის მზა რეცეპტები ნაკლებად გამოსადეგია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი კრიზისი უნიკალურია და მისი წარმოქმნის თუ მართვის სხვადასხვა გზა არსებობს.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისის დროს უნდა უგულებელყო აქსიომატური წესები - მედიასთან ურთიერთობა და საკომუნიკაციო სტრატეგიის აუცილებლობა. საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება წარმოუდგენელია მედიის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. მედიის ფაქტორი მნიშვნელოვანია, როდესაც გასარკვევია ვინ, როგორ, საიდან და რა სიხშირით შეიტყო კრიზისის შესახებ. ამის შემდეგ უკვე არგმენტირებულად შეიძლება საუბარი კრიზისის ლოკალიზებაზე და საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანი და სპეციფიკური ამოცანებიც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება თქვენს წინაშე.

აქვე გეტყვით, რომ არასოდეს იჩქაროთ. გამოიკვლიეთ და გაანალიზეთ კრიზისის გავრცელების არეალი; დაადგინეთ, რომელი მედია საშუალება და კონკრეტული მედია წყარო ავრცელებს თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ - საწყის ეტაპზე მიაწოდეთ ინფორმაცია მხოლოდ იმ მედია საშუალებებს, რომლებშიც უკვე გაჟონა ნეგატიურმა ინფორმაციამ და თქვენი აქტივობით შესაძლებელია უარყოფითი მუხტის განეიტრალება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არა კრიზისის ლოკალიზებასთან, არამედ მედიის მობილიზებასთან გექნებათ საქმე. ამ შეცდომას უშვებს ხოლმე ახალბედა ფიარ სპეციალისტი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაგზავნილი პრესრელიზების რაოდენობა უფრო ეფექტურია, ვიდრე კონკრეტული მედიის ინფორმირება. არა, მეგობარო! მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა!

გახსოვდეთ, რომ მედია ვერ იქნება თქვენი მეგობარი (პარტნიორი კი აუცილებლად უნდა გახდეს). ნებისმიერი ჟურნალისტი, დიქტოფონით თუ მიკროფონით ხელში მოქმედებს მხოლოდ ერთი პრინციპით - „ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, აუცილებლად იქნება გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ..." ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან - 2006 წელს დაახლოებით 20 ჟურნალისტი წავიყვანე ბათუმის ახალი საერთაშორისო აეროპორტის საძირკველის ჩაყრის ცერემონიალზე. ჟურნალისტები ბათუმში მინისტრებთან ერთად გადავაფრინე. კომფორტულად იმგზავრეს, სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და შინ დაბრუნებისთანავე დაახლოებით 4 ჟურნალისტმა უარყოფითი სტატია გამოაქვეყნა აეროპორტის მშენებელი თურქული კოპმანია TAV Urban Georgia-ს შესახებ... დამწყდა თუ არა გული? რა თქმა უნდა, მაგრამ მცირე ანალიზის შემდეგ გამოვიტანე დასკვნა, რომელიც უკვე დაგვიანებული იყო - მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა! მთავარია საწყისშივე გაარკვიო, რომელი მედია საშუალება (ან წყარო) წარმოადგენს მესამე მხარეს; რომელია დაინტერესებული, მიკერძოებული და პირიქით, რომელია ობიექტური და ა.შ. ასე რომ, მედიასთან ურთიერთობას მხოლოდ ასეთი ფილტრაციისა და სელექციის შემდეგ გირჩევთ.

რაც შეეხება თანდართულ სურათს. როგორც ხედავთ, სურათზე გარკვეული სქემა ავსახე, რომელზეც საათის ციფერბლატზე დროის გარდა, ცალკე გრაფაში დროის კონკრეტული მონაკვეთია დატანილი. ფიარ სპეციალისტები კარგად იცნობენ ამ სქემას. თქვენც იცნობდეთ :) მოდით ამ სქემას პირობითად Media Relations Guide ვუწოდოთ, რადგან კრიზისის დროს მედიასთან ურთიერთობა ძირითადად აღნიშნულ დროს და მის (პერიოდის) ფარგლებში ხდება.

როგორც ვიცით, 12 ბალიანი მიწისძვრის დროს ინგრევა ყველაფერი და შეუძლებელია სიტუაციის კონტროლი. ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, სპეციალისტები ასახელებენ დროის მონაკვეთს, რომელშიც უნდა გაცხადდეს მომხდარი, რათა შემდგომ ყოველივემ არ აზარალოს თავად კომპანია. სწორედ ამისთვის ავსახე სურათზე სქემა, რომელზეც ერთიდან-თორმეტამდე რიცხვი ასახავს არა დროს, არამედ სიმძლავრეს. 12 ბალიანი შკალა კრიტიკული ზღვარია, რომელზეც ინგრევა კომპანიის იმიჯი, რეპუტაცია და მისი აღდგენა თითქმის შეუძლებელია. თუმცა მანამდე კიდევ თერთმეტი ბალია, კიდევ სამი ფაზაა, რომელიც ექვემდებარება კონტროლს.

მოკლედ და კონკრეტულად - თავსდატიხილი კრიზისის დროს დაივიწყეთ სიტყვა „უკომენტაროდ“! ეს თქვენი კომპანიის იურისტების პრეროგატივაა. თქვენი საქმე და ძალა კი სწორედ კომენტარებში იკვეთება. და რაც მთავარია, იკვეთება დროზე და დროულ კომენტარებში. პირველი ფაზა გულისხმობს 45 წუთს. ამ დროს კრიზისი ჯერ კიდევ არ გავრცელებულა და მისი კონტროლი ყველაზე ადვილია. აუცილებელია კომუნიკაციის ცენტრალიზება და ეს სიახლე არ უნდა იყოს ნებისმიერი ფიარ სპეციალისტისთვის. მეორე ფაზა 6 საათს მოიცავს - იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ მოახერხეთ კომუნიკაციის ცენტრალიზება, ვერ იქნებით პასუხისმგებელი კულუარული ინფორმაციის გავრცელებაზე; ვერ იქნებით იმის გარანტი, რომ რომელიმე თქვენი თანამშრომელი არ ავრცელებს ინფორმაციას კრიზისის შესახებ და ატყობინებს ამის შესახებ ადგილობრივ მედიას.

თუ ეს ასეა (და ასეც იქნება) და მედია ინტერესდება არსებული ვითარებით, აუცილებლად მიაწოდეთ მას ოფიციალური ვერსია და ხელს ნუ შეუწყობთ სოციალიზირებული მოსაზრებების (ჭორის, მოარული ხმის) გავრცელებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ შეგეძლებათ კრიზისის ლოკალიზება და, ნაწილობრივ, მისი მართვაც კი. მესამე ფაზა 3 დღეს მოიცავს და ამ პერიოდს სურათზე „გადამწყვეტი ფაზა“ ვუწოდე. ეს ფაზა წარმოადგენს გარდატეხის პერიოდს, როდესაც თქვენ მოგიწევთ ან აღმართზე ასვლა, ან დაღმართზე დაშვება... 3 დღის შემდეგ კრიზისის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ყველა ყოველდღიურ მედია წყაროში; გამოქვეყნებულ თუ გაჟღერებულ ინფორმაციას ანალიზს უწევენ ანალიტიკოსები, სპეციალისტები და მათი კომენტარები კიდევ ცალკე წარმოქმნიან საინფორმაციო მიზეზებს. თქვენ რთულ ვითარებაში ხართ! 12 ბალიანი შკალით თქვენ მძლავრ ბიძგებს განიცდით და ნელ-ნელა გენგრევათ კომპანია თავზე! ამ დროს გაგიელვებთ აზრი - „სჯობდა ადრე, ვიდრე გვიან“ და მართალიც იქნებით. ჩუმად ყოფნა, ოფიციალური ვერსიის გაჟღერების შეფერხება აძლევს ბიძგს ჭორებს, რომელიც ყველგან და ყოველთვის ოფიციალური ინფორმაციის ალტერნატივად გვევლინება. გაიხსენეთ წინა ორი ფაზა და მიხვდებით, რომ კომპანიის იმიჯის აღდგენა ასმაგ ძალისხმევას საჭიროებს; ამდენივე ხარჯს და ამაზე მეტ დროს, რადგან უკვე რთულია კომუნიკატორების იდენტიფიცირება და ნეგატიური მუხტის აღმოფხვრა.

და ბოლოს, მე-4 ფაზა - კრიტიკული ფაზაა და ის 2 კვირას მოიცავს. ამ პერიოდში საზოგადოებასთან ურთიერთობა ფაქტობრივად წყდება. როდესაც წყდება სასიცოცხლოდ საჭირო კავშირი, მმართველ რგოლს მხოლოდ ერთი რამ მოსდის აზრად - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“. ამ დროის მონაკვეთში კრიზისის შესახებ ინტერესდება ყოველკვირეული და ყოველთვიური გამოცემები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს შესახებ არ ივიწყებენ :) ხშირად ახსენებენ თქვენს თავს თქვენს სამიზნე აუდიტორიას. გაინტერესებთ რა კონტექსტში? გსურთ კონტენტის კონტროლი? მაშინ კრიზისთან 45 წუთიანი ურთიერთობის შემდეგ ამაყად უთხარით მას Hello & Good-bye...


P.S. To be continued :) კრიზისი იმდენად ამომწურავი თემაა, რომ მას აუცილებლად დავუბრუნდებით... მთავარია ის არ დაგვიბრუნდეს ჩვენ:)