Tuesday, August 31, 2010

ედვარდ ბერნეისი – პიარის მამა




მეოცე საუკუნის ას ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის საპატიო ადგილი ეკავა ზიგმუნდ ფროიდის დის შვილს ედვარდ ბერნეისს, რომელმაც ჩამოაყალიბა საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) თეორია და პრაქტიკა და ხელი შეუწყო მის განვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ედვარდ ბერნეისი დაიბადა ვენაში 1891 წელს. მეოცე საუკუნის დასაწყისში იგი ამერიკაში გადასახლდა. მან თავისი საქმიანობა ჟურნალ–გაზეთებში სტატიების წერით დაიწყო. სულ მოკლე ხანში ბერნეისი ძალიან პოპულარული და გავლენიანი ადამიანი გახდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მან ჩამოაყალიბა ტექნოლოგიები, რომელსაც ეფექტურად იყენებდა თავის საქმიანობაში. ეს ტექნოლოგიები ეფუძნებოდა ფსიქოლოგიასა და სხვა სოციალურ მეცნიერებებს.

ბერნეისი ერთ-ერთი პირველი პიარ სპეციალისტი იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა პრეს-სააგენტო და დაიწყო პიარ თეორიის სწავლება, ასევე მან თავი დაიმკვიდრა, როგორც პიარ კონსულტანტმა.

ბერნეისის ერთ-ერთი წარმატებული საქმე რუსული ბალეტის ტურნეს ორგანიზება იყო ამერიკაში. იმდროისთვის ბალეტი არ იყო პოპულარული. ბერნეისმა შეძლო ჟურნალ–გაზეთებში ბალეტზე პოზიტიური სტატიების განთავსებით მისი პოპულარიზება და მაღალ ხელოვნებასთან ასოცირება. ედვარდის მიერ მომზადებულ ნიადაგზე, რუსული დასის შესახვედრად ნიუ-იორკში უამრავი ხალხი მივიდა და რამდენიმე დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მას დიდი გავლენა ჰქონდა ბიზნესის სფეროში, მისი კლიენტები იყვნენ: “პროქტერ ენდ გემბელი” (P&G) “ამერიკან ტობაკო კომპანი” (ATC)

“პროქტერ ენდ გემბელი” ცდილობდა საპნის გაყიდვების გაზრდას, ბერნეისმა აქცენტი ქალებსა და ბავშვებზე გააკეთა. მან ჩაატარა კვლევა და გაიგო, როგორი საპონი მოსწონდათ მათ, შემდეგ პუბლიკაციებით და რეკლამით შესთავაზა P&G–ს ისეთი პროდუქცია, როგორიც სჭირდებოდათ პოტენციურ მომხმარებლებს. ბავშვების შემთხვევაში მან სკოლის მოსწავლეებისთვის საპნის კონკურსი გამოაცხადა და საუკეთესო ნაშრომზე პრიზი დააწესა. მედიამ კი გაშუქებით ამ კამპანიას უფასო რეკლამა გაუწია.

ბერნეისმა ფსიქოლოგიის, კომუნიკაციების და მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება მეცნიერულად დახვეწა და საზოგადოებასთან ურთიერთობების თეორია ჩამოაყალიბა.

“ამერიკან ტობაკო კომპანი”-სა და ბერნეისის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც შემცირდა გაყიდვები სიგარეტ “ლაკი სტრაიკზე”, ბერნეისმა პიარ კომპანია ქალების სეგმენტზე გათვალა. იმ პერიოდში არც ისე ბევრი ქალი ეწეოდა სიგარეტს, ბერნეისი კარგად იცნობდა ფროიდის თეორიებს და იცოდა, რომ ქალებს მამაკაცებთან გათანასწორება და თავისუფლება სურდათ. მან სწორი გათვლა გააკეთა და სიგარეტის რეკლამირების დროს სწორედ ამ ორ მახასიათებელს გაუსვა ხაზი. შესაბამისად, სიგარეტ “ლაკი სტრაიკი”-ის გაყიდვები რამოდენიმეჯერ გაიზარდა.

ბერნეისის კლიენტი იყო ამერიკის პრეზიდენტი კალვინ კულიჯი, რომელსაც ნეგატიური რეპუტაცია ჰქონდა. ბერნეისმა მას თეთრ სახლში ჰოლივუდის ვარსკვლავები მიუწვია, რომლებთანაც ერთად პრეზიდენტმა ჰიმნი შეასრულა. მეორე დღეს მედია გაშუქება პრეზიდენტს ეძღვნებოდა, რამაც შეცვალა მისი იმიჯი დადებითისაკენ.

ბერნეისი იყო პიონერი პიარ ინდუსტრიაში. მან დაწერა წიგნები: “საზოგადოებრივი აზრის კრისტალიზაცია”, “პროპაგანდა”, “თანხმობის ინჟინერინგი და პიარი” ის 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერნეისი წერდა, რომ ის იყო გაკვირვებული როდესაც გაიგო, რომ ჰებელსი ინახავდა მის ჩანაწერებს თავის პერსონალურ ბიბლიოთეკაში.

ბერნეისი ამბობდა: “ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საზოგადოებაში მუშაობდეს ექიმი, რომელსაც არ გააჩნია ცოდნა და ლიცენზია, ასევე საჭიროა ლიცენზირების შექმნა პიარში, რომელიც დაიცავს საზოგადოებას არაკვალიფიციური პიარ სპეციალისტებისაგან.”

Monday, August 30, 2010

როგორ შეცვალა ინტერნეტმა კაცობრიობა


უყვართ მეცნიერებს ისეთი ტერმინების გამოგონება, რომლის საშუალებითაც შეიძლება ბევრ, ძალიან ბევრ რთულ შეკითხვას უცებ გასცე პასუხი. თანაც ისე, რომ ერთი მხრივ, ჭკვიანიც გამოჩნდე და მეორე მხრივ, ყოველი შემდეგი კითხვის შესაძლებლობა ერთიანად გააქრო. ასეთია, მაგალითად, ტერმინი „სინგულარობა“. აი, ფიზიკოსს რომ ჰკითხო, რა იყო სულ თავიდან, სულ სულ თავიდან, სანამ ჩვენი სამყარო გაჩნდებოდაო, გეტყვის, მარტივად და გაუგებრად – სინგულარობაო. რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ, ისეთი პროცესები ვითარდებოდა, რომ მათი აღწერა, აღრიცხვა, გაზომვა შეუძლებელია, ვინაიდან მაშინ არც დრო არსებობდა და არც სივრცე. ანუ ყველაფერი იმდენად სხვანაირი იყო, რომ ჩვენ ამას ვერც გავიაზრებთ და შესაბამისად, ვერც განვსაზღვრავთ. ასტროფიზიკოსები ამ ცნებას შავ ხვრელებში მიმდინარე პროცესების აღსაწერად იყენებენ, ისინი ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი საზღვარი, რომლის იქით უკვე სინგულარობა იწყებაო. ეს ერთგვარი უკან ვეღარ დაბრუნების ზღვარია. გადააბიჯებ მას და ვეღარ დაბრუნდები უკან, წინ კი დრო და სივრცე ისეთი კანონებით ვითარდება, რომლის ზღვარს მიღმა მდგომი დამკვირვებლის მიერ გააზრება და გამოთვლა შეუძლებელიაო.
კიდევ ამ ტერმინს ფუტუროლოგები იყენებენ ხოლმე. ისინი ამბობენ, აწ უკვე ახლო მომავალში, ტექნიკური პროგრესი შექმნის ისეთ მოწყობილობებს, რომელთაც თავად შეეძლებათ სრულყოფა და განვითარება. შესაბამისად, ეს მოწყობილობები იმდენად განვითარდებიან, რომ საგრძნობლად გაუსწრებენ თავისი შესაძლებლობებით ადამიანებს. ტექნოლოგიური სინგულარულობის თეორიის მომხრეები თვლიან, რომ თუკი შეიქმნება ადამიანის გონისგან განსხვავებული, მაღალტექნოლოგიური, ხელოვნური ინტელექტი, ცივილიზაციის მომავლის განსაზღვრა შეუძლებელი გახდება. ანუ ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ისეთი რაღაცები მოხდება, რომლის გააზრება ადამიანისთვის შეუძლებელია და შესაბამისად, მცდელობაც კი უაზრობაა. ადვილია არა ესე ერთი ხელის მოსმით ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. მაგრამ იქნებ ვდგავართ კიდეც კაცობრიობა იმ ზღვართან, რომლის გადაბიჯების შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია, და რომლის იქით მიმდინარე პროცესების განსაზღვრა ზღვარს მიღმა დარჩენილი ადამიანისათვის უბრალოდ შეუძლებელია, იქნებ მივადექით კიდეც სინგულარობას.

ციფრული ეპოქის აბორიგენები
ტერმინი ციფრული ეპოქის აბორიგენები (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის (Marc Prensky) ეკუთვნის. მან ეს ტერმინი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიყენა. ის უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებს აკვირდებოდა და ტერმინი ახალგაზრდების შედარებით ახალი ჯგუფის აღსანიშნად გამოიყენა. მისი თქმით, ეს შესიტყვება იმ ახალგაზრდებს ესადაგება, რომლებიც კომპიუტერული თამაშების, MP3 მუსიკალური საკრავების (MP3 player), ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი თაობისაგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. მათ არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლება დასჭირვებიათ, ვინაიდან როდესაც ისინი დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე ისედაც იდგა მათ სახლებში და ისინი კომპიუტერს თამაშ თამაშში დაეუფლნენ. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრი მოსახლეობა არიან.
უფროს თაობას კი თავის დროზე, კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია და საერთოდ, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს. ვინაიდან, მაშინ, როდესაც ისინი დაიბადნენ ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ამ დოზით, არ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ამ ეპოქის ემიგრანტები არიან. ემიგრანტების უმრავლესობა კი შეეგუა ახალ რეალობას, მაგრამ მაინც ძველი მოდელებით აზროვნებს. ციფრული ეპოქის ემიგრანტები ემეილებს პრინტერზე ბეჭდავენ და ქაღალდიდან კითხულობენ. მათ ურჩევნიათ კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი ქაღალდზე ჩაასწორონ და არა პირდაპირ ტექსტურ რედაქტორში. მას შემდეგ, რაც ემაილს აგზავნიან, ტელეფონით რეკავენ და ადრესატს ეკითხებიან, მიიღო თუ არა მან გზავნილი. მათ ურჩევნიათ ურთიერთობების ჩამოყალიბებისას ახალ პარტნიორებს უშუალოდ შეხვდნენ და ისე გაესაუბრონ, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აწყობილ ურთიერთობებს ბოლომდე არ ენდობიან.

როდესაც ემიგრანტები აბორიგენებს ასწავლიან
თავის ნაშრომში „ციფრული ეპოქის აბორიგენები“, ციფრული ეპოქის ემიგრანტები (Digital Natives, Digital Immigrants -- A New Way To Look At Ourselves and Our Kids) მარკ პრენსკის კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერის, ნეირობიოლოგის ბრიუს დ. პერის (Dr. Bruce D. Perry) სიტყვები მოყავს. „განსხვავებული სახის გამოცდილება ტვინის განსხვავებულ სტრუქტურებს ქმნის“ (Different kinds of experiences lead to different brain structures.). ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ციფრული ეპოქის აბორიგენები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ და უფრო მეტიც, სხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. და საერთოდ განსხვავებული ფსიქოტიპები არიან.
როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ პარადოქსული სიტუაცია იქმნება. აბა თავად წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ურთიერთობს. როგორ უნდა ასწავლოს მან თავის სტუდენტებს. და სწორედ აქედან იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები უბრალოდ გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით და ის ინფორმაცია მიაწოდონ, რომელიც მათთვის არის გასაგები, ხოლო ახალგაზრდა თაობა საერთოდ ვერ ხვდება რას სთხოვენ და რა უნდათ მისგან იმ ადამიანებს, ვისაც ამ თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.

ინტერნეტ ტროლები
საერთოდ ახალი ტექნოლოგიები და კერძოდ კი ინტერნეტი, უზარმაზარი სივრცეა ახალი ფსიქოტიპების გამოსავლენად. საქმე მხოლოდ აბორიგენებით და ემიგრანტებით არ შემოიფარგლება. ადამიანმა შექმნა ახალი ტექნოლოგიები და ახლა ახალი ტექნოლოგიები ქმნიან ახალ ადამიანებს. ამის საილუსტრაციოდ ინტერნეტ ტროლებიც გამოდგებიან. ინტერნეტ ტროლებს ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებენ ფორუმებზე, ბლოგებზე... საერთოდ ყველგან, სადაც ამის საშუალება არსებობს. გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაცა არ მოსწონდეს და თავის აზრს გამოხატავდეს, მაგრამ ინტერნეტ ტროლების მიერ დატოვებული კომენტარები იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ საერთოდ არ ტოვებს არანაირი დისკუსიისათვის ადგილს. ინტერნეტ ტროლები, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც სხვისი შეურაცხყოფით ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. ფსიქოლოგები გვირჩევენ არ მივცეთ ინტერნეტ ტროლებს საკვები, ანუ, არ ვუპასუხოთ მათ კომენტარებს. ამას არანაირი აზრი არა აქვს, ვინაიდან მათი განკურნება ინტერნეტის საშუალებით, შეუძლებელია.

P.S.
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მეტად საინტერესოა. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი - ბუნდოვანია. მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ყველაფერზე პასუხი არსებობს – სინგულარობა.

Monday, August 23, 2010

სოციალური მედია



ადამიანებს ტერმინებისადმი ერთგვარი, მოკრძალებული დამოკიდებულება გვაქვს. არადა, რა არის ტერმინი? უბრალოდ სიტყვა, ან შესიტყვება, რომელსაც რაიმე დარგის, ცნების ან სპეციალური საგნის აღსანიშნად ვიყენებთ. უფრო მეტიც, ტერმინებს უბრალო, ჩვენნაირი ადამიანები იგონებენ. მერე ამ მოგონილ ტერმინებს ვიმეორებთ ანუ ვამკვიდრებთ, მერე კი ჩვენი განათლებულობის სადემონსტრაციოდ ვიყენებთ.
კაცობრიობა ვითარდება, წინ მიდის, ტერმინების რაოდენობაც სულ მატულობს და მატულობს. ამიტომაც ამ სიმრავლეში ტერმინის უკან მდგარი ცნება სადღაც იკარგება და ხშირად მხოლოდ ტერმინიღა შეგრჩება ხოლმე ხელში. აი, თითქოს კი იცი რას უნდა ნიშნავდეს, აი ხვდები კიდეც, მაგრამ ვინმემ რომ გკითხოს ამიხსენიო, ვერ აუხსნი.
ასე მაგალითად, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის სიტყვა „მედიები“. იმდენად შევეჩვიეთ ამ ტერმინს, ვინმეს რომ ჰკითხო ამიხსენი რას ნიშნავსო, გაკვირვებული შემოგხედავს, როგორ, ნუთუ არ იციო. არადა, რომ ჩაეძიო, შეიძლება რიგიანად ვერც განმარტოს.
განმარტებით ლექსიკონს თუ დავესესხებით, სახელი „მედია“ მრავლობითი რიცხვია, „მედიუმის“ და შესაბამისად, ტერმინის „მედიები“ ხმარება არასწორია. ტერმინი ასე განისაზღვრება: ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის არხი, ან მოწყობილობა. შესაბამისად, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ყოველი მხრიდან მედიით ვართ გარშემორტყმულნი. წიგნი, ჟურნალი, მობილური ტელეფონი, საგზაო ნიშნებიც კი – ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, ინფორმაციაა შენახული და ყოველი მხრიდან ინფორმაცია მოგვეწოდება.
მაგალითად, ხელოვნებაში ტერმინი მედია ასე განისაზღვრება: მასალა რომელსაც იყენებს ხელოვანი თავისი ნამუშევრის შესაქმნელად. (ტილო, ქაღალდის ფურცელი, ფანქარი, საღებავი და ა.შ.)

ტრადიციული მედია
ტრადიციული მედია იმიტომ არის ტრადიციული, რომ უკვე დიდი ხანია რაც არსებობს, შესაბამისად, კარგადაცაა შესწავლილი - ტელევიზიის მუშაობაზე წარმოდგენა მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ყოველგვარი რეიტინგებისა და კვლევების გარეშე ვიცით, რომელი გადაცემაა პოპულარული და რომელი არა. ისიც მშვენივრად გვესმის, რომ თუკი რომელიღაც გადაცემა საღამოს რვა საათზე გადის, მისი ყურება მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ტელევიზიით მეორე დღეს არ გაიმეორეს. შესაბამისად, ისიც გვესმის, რომ ტრადიციულ მედიას სრული კონტროლი გააჩნდა დღის განრიგზე. თავად მედიის წარმომადგენლები განსაზღვრავდნენ რა უნდა გვანახონ და როდის, ტრადიციულ მედია საშუალებაში თითქმის არ არსებობდა უკუკავშირი, ის მაუწყებლობდა, მის მეორე მხარეს კი, მაყურებლები, მსმენელები ან კი სულაც მკითხველები იმყოფებოდნენ.
ოდესღაც მასმედია საერთოდ არ არსებობდა, პირველი მედია საშუალებები არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. მერე ისინი სრულფასოვან მედიად ჩამოყალიბდნენ. ისინი ფლობდნენ ინფორმაციას და თავადვე განსაზღვრავდნენ დღის განრიგს. კონკურენტებს მხოლოდ სხვა მედია საშუალებებში ხედავდნენ. სხვა მხრივ კი, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა.

სოციალური მედია
სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი მედია საშუალებაა, მაგალითად, ბლოგი, რომელზეც ინფორმაციის შენახვა ხდება და გადაცემა. ეს არის და ეს. თავად სიტყვა ბლოგი (blog) ასე განიმარტება: web log, ანუ ვებ ჩანაწერი. ბლოგი ერთგვარი ინტერნეტ გვერდია, რომელშიც მისი ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით განათავსებს ჩანაწერებს. ქართულენოვანი ბლოგებით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ამ ვებგვერდს მიმართოს - blogroll.ge - რომელზეც ქართული ბლოგების აგრეგატორია განთავსებული. აქ არის თავმოყრილი ქართული ბლოგები, აქვე შეიძლება უამრავ ქართულ ბლოგში ბოლოდროინდელი ჩანაწერების ნახვა, აქვეა ქართული ბლოგების რეიტინგებიც.
თუმცა სოციალური მედია მარტო ბლოგით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ინტერნეტ ტელეარხი შექმნას, რის შესახებაც მოისურვებს, იმის შესახებ იმაუწყებლოს. მაგალითად, ამ გოგონას, რომელსაც თავისი ტელე არხი აქვს გახსნილი უკვე 13,904,955 მნახველი ჰყავდა. აი ლინკიც: http://www.youtube.com/user/ijustine. ეს კი ქართული ანალოგია: http://www.youtube.com/user/SweetBelladoreGirl.
თავისთავად სოციალური ქსელებიც ნელ-ნელა თავის თავზე იღებენ იმ ფუნქციებს, რომელიც ადრე მხოლოდ ტრადიციულ მედიებს ჰქონდათ თავის თავზე აღებული. უამრავი ადამიანი დღესდღეობით ახალ ამბებს ფეისბუქიდან იღებს.

როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ ტრადიციული მედია საშუალებები
ბოლო დროს, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ჯერ ერთი, სოციალური მედია საკმაოდ განვითარდა, იმდენად, რომ ზოგიერთის თვალში ისინი ტრადიციულ მედია საშუალებებს გაუტოლდნენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ამერიკაში გამართულ ერთ-ერთ კომპიუტერულ ტექნიკის გამოფენაზე, ბლოგერებს ისევე შეეძლოთ მოეთხოვათ აკრედიტაცია, როგორც ამას ტრადიციული მედია საშუალებების ჟურნალისტები აკეთებენ და შემდგომში მათაც ისეთივე საშვები დაურიგეს, როგორც ჟურნალისტებს.
მეორე მხრივ, თავად ტრადიციულმა მედია საშუალებებმა დაიწყეს სოციალური მედიის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება. მაგალითად, რადიო თავისუფლების საიტზე, გარდა იმისა, რომ რადიოგადაცემების მოსმენა შეგიძლიათ, აქვე ნახავთ ამ რადიოსადგურის თანამშრომლების ბლოგებს. მსგავსი სიტუაციაა სხვა მედია საშუალებების ვებგვერდებზეც. უამრავ ქართულ ჟურნალს თუ სატელევიზიო გადაცემას ფეისბუქში თავის გვერდი აქვს განთავსებული. ზუსტად აქ მიმდინარეობს ხოლმე ცოცხალი დისკუსიები და ამგვარად ახერხებენ ტრადიციული მედია საშუალებები თავის აუდიტორიასთან ცოცხალი დიალოგი იქონიონ.

Monday, August 16, 2010

Facebook ანუ „პირწიგნაკი“



კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება ერთ ზღაპარს მაგონებს. ერთ ქალაქს ბოროტი გველეშაპი მართავდა. მერე, რა თქმა უნდა, კეთილი რაინდი გამოჩნდა და გველეშაპს შეებრძოლა. როგორც წესია და რიგი, რაინდმა გველეშაპი დაამარცხა. დაამარცხა და მისი ადგილი დაიკავა. უნდოდა ქალაქი სამართლიანად ემართა, მაგრამ ნელ-ნელა თავად გადაიქცა გველეშაპად. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ისტორიიდანაც უამრავი პარალელის მოძიებაა შესაძლებელი. არსებობენ უზარმაზარი მდიდარი კორპორაციები, რომლებიც კომპიუტერული პროგრამებისა და რესურსების ბაზარს მართავენ. მერე, რაიმე ახალი პროგრამა ან რესურსი ჩნდება, რომელიც, რომელიმე ნიჭიერი ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის დაუღალავი შრომის ნაყოფია. ამ კომპიუტერულ პროგრამას დიდი კორპორაციების მიერ შექმნილი პროდუქტების ალტერნატივად აღიქვამენ და მას ყველა სიხარულით ხვდება. შემდეგ ეს პროგრამა სულ უფრო პოპულარული ხდება, ძალას იკრეფს, მისი შემქმნელები სულ უფრო მდიდრდებიან და მერე ეს რესურსი იგივეს სჩადის, რასაც დიდი კორპორაციები აკეთებენ. ცდილობს არ მისცეს გასაქანი კონკურენტებს. მაქსიმალურად გაფართოვდეს და მთელი ბაზარი დაიკავოს. ასეთია კომპანია მაიკროსოფტი, ასეთია საძიებო სისტემა „გუგლი“, რომლის დევიზიც, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არის – „არ ავნო სხვას“. და ასეთია სოციალური ქსელი Facebook-იც.

ამ სოციალური ქსელის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს (Mark Elliot Zuckerberg) საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მას სურს, რომ მისმა რესურსმა, Facebook-მა მთელი ინტერნეტი შთანთქოს. მისთვის მიზანი სავსებით ნათელია. თუკი აქამდე ადამიანთა უმრავლესობა ინტერნეტში მოგზაურობას საძიებო სისტემა Googlе-ს მთავარი გვერდიდან იწყებს. მარკს სურს, რომ მომავალში ყველა ვინც კი ინტერნეტს მოიხმარს ეს Facebook-ის დახმარებით გააკეთოს.

„პირწიგნაკი“
თავიდან ყველაფერი უბრალოდ გართობას ჰგავდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Elliot Zuckerberg), 2004 წელს თავის მეგობრებთან ერთად ინტერნეტ გვერდი შექმნა. ამ გვერდის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ მეგობრების ფოტოები დაეთვალიერებინათ, ერთმანეთში შეტყობინებები გაეცვალათ. ახალ-ახალი ამხანაგები გაეჩინათ და მათ ფოტოებსა და ჩანაწერებზე კომენტარები დაეტოვებინათ. ერთი შეხედვით, ამ მარტივმა საიტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ცოტა ხანში მარკ ცუკერბერგი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აიკლეს თავიანთი წერილებით. ისინი სთხოვდნენ მას, რომ თავადაც ჰქონოდათ საშუალება ფეისბუქით ესარგებლათ. შემდეგ Facebook-ი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ხარჯზე ფართოვდებოდა. ხოლო 2006 წელს მასში დარეგისტრირების საშუალება ნებისმიერ 13 წელს გადაცილებულ ადამიანს მიეცა.
ბოლო მონაცემებით Facebook-ი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელია. მან უკვე დიდი ხანია გაუსწრო ერთ-ერთ თავის მსხვილ კონკურეტს Myspace-ს, რომელიც 2005 წელს მედია მაგნატმა, რუპერტ მერდოკმა 580 მილიონ დოლარად შეიძინა. დღეს Facebook-ს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ფეისბუქის ოფიციალურმა მოგებამ 2009 წელს 700 მილიონი დოლარი შეადგინა.

იცნობდეთ – მარკ ცუკერბერგი
ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი (Mark Elliot Zuckerberg) დღეს 26 წლისაა. ის ჯერ კიდევ 23 წლის იყო, როდესაც თავისი ქმნილების წყალობით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა.

რამდენიმე წლის წინათ, მარკ ცუკერბერგმა New York Times-ის გამომცემლისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, არტურ ზულცბერგერის კუთვნილი თვითმფრინავით იმგზავრა. მაშინ ფეისბუქის შემქმნელმა, თვითმფრინავზე ოცი წუთით დააგვიანა. მას სპორტული შორტები და „შლიოპანცები“ ეცვა. მგზავრობის განმავლობაში New York Times-ის გამომცემელი და მარკი მასმედიის მომავალზე საუბრობდნენ. მსგავსი განსხვავებული შეხედულებების მქონე ორი ადამიანის პოვნა, ალბათ, ძნელი იქნებოდა. მგზავრობის დასასრულს ერთ-ერთი ჟურნალისტი New York Times-ის გამომცემელს გაესაუბრა. გამომცემელმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ Facebook-ის დამფუძნებელი მართალია ჭკვიანია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა. და ყველაფერთან ერთად, ძალიან, ძალიან იღბლიანიც. მერე კი დაამატა, რომ ეს ახალი მოდული ინტერნეტ გართობები მალე გაივლისო. ამ საუბრიდან ერთი წლის შემდეგ New York Times-ის აქციებმა საგრძნობლად დაიკლო ფასში. ხოლო ფეისბუქის მოგებამ არანაკლებ საგრძნობლად მოიმატა.

ყველაფერი არც ისე მშვენივრად არის
ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს ახალ მედიებსა და სოციალურ ქსელებს. მიუხედავად ამისა, ბარაკ ობამამ ამირიკელ სკოლის მოსწავლეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ერთმა თინეიჯერმა პრეზიდენტს ჰკითხა - რა რჩევას მისცემდითო მას, ვისაც პრეზიდენტობა სურსო. რაზეც ბარაკ ობამამ უპასუხა:

„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“

„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, პრობლემები შექმნიათ.“

ამერიკის პრეზიდენტი პიროვნების კომპრომენტირებაზე საუბრობდა, მაგრამ ხანდახან საქმე კიდევ უფრო რთულად არის ხოლმე.

განგაშის ღილაკი
უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი Facebook-ში განგაშის ღილაკის განთავსებაზე. ერთ-ერთი ბოლო ისტორია, რომელმაც ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახადა, გაზაფხულზე მოხდა. მაშინ მანიაკმა, პიტერ ჩეპმენმა Facebook-ის საშუალებით 17 წლის ეშლი ჰოლი გაიცნო. პიტერ ჩეპმენმა თავი თინეიჯერად წარადგინა და გოგონას შეხვედრაზე შეუთანხმდა, შემდეგ კი გააუპატიურა და მოკლა.

როგორც ჩანს, პიტერ ჩეპმენი სანამ თავის მსხვერპლს იპოვიდა, სხვასაც გაუბა საუბარი, უბრალოდ, სხვები დროულად მიხვდნენ, რომ რაღაცაშია საქმე და აღარ განაგრძეს მანიაკთან ურთიერთობა. Facebook-ს განგაშის ღილაკი რომ ჰქონოდა, მაშინ ჩეპმენის მოსაუბრეები ამ ღილაკის საშუალებით შეატყობინებდნენ სხვა მომხმარებლებს, რომ უკეთესია ამ პიროვნებას მოერიდოთო. და თუკი ასეთი შეტყობინებები ბევრი იქნებოდა, მაშინ შეიძლება ამ საქმით პოლიციაც დროულად დაინტერესებულიყო.

ასეა თუ ისე, Facebook-მა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლის მიუხედავად, კვლავ უარი განაცხადა საგანგაშო ღილაკის განთავსებაზე. „ბავშვთა ექსპლუატაციისა და ინტერნეტ ძალადოობისგან დაცვის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ გემბელმა განაცხადა, რომ იგი შეხვდა Facebook-ის ხელმძღვანელობას ვაშინგტონში, თითქოს საუბარი სწორი მიმართულებით მიდიოდაო, მაგრამ საბოლოოდ, შედეგი მაინც მიუღწეველი დარჩა.

Monday, August 9, 2010

სად არის რეალობა?


ხშირად მსმენია, რომ ტექნიკურმა პროგრესმა, კერძოდ კი კომპიუტერებმა, ადამიანები მატერიალურ ღირებულებებზე ორიენტირებულ არსებებად აქცია, იმასაც ამბობენ, რაც უფრო წინ მიიწევს კაცობრიობა, მით უფრო შორდება თავის მიზნებსა და ოცნებებსო. მე კი მაგალითად, პირიქით ვფიქრობ კომპიუტერებმა ადამიანები თავიანთ ფიქრებსა და ოცნებებს ისე დაახლოვა, როგორც არასდროს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან რაც დრო გადის, სულ უფრო იშლება ზღვარი რეალურსა და გამოგონილს, რეალურსა და ვირტუალურს შორის. და თუკი ის ვირტუალური სამყარო, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ, არც ისე იდეალურია, ამაში ისევ ჩვენ, კაცობრიობა ვართ დამნაშავე. რადგან, როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები და ოცნებები არც ისე მოხდენილია, როგორადაც ვცდილობთ წარმოვაჩინოთ.

ვირტუალური მეგობრები
ადამიანები სულ უფრო მეტ და მეტ დროს ვატარებთ კომპიუტერთან. გასაგებია, რომ დღეს ბევრი რამის გაკეთება კომპიუტერის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ პარადოქსია, რომ კომპიუტერთან მუშაობით დაღლილი ადამიანი ხშირად თავისუფალ დროსაც ისევ კომპიუტერთან ატარებს.
კაცობრიობის ერთ-ერთმა ძირითადმა, სოციალურმა ინსტინქტმა ვირტუალურ სამყაროში ნახა გასაქანი. ამის ნათელი მაგალითი სოციალური ქსელების უსაზღვრო პოპულარობაა. სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ფოტოებსა და ახალ ამბებს ცვლიან, ზოგჯერ უბრალოდ უსაგნოდ საუბრობენ. უცნაურია, მაგრამ ჩემი ვირტუალური მეგობრების გარკვეულ ნაწილს, რეალურ ცხოვრებაში, არც კი ვიცნობ.

ვირტუალური სასაფლაო
ადამიანები რომ თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს არარსებულ, ვირტუალურ სამყაროში ატარებენ, ეს უკვე გასაგებია, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე სიკვდილის შემდეგაც ვირტუალურ სამყაროში ვპოვებთ საბოლოო განსასვენებელს. ამის პრეცედენტი სულ ცოტა ხნის წინ ჰონკონგში გაჩნდა. ქალაქის მერიამ ვირტუალური სასაფლაო შექმნა. ამიერიდან, გარდაცვლილთათვის საკადრისი პატივის მიგება ინტერნეტის საშუალებითაც გახდა შესაძლებელი.
ჩინური ტრადიციის შესაბამისად, გარდაცვლილ პიროვნებას ახლობლები პატივს ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მაინც მიაგებენ ხოლმე. იმის გამო, რომ ბევრი ჰონკონგელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ან სულაც უცხოეთში ცხოვრობს, ტრადიციების დაცვა სულ უფრო რთული ხდება. ამიტომაც გადაწყვიტა ჰონკონგის მთავრობამ, ეს უცნაური პროექტი განეხორციელებინა. ამიერიდან ჰონკონგელებს შეუძლიათ გარდაცვლილი ახლობლის ფოტოები და ვიდეო ინტერნეტსასაფლაოზე განათავსონ. სასაფლაოზე ასევე სამძიმრისა და ვირტუალური საჩუქრების დატოვებაც არის შესაძლებელი, მაგალითად, ყვავილების, სანთლების, ხილისა და სხვადასხვა კერძებისაც.
თავად ვირტუალური სასაფლაო კომპიუტერის მონიტორზე მწვანე მინდორივით გამოიყურება. ვირტუალურ სასაფლაოზე ადგილის მოსაპოვებლად რეგისტრაციაა საჭირო და დასაბუთება, რომ გარდაცვლილი პიროვნება მართლაც ჰონკონგში ცხოვრობდა.
როგორც სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, ვირტუალური სასაფლაოს შექმნა ქალაქს ერთი მილიონი ჰონკონგური დოლარი (130 ათასი ამერიკული დოლარი) დაუჯდა.

ვირტუალურ სამყაროში დაკარგულები
დროდადრო ინტერნეტში ახალი ამბების კითხვისას შემზარავ ისტორიებს წააწყდები ადამიანი. მაგალითად, სადღაც ჩინეთში, მოზარდი რამდენიმე დღე გადაბმულად თამაშობდა კომპიუტერთან და ამ პროცესში იმდენად ჩაერთო, რომ რეალობასთან კავშირი საერთოდ გაწყვიტა, სულ გადაავიწყდა ძილი და დასვენება, შესაბამისად, მისი ორგანიზმი გამოიფიტა და მოზარდი გარდაიცვალა.
ან კიდევ ახალგაზრდა წყვილი ინტერნეტში ვირტუალურ ბავშვს ზრდიდა და ამით ისე გაერთო, რომ თავიანთი რეალური, მცირეწლოვანი ბავშვი საერთოდ გადაავიწყდათ, რის გამოც ჩვილი გარდაიცვალაო.
შეიძლება ეს ისტორიები სულაც ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყოს. დღეს ინტერნეტში ხომ ვისაც უნდა და რასაც უნდა, იმას აქვეყნებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველა ხუმრობაში (ბოროტშიც კი) სიმართლის მარცვლები ურევია.

ახალი თაობა და ახალი რეალობა
პატარა რომ ვიყავი, არ მიყვარდა საშინელებათა ფილმების ყურება. დღეს რომ იმ ძველ ფილმებს ვუყურებ მეცინება იმდენად მიამიტურად გამოიყურება. მაშინ კი, ბავშვობაში, ყველაფერი მეტისმეტად რეალური იყო ჩემთვის. დღევანდელი ბავშვები არა მარტო ფილმებში უყურებენ არარსებულ არსებებს, არამედ კომპიუტერული თამაშების წყალობით მათთან უშუალო კონტაქტშიც არიან. კომპიუტერული თამაშები კი, რაც დრო გადის ,სულ უფრო და უფრო რეალისტური ხდება. ამგვარ გარემოში გაზრდილი ადამიანებისთვის, ალბათ, კიდევ უფრო პირობითი იქნება რეალურ და ვირტუალ სამყაროს შორის არსებული ზღვარი.