Monday, August 9, 2010

სად არის რეალობა?


ხშირად მსმენია, რომ ტექნიკურმა პროგრესმა, კერძოდ კი კომპიუტერებმა, ადამიანები მატერიალურ ღირებულებებზე ორიენტირებულ არსებებად აქცია, იმასაც ამბობენ, რაც უფრო წინ მიიწევს კაცობრიობა, მით უფრო შორდება თავის მიზნებსა და ოცნებებსო. მე კი მაგალითად, პირიქით ვფიქრობ კომპიუტერებმა ადამიანები თავიანთ ფიქრებსა და ოცნებებს ისე დაახლოვა, როგორც არასდროს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან რაც დრო გადის, სულ უფრო იშლება ზღვარი რეალურსა და გამოგონილს, რეალურსა და ვირტუალურს შორის. და თუკი ის ვირტუალური სამყარო, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ, არც ისე იდეალურია, ამაში ისევ ჩვენ, კაცობრიობა ვართ დამნაშავე. რადგან, როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები და ოცნებები არც ისე მოხდენილია, როგორადაც ვცდილობთ წარმოვაჩინოთ.

ვირტუალური მეგობრები
ადამიანები სულ უფრო მეტ და მეტ დროს ვატარებთ კომპიუტერთან. გასაგებია, რომ დღეს ბევრი რამის გაკეთება კომპიუტერის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ პარადოქსია, რომ კომპიუტერთან მუშაობით დაღლილი ადამიანი ხშირად თავისუფალ დროსაც ისევ კომპიუტერთან ატარებს.
კაცობრიობის ერთ-ერთმა ძირითადმა, სოციალურმა ინსტინქტმა ვირტუალურ სამყაროში ნახა გასაქანი. ამის ნათელი მაგალითი სოციალური ქსელების უსაზღვრო პოპულარობაა. სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ფოტოებსა და ახალ ამბებს ცვლიან, ზოგჯერ უბრალოდ უსაგნოდ საუბრობენ. უცნაურია, მაგრამ ჩემი ვირტუალური მეგობრების გარკვეულ ნაწილს, რეალურ ცხოვრებაში, არც კი ვიცნობ.

ვირტუალური სასაფლაო
ადამიანები რომ თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს არარსებულ, ვირტუალურ სამყაროში ატარებენ, ეს უკვე გასაგებია, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე სიკვდილის შემდეგაც ვირტუალურ სამყაროში ვპოვებთ საბოლოო განსასვენებელს. ამის პრეცედენტი სულ ცოტა ხნის წინ ჰონკონგში გაჩნდა. ქალაქის მერიამ ვირტუალური სასაფლაო შექმნა. ამიერიდან, გარდაცვლილთათვის საკადრისი პატივის მიგება ინტერნეტის საშუალებითაც გახდა შესაძლებელი.
ჩინური ტრადიციის შესაბამისად, გარდაცვლილ პიროვნებას ახლობლები პატივს ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მაინც მიაგებენ ხოლმე. იმის გამო, რომ ბევრი ჰონკონგელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ან სულაც უცხოეთში ცხოვრობს, ტრადიციების დაცვა სულ უფრო რთული ხდება. ამიტომაც გადაწყვიტა ჰონკონგის მთავრობამ, ეს უცნაური პროექტი განეხორციელებინა. ამიერიდან ჰონკონგელებს შეუძლიათ გარდაცვლილი ახლობლის ფოტოები და ვიდეო ინტერნეტსასაფლაოზე განათავსონ. სასაფლაოზე ასევე სამძიმრისა და ვირტუალური საჩუქრების დატოვებაც არის შესაძლებელი, მაგალითად, ყვავილების, სანთლების, ხილისა და სხვადასხვა კერძებისაც.
თავად ვირტუალური სასაფლაო კომპიუტერის მონიტორზე მწვანე მინდორივით გამოიყურება. ვირტუალურ სასაფლაოზე ადგილის მოსაპოვებლად რეგისტრაციაა საჭირო და დასაბუთება, რომ გარდაცვლილი პიროვნება მართლაც ჰონკონგში ცხოვრობდა.
როგორც სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, ვირტუალური სასაფლაოს შექმნა ქალაქს ერთი მილიონი ჰონკონგური დოლარი (130 ათასი ამერიკული დოლარი) დაუჯდა.

ვირტუალურ სამყაროში დაკარგულები
დროდადრო ინტერნეტში ახალი ამბების კითხვისას შემზარავ ისტორიებს წააწყდები ადამიანი. მაგალითად, სადღაც ჩინეთში, მოზარდი რამდენიმე დღე გადაბმულად თამაშობდა კომპიუტერთან და ამ პროცესში იმდენად ჩაერთო, რომ რეალობასთან კავშირი საერთოდ გაწყვიტა, სულ გადაავიწყდა ძილი და დასვენება, შესაბამისად, მისი ორგანიზმი გამოიფიტა და მოზარდი გარდაიცვალა.
ან კიდევ ახალგაზრდა წყვილი ინტერნეტში ვირტუალურ ბავშვს ზრდიდა და ამით ისე გაერთო, რომ თავიანთი რეალური, მცირეწლოვანი ბავშვი საერთოდ გადაავიწყდათ, რის გამოც ჩვილი გარდაიცვალაო.
შეიძლება ეს ისტორიები სულაც ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყოს. დღეს ინტერნეტში ხომ ვისაც უნდა და რასაც უნდა, იმას აქვეყნებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველა ხუმრობაში (ბოროტშიც კი) სიმართლის მარცვლები ურევია.

ახალი თაობა და ახალი რეალობა
პატარა რომ ვიყავი, არ მიყვარდა საშინელებათა ფილმების ყურება. დღეს რომ იმ ძველ ფილმებს ვუყურებ მეცინება იმდენად მიამიტურად გამოიყურება. მაშინ კი, ბავშვობაში, ყველაფერი მეტისმეტად რეალური იყო ჩემთვის. დღევანდელი ბავშვები არა მარტო ფილმებში უყურებენ არარსებულ არსებებს, არამედ კომპიუტერული თამაშების წყალობით მათთან უშუალო კონტაქტშიც არიან. კომპიუტერული თამაშები კი, რაც დრო გადის ,სულ უფრო და უფრო რეალისტური ხდება. ამგვარ გარემოში გაზრდილი ადამიანებისთვის, ალბათ, კიდევ უფრო პირობითი იქნება რეალურ და ვირტუალ სამყაროს შორის არსებული ზღვარი.

6 comments:

  1. ვირტუალური სასაფლაო.
    აი სად დაგვერხაა:)

    ReplyDelete
  2. komputerizacia da globalizacia kargad momcipebuli realobaa sakartvelos, evropis da "okros miliardis" bevri mosaxlistvis. zalze saintereso da socialurad sasargeblo temaa - komunikaciis uaxlesi da urtulesi teknologiebis gamokeneba siketis dasamravleblad da pacacina planetis komportulad mosackobad. Sandros gamopenebi, cignebi, sazogadoebrivi mogvaceoba - brckinvale magalitia sashuro adamianuri mtlianobisa da daugalavi miscrapebisa positiuri realobis gansamtkiceblad. virtualuri samkaro dasabamidanve usasrulo da arachveulebrivad nairperovania. komputerizacia (web-2, web-3)savsebit kanonzomierad daachkarebs, gaagrmavebs, gaapartovebs kacobriobis mzardi ricxvis elementarul da gaumjobesebul akademiur da emociur ganatlebas - xshirad unebliet, magram rogorc cesi shegnebulad da gegmazomierad...

    ReplyDelete
  3. realuris da virtualuris tanaarseboba, cidili, urtiertgavlena da zemokmedeba adamianis cnobierebis ganvitarebis sacindari da organiuli sapuzvelia. mati dinamiuri conascoroba, ganuckveteli procesia, romelic savsea usasrulo paradoksebita da siurprizebit - saocari bevrjer gamxadara da kvlavac dagvexateba normad an mozvelebul, mobezrebul sagnad an movlenad...

    ReplyDelete
  4. ადამიანი თავის რეალობად იმას აქცევს, სადაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. შესაბამისად, ზოგი ინტერნეტში ცხოვრდება, ზოგი სიზმრებში, ზოგი ფილმებძი და ზოგი თამაშებში...
    ინტერნეტი ზუს ტად იმიტომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გაძლევს საშუალებას შენი საკუთარი მიკროსამყარო შენ თვითონ შექმნა...

    და კიდე, ზომიერება ნებისმიერ შემთხვევაში კარგი რამეა, იშვიათად გამოყენებადი რომ არ იყოს.

    ReplyDelete
  5. მადლობთ ყველას კომენტარებისათვის

    :) ადამიანს გონია რომ რაღაც ახალს, არნახულს ქმნის. მაგრამ სინამდვილეში ისევ ავისი თავის ირგვლივ ტრიალებს. ვინაიდან ადამიანი უბრალოდ ადამიანია :)

    ReplyDelete
  6. , სადღაც ჩინეთში, მოზარდი რამდენიმე დღე გადაბმულად თამაშობდა კომპიუტერთან და ამ პროცესში იმდენად ჩაერთო, რომ რეალობასთან კავშირი საერთოდ გაწყვიტა, სულ გადაავიწყდა ძილი და დასვენება, შესაბამისად, მისი ორგანიზმი გამოიფიტა და მოზარდი გარდაიცვალა.

    da mshoblebi sad ikvnen neta am dros?
    ers amravlebdnen? :d

    ReplyDelete