Tuesday, April 3, 2012

19 წლიანი გამოცდილება - წინ ქართული პიარ პროფესიული გაერთიანებებისკენ

როდესაც პიარ პროფესიული ორგანიზაციების თემაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, მინდა გითხრათ, რომ ამ თემის წერის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თემატიკაა, რომელზეც ბევრი დამიწერია, მიფიქრია და რაც მთავარია კონკრეტული პროექტები გამიკეთებია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ბევრი ვიფიქრე ამ თემის სტრუქტურაზე და სტილზე, მის მოცულობაზე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ ამ თემაზე საუბრისას, გვერდს ვერ აუვლიდი ქართული პიარ პრაქტიკის მოკლე ექსკურს.

იმისთვის, რომ შევაფასოთ პიარ პრაქტიკის განვითარების დონე რომელიმე ქვეყანაში, ერთ-ერთი კრიტერიუმად შეიძლება გამოვიყენოთ იმის დადგენა, თუ არსებობს ამ კონკრეტულ ქვეყანაში რაიმე ტიპის პროფესიული, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს, როგორც მისი წევრების პროფესიულ ზრდაზე, ასევე პიარ სტანდარტების დანერგვაზე და ზოგადად დარგის განვითარებაზე. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? 2012 წლამდე რომ ეს კითხვა ვინმეს დაესვა, ვიტყოდი, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, რადგან იმ პერიოდში ქვეყანაში არ არსებობდა მოქმედი რაიმე ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია. მაგრამ სურათი შეიცვალა 2012 წლის მარტის თვეში, როდესაც საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა პიარ კლუბი, პირველი ასეთი მასშტაბური პიარ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსების წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გილდიაა. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

რამდენი წელი მოუნდა საქართველო ამ გზის გავლას? მინიმუმ 19 წელი, რადგან საქართველოში საზოგადოებრივი ურთიერთობების სახელის და მისი არსის შემოტანა 1993 წელს უკავშირდება, როდესაც ფუძნდება თბილისის საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრი, რომელიც 1998 წელს საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტად გადაკეთდა. 1994 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ – ტექნიკური ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრაზე ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა, რომელმაც საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი სპეციალისტები ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხით 2001 წელს გამოუშვა. მოგვიანებით, ანალოგიური სპეციალობის ორსაფეხურიანი სწავლება იწყება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში. საუნივერსიტეტო სწავლების კვალდაკვალ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი მაგისტრანტები 2001 წელს, საქართველოში იწყებენ საზოგადოებრივი ურთიერთობების 6 თვიანი საპილოტო კურსის განხორციელებას უმაღლეს სასწავლებელ კავკასიის აკადემიურ ცენტრთან, ხოლო მოგვიანებით სხვადასხვა სასწავლო-ტრეინინგ ცენტრები და პროფილური დარგობრივი სკოლები რეგულარულად სთავაზობენ სხვადასხვა მოკლევადიან ტრენინგებსა და სასერთიფიკატო პროგრამებს საზოგადოებასთან ურთეირთობებში და მომიჯნავე დისციპლინებში. საზოგადოებრივი ურთიერთობების საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების პარალელურად ყალიბდება პირველი სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციაბი, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალგაზრდული ასოციაცია 1999 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა პიარ სპეციალისტების დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო და პიარ სტუდენტების ევროპული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი 2004 წელს. ეს უკანასკნელი ევროპული პიარ გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა იყო საქართველოდან ათეულობით პიარ სტუდენტისთვის. ამას გარდა, ამ ორგანიზაციას ეკუთვნის საქართველოში, პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი ურთიერთობების და საკომუნიკაციო მეცნიერებების რესურს ცენტრის დაარსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევდა სტუდენტებს სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისთვის, ცოდნის გაზიარებისა და საკმაოდ დიდი დარგობრივი წიგნის ფონდის გამოყენებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ ორივე ორგანიზაციის იდეა დაიბადა და განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობის სხვადასხვა თაობაში. საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების და სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობის პარალელურად, 2003 წელს იქმნება პირველი ქართულენოვანი საინფორმაციო – საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა “პიარ მეგზური”, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას ინტერნეტ მისამართზე www.prguide.ge.

საქართველოში პიარ სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ 2005 წელი, როდესაც საინიციატივო ჯგუფის რამოდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ჩატარდა პირველი პიარ ონლაინ კონფერენცია, სადაც მოქმდი პიარ პრაქტიკოსების მიერ რამოდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა იმ პერიოდში დარგში არსებული პრობლემური საკითხები. ამ ონლაინ კონფერენციის შედეგად ჩამოყალიბდა პიარ ონლაინ კლუბი, სადაც მუდმივად მიმდინარეობდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. სწორედ, პიარ ონლაინ კლუბის აქტიური წევრები ერთ მშვენიერ დღეს მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელი იყო პიარის, როგორც ახალი საკომუნიკაციო პროფესიის გაცნობა საზოგადოებისთვის და ამავე დროს, ყველა ამ დარგში მომუშავე პროფესიონალის დაახლოვება და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. გადაწყდა ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება პრაქტიკოსებს შორის, რომლის საბოლოო მიზანი, ამ დარგის განვითარება იქნებოდა. ამ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი “PR - დღეების” რეგულარული აღნიშვნა იყო საქართველოში. შედეგმაც არ დააყოვნა და 2006 წლის 24-25 ივნისს, თბილისმა პირველად უმასპინძლა “PR - დღეებს”, რომლის ჩატარების მიზანი პიარის, როგორც ახალი პროფესიისა და პრაქტიკის პოპულარიზება იყო. “PR დღეების” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელებმა.

“PR - დღეები” საქართველოში პირველი სტუდენტური პიარ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვებითა და საქართველოში პიარ სწავლების 10 წლის იუბილეს აღინიშვნით დაიწყო, რომლის მასპინძელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო. “PR - დღეები” გაგრძელდა სხვადასხვა პიარ პროფესიული ვებ.რესურსების და პირველი ქართულენოვანი პიარ სამაგიდო ენციკლოპედიის გამოცემის პრეზენტაციებით. ამავე კვირეულის ფარგლებში მოეწყო 2005 წლის პიარ პერსონის, პიარ პროექტის და ამ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეს იყო ყველაზე მასშტაბური პიარ პროფესიუნალების პირველი შეკრება ამ პერიოდისთვის. ამ დროსვე გაცხადდა საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნაციონალური ასოციაციის, როგორც პიარ პრაქტიკოსების პროფესიული ერთობის შექმნის იდეა, რაც “PR - დღეების” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მონაწილეთა ხელმოწერებით დაფიქსირდა. მიუხედავად ასეთი მდიდარი გამოცდილებისა და დეკლარილებული გადაწყვეტილებისა, 2006 დან 2012 წლამდე, არათუ ნაციონალური პიარ ასოციაცია, არამედ არანაირი პიარ პროფესიული ორგანიზაცია არ ჩამოყალიბებულა საქართველოში. მიუხედავად ამისა, პიარ პრაქტიკა მაინც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა საჭიროა მსგავსი ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაციის ან ორგანიზაციების არსებობა თუ პრაქტიკა ისედაც ვითარდებაო? ფაქტია, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს ერთი ან რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია, პიარი, როგორც პრაქტიკა და პროფესია უფრო განვითარებულია, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც არანაირი მსგავსი, თუნდაც არაფორმალური პროფესიული გაერთიანება არ არსებობს. ასეთი ტიპის გაერთიანებები, შეიძლება დარგის განვითარების ერთგვარ ინდიკატორადაც გამოვიყენოთ და ზუსტად ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება მხოლოდ მისასალმებელია. ის სფეროს განვითარების ერთგვარ სტიმულს იძლევა.

და მაინც, რას საქმიანობენ წევრობაზე დაფუძნებული დარგობრივი პიარ პროფესიული ორგანიზაციები? მაგალითად ამერიკის პიარ საზოგადოება, ეს არის აშშ-ს უდიდესი პიარ პროფესიონალების გაერთიანება, რომელიც 21,000 წევრს ითვლის და მათ სხვადასხვა პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის ტრენინგებს, კონფერენციებში მონაწილეობას და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებს. ასევე წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს. თუმცა, ეს ორგანიზაცია გარდა წევრების პროფესიული განვითარებისა, მუშაობს დარგისათვის სტანდარტების ჩამოყალიბებაზე და პროფესიული პიარ ეთიკის კოდექსის შექმნასა და ყველა წევრის მიერ მის განუხრელ დაცვაზე. და როდის დაფუძნდა ეს ორგანიზაცია? 1947 წელს! ანუ, აგერ უკვე 65 წელზე მეტია, რაც ეს ორგანიზაცია გვევლინება პიარ დარგის განვითარების ფლაგმანი, რომელიც უამრავი სხვადასხვა მომსახურებებითა და პროგრამებით მთლიანოაბში ხელს უწყობს პიარის, როგორც პრაქტიკისა და თეორიის განვითარებას აშშ-ში. თუმცა, გარდა ამ ორგანიზაციისა, სხვა უამრავი პიარ პროფესიული ორგანიზაციაა აშშ-ში წარმოდგენილი. ამიტომაცაა, რომ დღეს პიარ საქმიანობა და პროფესია ყველაზე დაფასებული და სწრაფად განვითარებადი ამ ქვეყანაშია. გარდა აშშ-სა, ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის ნაციონალური, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთიანებები, მაგრამ არიან სხვა ტიპის, კლუბური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტიპის ორგანიზაციებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ პიარ სტანდარტების და ეთიკური ქცევის კოდექსების ჩამოყალიბებას, დანერგვას და მათ დაცვას. საქართველოში მსგავსი ტიპის ორგანიზაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ პიარ საქმიანობაში ეთიკური ქცევის ნორმების და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, პიარ პრაქტიკოსების დაოსტატებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას. ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება 2012 წლის მარტის თვეში იმედის მომცემია, რადგან მისი საქმიანობით, პიარ პრაქტიკა განვითარების სხვა ეტაპზე გადავა. ამასთანავე ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა უფრო სპეციალიზირებული პიარ პროფესიული ორგანიზაციების შექმნა, მათ შორის კი უმნიშნელოვანესი იქნება ქართული, ნაციონალური პიარ ასოციაციის დაფუძნება. დრო ცოტაა, არადა დარგის განვითარებას ახალი ენერგია და მიდგომები სჭირდება. ჩვენ ისედაც 19 წელია პასიურ რეჟიმში ვართ!

3 comments:

  1. ძალიან კარგი პოსტია, ეს არის პიარის ისტორია, რომელიც ეხლა გრძელდება და მეამაყება, რომ ვიყავი ჯერ პიარის სტუდენტური ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ახლა პიარ კლუბის საბჭოს წევრი, დიდი იმედი მაქვს პიარის სფერო განვითარდება ჩვენთან ერთად, ბერდია მადლობა შენ, ყოველთვის ზრუნავ პიარზე არა მარტო სიტყვით არამედ საქმით.

    ReplyDelete
  2. Lado MkervalishviliApril 6, 2012 at 12:01 PM

    ბერდი, კარგი პოსტია. ნამდვილად აუცილებელია დროდადრო მოხდეს შეხსენებაც და შეფხიზლებაც ხალხის,თორემ საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობებში ვიკარგებით და დარგის განვითარებისთვის არაფერს ვაკეთებთ.შენ ყოჩაღი ხარ და რაც მთავარია პროფესიის ერთგული. მადობა.

    ReplyDelete
  3. მეც ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ქართული PR–ის განვითარებაში. თუმცა ჯერ მხოლოდ ვიწყებ. ძალიან მომეწონა პოსტი, ქართველ PR სპეციალისტებს ნამდვილად "გამოფხიზლება" სჭირდებათ.

    ReplyDelete