კრიზისის დროს პოზიცია ყოველთვის იყოფა ორად. შეიძლება ვუწოდოთ
ა) სამართლებრივი და
ბ) სამართლიანი. პირველს, როგორც წესი, ორგანიზაციასა თუ კომპანიაში იურისტები ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ არაფერი უნდა გაცხადდეს, ვიდრე საფუძვლიანად არ გამოიძიებენ ინციდენტს და არ დაადგენენ მისი წარმოქმნის მიზეზსა და უშუალო დამნაშავეს. მეორე პოზიცია - სამართლიანი, ორგანიზაციაში სწორედ ფიარ სპეციალისტს უკავია და იგი არცთუ უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები კომპანიის ირგვლივ.
იურისტების პოზიცია ძალიან ჰგავს შემთხვევას, როცა "ცხელ ხაზზე" რეკავ და გამუდმებით გპასუხობს ავტომოპასუხე, გთხოვს შეტყობინების დატოვებას და გპირდება უკან გადმორეკვას... ასეთი რამ წარმოუდგენელია კრიზისის დროს. საზოგადოების მოთხოვნა - იცოდეს ყოველივე On-line რეჟიმში, არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. მით უმეტეს, მაშინ როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან; როდესაც საზოგადოება წარმოადგენს კომპანიის სამიზნე აუდიტორიას და ამავე კომპანიის შემოსავლების წყაროს. შესაბამისად, იმას ვერ ვიტყვით, რომ იურისტების პოზიცია 100% მცდარია, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ფიარ კონსულტანტი არსებულ ვითარებას და მოსალოდნელ შედეგებს უფრო რეალისტურად აფასებს.
მაგალითად, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა ავარია. ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომლის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაზარალდა, შესაძლოა იყოს მსხვერპლიც. ხელმძღვანელობა აყოვნებს მედიისთვის ავარიის ოფიციალური ვერსიის მიწოდებას და ეს გასაგებიც არის, რადგან წინასწარმეტყველებასა და მკითხაობას სჯობს გამოძიებაზე დაყრდნობილი და ფაქტებით გაჯერებული ვერსიის გაჟღერება. ამასობაში კომპანიის იურისტის რჩევით ხელმძღვანელობა მიმართავს ე.წ. პასიურ უკიდურესობას - იგი არაფერს ამბობს, ელის მოვლენათა განვითარებას და ფაქტობრივად იზოლაციაში იქცევს თავს.
თქვენი, როგორც ფიარ კონსულტანტის მოვალეობაა დაარწმუნოთ ხელმძღვანელობა ჩაიგდოს ინიციატივა ხელში და თავად მართოს სიტუაცია რა დონეზეც ეს შესაძლებელია (არ შეუწყოს ხელი სოციალიზირებულ მოსაზრებას. მიაწოდოს მედიას საკუთარი ვერსია (იმის ხაზგასმით, რომ წინასწარი მონაცემებით ასეთი ვითარებაა, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს) და მაშინ აუდიტორია იგნორირებას გაუწევს თავის სუბიექტურ დამოკიდებულებას, შეგრძნებასაც კი). თეორეტიკოსები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა პასიური უკიდურესობის საპირწონედ ხელმძღვანელობამ მიმართოს აქტიურ უკიდურესობას, ესე იგი, უარყოს ყველაფერი ან/და გადააბრალოს და პასუხისმგებლობა დააკისროს მეორე მხარეს. არც ეს არის გამოსავალი, ამიტომაც უწოდებენ ორთავეს უკიდურესობას :) არასოდეს ჩაიგდოთ თავი "მოპასუხე" მდგომარეობაში; არასოდეს იმართლოთ თავი, ვიდრე ბრალეულობა არ დაგიმტკიცდათ. სამაგიეროდ შეგიძლიათ ზემოხსენებული ავარიის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს ან მათ ოჯახებს გამოუცხადოთ მორალური მხარდაჭერა და გაუწიოთ ფინანსური დახმარება... ამ ჟესტით თქვენ არ იზარალებთ. ხარჯზე ნუ იფიქრებთ, იფიქრეთ იმ დივიდენდებზე, რომელსაც მოუტანს თქვენი პასუხისმგებლობა კომპანიას. საზოგადოებაში თქვენი იმიჯი და თქვენი კომპანიისადმი ნდობა ამაღლდება, რადგან თქვენი ჟესტი იქნება ყველაზე მჭერმეტყველი - "მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მხოლოდ იწყება და ჯერ არ არის ცნობილი ავარიის მიზეზი, ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ჩვენს თანამშრომლებს, მათ ოჯახებს..."
ასეთი მაგალითი უამრავია. მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს მოუწიათ კრიზისის პირობებში არჩევანის ზღვარზე ყოფნა და გარდატეხის პერიოდში გადაუდგამთ ნაბიჯი, რომელმაც განსაზღვრა მათი მომავალი. თქვენ შეიძლება არ წარმოადგენთ რომელიმე ბრენდს, მსხვილ კომპანიას, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა აუცილებლად უნდა იფიქროთ გლობალურად და იმოქმედოთ ლოკალურად... იფიქროთ თქვენს რეპუტაციაზე, იმიჯზე, რომელის სცდება გეოგრაფიულ არეალს და იმოქმედოთ ლოკალურად, რათა თქვენს სამიზნე საზოგადოებას (თუ გნებავთ - აუდიტორიას) არ გაუჩნდეს თქვენსადმი მტრული განწყობა და უნდობლობა...
P.S. მოუსმინეთ კომპანიის ხელმძღვანელს. გახსოვდეთ, თქვენ მხოლოდ მას ექვემდებარებით და არა იურისტს ან მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს. მოისმინეთ მათი აზრი, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ მართალი ხართ თქვენ და არა ისინი :):) ამაში კი, მერწმუნეთ, გამოცდილება დაგარწმუნებთ.
ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ბლოგისთვის. მეც პიარ მენეჯერი ვარ და ვიმედოვნებ რომ ჩემთვის ძალიან ბევრ საინტერესო და ახალ ინფორმაციას მივიღებ. ვისურვებდი, რომ თქვენი ბლოგი უფრო ხშირად განახლდეს და საუბარი არ იყოს მხოლოდ საარჩევნო პიარზე, თუმცა ყველა სტატია ძალიან საინტრესოდ მიმაჩნია. დიდი მადლობა
ReplyDelete