ეს ბლოგი ეძღვნება ყველას ვინც დაინტერესებულია სტრატეგიული კომუნიკაციებით, პიარ პრაქტიკითა და თეორიით, მარკეტინგული და ინტერაქტიული კომუნიკაციებით, ახალი მედიითა და სოციალური ქსელებით. ეს ბლოგი ამ ყველაფერს ერთ ”ჭერქვეშ” აერთიანებს.
Saturday, October 17, 2009
Vote For... What For???
დაპირებისამებრ, კრიზისს ვუბრუნდები :) და საერთოდ, როგორ შეიძლება ამ თემას არ დაუბრუნდე, არ განავრცო, როდესაც საქართველოში ცხოვრობ, რომელშიც კრიზისი ისეთივე ხშირია, როგორიც ტორნადო შტატებში. შტატებში ტორნადოს შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიდის და საზოგადოება ადგილობრივი ხელისუფლების ქმედუნარიანობასა და პასუხისმგებლობას ხედავს, ჩვენთან კი პოსტკრიზისული პერიოდი უფრო "კრიტიკულ დღეებს" ჰგავს...
ქართულ ანტიკრიზისულ თუ კრიზისულ და, მით უმეტეს, პოსტ-კრიზისულ ფიარზე საუბარი მიჭირს. როგორ შეიძლება ისაუბრო არარსებულ ფენომენზე. ასეთი პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით მაშინ გიჩნდება, როდესაც სახელისუფლებო თუ ოპოზიციური სტრუქტურების ფიარის განხილვას იწყებ. ასეთ შემთხვევაში ანტიკრიზისული ფიარი საერთოდ განყენებული და ამორფული ცნებაა. რაღაცას მოიმოქმედებენ ხოლმე, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის გარეშე, მთელს საზოგადოებას ვითომდა ზომიერად "აჭმევენ" სახელდახელოდ მომზადებულ გეგმას და ჩაუვარდებათ ხოლმე კოვზი ნაცარში. იწყებენ ამ ნაცრის ქექვას და ამ პროცესს უწოდებენ კრიზისულ ფიარს. არაფერი გამოუვათ და იმ ავადსახსენებელ კოვზს კიდევ ტონა ნაცარს მიაყრიან ზემოდან, ოღონდაც კაციშვილს არ გაახსენდეს მისი არსებობა... ეს უკანასკნელი, ალბათ, პოსტკრიზისულ აქტივობათა ნუსხაში უნდა შევიყვანოთ... ამის შემდეგ რწმუნდები - ღარიბია ქართული ფიარი და მისი ინსტრუმენტალური არსენალი. ღ ა რ ი ბ ი ა!
მუხლმოდრეკილი გემუდარებით, ფიარსა და პროპაგანდას ნუ ავურევთ. ჯანდაცვის, ჯარის და განათლების რეფორმა იყო კარგად გამართული პროპაგანდა. მას არ ქონია მნიშვნელოვანი უკუკავშირი და თუ ასეთი ოდეზღაც მართლაც არსებობდა ამ რეფორმების ინიციატორის და უშუალო აღმასრულებლის მხარდასაჭერად, კარგა ხანია თავადვე გააბათილეს მწვავე კომენტარებით (თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა "ყველაზე წარმატებული რეფორმები" თავდაცვისა და განათლების სფეროში).
ახლახან ერთ-ერთ ორგანიზაციაში ჩემი ერთ-ერთი კოლეგა მიიწვიეს "სასაუბროთ". ისაუბრეს ბევრი... არაფერზე და ძალიან ცოტა საქმეზე. ასე შევაფასებდი ნებისმიერ შეხვედრას, რომელზეც მიზანსა და ამოცანებს ერთმანეთში ურევენ და, ამასთან, მიზნად ისახავენ "ყველა ქართველი ამომრჩევლის ხმის მოპოვებას...". ელექტორატი, მით უმეტეს, ნეიტრალური ამომრჩეველი მერყევი ჯგუფია და მასზე მუშაობა ყველაზე პროდუქტიულია. თუმცა აქ საუბარი თურმე იყო ყველა სეგმენტის მოცვაზე და მათზე ზემოქმედებაზე. გასაგები ენით რომ განვმარტოთ - დამკვეთს სურდა ყველა მომხმარებელზე გათვლილი პროდუქტის შექმნა და ლამაზად შეფუთვა... ისეთ აუცილებელ პროდუქტებს შორისაც კი, როგორიც არის ტუალეტის ქაღალდი და სხვა მრავალი, არსებობს და იარსებებს კონკურენცია, ვიდრე არსებობს მომხმარებლის პრეფერენცია. ამ შემთხვევაში კი საკმაოდ ამბიციურად ჟღერდა მოთხოვნა - "გაგვეპიარა" პირი, რომელის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და, ამასთან, ხალხისთვის ის არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და აუცილებელ პროდუქტს.
საკუთარ მაგალითზე რომ განვიხილო ასეთი მიდგომის ავ-კარგიანობა, პირდაპირ გეტყვით - რაც არ უნდა მიქადაქოს ვლადიმერ პუტინმა "ქართველები გვიყვარს და იმიტომ გბომბავთ, რომ დიქტატურისაგან განიწმინდოს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაო", მაინც ვერ დამარწმუნებს ძველი რუსული სიბრძნის Бьёт, значит любит სიმართლეში. ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ პრინციპით მოქმედებენ და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ საზოგადოება; შემდეგ ორთავე იმას უმტკიცებს, რომ ცვლილებები მტკივნეული პროცესია და არ არსებობს ცალსახად კმაყოფილი საზოგადოება.
ვინმემ რომ არ დამადანაშაულოს პოლიტიკურ ანგაჟირებაში (მხილებით ვერ მამხელენ და ამრიგად მშვიდად ვგრძნობ თავს:) ), ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის „გაერთიანებულ“ კრიტიკას წარმოგიდგენთ და ვეცდები ხაზი გავუსვა ფიარის თვალსაზრისით დაშვებულ შეცდომებს (პრინციპში, ამხელა ფილარმონია თემა იმისათვის ამ წამომიწევია, რომ ვიღაცა ვაკრიტიკო, მაგრამ თავის დროზე ოქტომბრელიც ვიყავი, პიონერებშიც ჩამრიცხეს და ფიციც დამადებინეს, რომ „ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი“ :))) ჩემი ნათელი წარსული მაშინ მახსენდება, როდესაც საბჭოთა პროპაგანდაზე ჯიუტად მეუბნებიან - ფიარიაო:)
დღეს ქვეყანაში კრიზისია. ნუ, მათ შორის, ეკონომიკაშიც. კააარგი. ეს გავიგეთ, ახლა თვალი მივადევნოთ როგორ ჩავაყენეთ ქვეყანა ამ უხერხულ მდგომარეობაში, პოზასა თუ პოზიციაში. ძალიან მარტივად - საზოგადოებაზე დაყრდნობით და მისი უგულებელყოფით. პარადოქსია? არა, ჩემო კარგო, კანონზომიერებაა და ჩემი ერთ-ერთი წინა წერილის ამონარიდი რომ მოვიშველიო ვიტყვი, რომ კრიზისი კანონზომიერი მოვლენაა, როდესაც „კანდიდატს ჭირდება თქვენი ხმა, მაგრამ არ აინტერესებს თქვენი აზრი“! Oops! We did it again! :) და ასე იმეორებს ამ სიტყვებს ყველა ახალ არჩევნებზე ცალკე ამომრჩეველი და ცალკე კანდიდატი.
არადა, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა „საზოგადოების აზრის ზეწოლა ატმოსფერული ზეწოლის ტოლფასიაო“. ესე იგი, საზოგადოებრივ აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და დავიმახსოვროთ, რომ რა ზემოქმედებასაც მოვახდენთ „ატმოსფეროზე“, დროთა განმავლობაში შეიძლება ლოკალური კატაკლიზმებით მოგვიტრიალდეს. კრიზისია ჩვენს სამყაროში. ეს სამყარო ძალიან მაგარმა „ფიარშიკებმა“ შექმნეს თავისი სიტყვის ძალით. ხო, დაახლოებით ასე იყო. თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო „კონფლიქტოგენი“ (სიტყვა ან ქმედება, რომელიც ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას). კონფლიქტი წარმოიქმნება ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოების შედეგად (ასეთი 2 მხარე სახეზეა - ხელისუფლება და ოპოზიცია). თუმცა ამ პროცესს წინ უძღვის საკმაოდ ხანგრძლივი მოვლენები, რომელიც ზოგადად ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: კონფლიქტოგენი - ინციდენტი - კონფლიქტი - კრიზისი. მოკლედ, ორ მხარეს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ მიიყვანა ქვეყანა კრიზისამდე. კარგი, ბატონო, ესეც გააავიგეთ! ახლა ისიც ვთქვათ, რომ ნებისმიერ კრიზისს აქვს თავისი განვითარების დინამიკა. შესაბამისად, შეგვიძლია თვალი მივადევნოთ მის განვითარებას და, რაც მთავარია, თუ არ ხერხდება მისი აღმოფხვრა, იფიქრეთ მის ლოკალიზებასა და ზრდის (გავრცელების) ტემპის შემცირებაზე.
ჩვენი პოლიტიკური რეალობის შემთხვევაში კი პრევენციულ ღონისძიებებს ფაქტობრივად არცერთი მხარე არ მიმართავს. პირიქით, ამაყად შეიძლიათ თქვან, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი და ამ პროცესს აჩქარებენ შემდეგი ნაბიჯებით: კონფლიქტოგენი - ინციდენტი - კონფლიქტოგენების ზრდა - კონფლიქტი - კრიზისი - კომპრომისი - კრიზისის ქრონიკული სტადია.
რა თქმა უნდა, შემედავებიან - კომპრომისი თავისთავად გულისხმობს კრიზისის განეიტრალებასო. მე ასე არ ვთვლი! კომპრომისს ხშირად მიიჩნევენ კრიზისის დასრულების უალტერნატივო პირობად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კომპრომისი, რომელიც გულისხმობს დათმობას და, ესე იგი, ორიდან ერთის უკმაყოფილებას, მეტ-ნაკლებად წამგებიან პოზიციას, ნამდვილად ვერ იქნება არსებული კრიზისის დასრულების გარანტი. პირიქით, ასეთი კომპრომისული სტადია შეიძლება მივიჩნიოთ კრიზისის ე.წ. ქრონუკილ სტადიაში გარდამავალ ფაზად. ფარული უთანხმოება კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ დროთა განმავლობაში კრიზისის ახალმა კერამ ამოხეთქოს და მისი ეფექტიანობა გაორმაგდეს „დაკონსერვებული“ ან/და „გაყინული“ კონფლიქტის ხარჯზე.
რა არის გამოსავალი? ამაზე პასუხი მე როგორ გაგცეთ, როცა თავად მოდავეებს არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, არც მკვეთრი სამოქმედო გეგმა გააჩნიათ. პირველ რიგში (გავბედავ და ჩავერევი სოციოლოგისა და ფსიქოლოგის კომპეტენციაში) ვურჩევ არ გამოიყენონ კონფლიქტოგენი (და მით უმეტეს ხელი არ შეუწყონ მის ზრდას); მეორე - კომპრომისი მართლაც შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსავალი და ამ შემთხვევაში ნადვილად არ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. ორ მეზობელს შორის შეიძლება წარმოქმნას უთახნმოება ნაკადულმა, რომელიც ერთის გვერდით ავლით მეორის ყანას უერთდება და რწყავს. კომპრომისი გულისხმობს ურთიერთსარგებლობას, ორმხრივ კმაყოფილებას. მეზობლები აუცილებლად იპოვიან გამოსავალს თუ ორივე მათგანი ისარგებლებს წყლის მარაგით, ცალკეული რუს გაყვანის შედეგად ამოწურავენ დავას... მაგრამ თუ ორთავე გამოიყენებს კონფლიქტოგენს, მათ შორის ადგილი ექნება ინციდენტს, შემდეგ ლანძღვა-გინებას (კონფლიქტოგენების მოზღვავებას), მეორე დღეს ერთმანეთს გამარჯობას არ ეტყვიან (კონფლიქტი) და ამის შემდეგ მომღიმარე სახით ისაუბრებენ კომპრომისზე, ეს იქნება ფარული უთანხმოების დასაწყისი (კრიზისის ქრონიკული სტადია), რადგან ვერასოდეს დაივიწყებენ მიყენებულ შეურაცხყოფას და წყენას...
მოკლედ, ორივე მხარეს და განსაკუთრებით მათ ფიარ გუნდებს ვთხოვთ - სანამ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იფიქრებთ, მანამდე გამოძებნეთ ერთმანეთთან საერთო ენა. და ვიდრე „ატმოსფეროზე“ ზემოქმედების მოხდენას მოისურვებთ, აუცილებლად შეისწავლეთ „ამინდის“ პროგნოზი - „ტემპერატურის“ გრადუსი და მისი მოსალოდნელი მატება თუ ვარდნა... :) ამის გარეშე „პოლიტიკური ამინდის“ შექმნაზე არც იფიქროთ და თუ იფიქრებთ, იმაზეც დაფიქრდით რა მოსავალს მოიმკით „ატმოსფერული“ ცვლილებების შედეგად... თორემ თქვენს ძალიან მაგარ დაგეგმილ ფიარ კამპანიაზე "VOTE FOR…" უკუკავშირი იქნება მხოლოდ ერთი - "WHAT FOR???"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პიარი ყველაზე საინტერესო სფეროა, რასთანაც ოდესმე შეხება მქონია, როდესაც პიარის ანა-ბანა მასწავლეს მაშინ დავიწყე ინფორმაციის ,,გაფილტვრა" ანუ სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა იმ უზარმაზარ საინფორმაციო ,,ნაგავს" შორის, რასაც ქართული მედიიდან ვიღებთ. ერთადერთი შენიშვნა მექნებოდა თქვენთან. PR- აბრევიატურა ტრანსლიტერაციის წესების მიხედვით ქართულში გადმოდის როგორც პიარი და არა ფიარი.
ReplyDelete:) გმადლობთ, გავითვალისწინებ. თუმცა ქართველ სპეციალისტებში აბრევიატურასთან დაკავშირებით დავა დღემდე მიმდინარეობს. ჩვენ ვერ ვთანხმდებით - ფიარია თუ პიარი:)
ReplyDelete