Monday, July 5, 2010

მოდით, სიმბოლოებით ვილაპარაკოთ


უფროსები ხშირად წუწუნებენ - ეს ახალგაზრდა თაობა არაფერს კითხულობს და ძალიან გაუნათლებელიაო. წყაროებს რომ ჩაუღრმავდეთ, მსგავს განცხადებებს უხვად მოიძიებთ სხვადასხვა ეპოქებისა და კულტურების ლიტერატურაშიც. თითქოს ოდესღაც ზეგანათლებული თაობა არსებობდა, და მას მერე კაცობრიობა, თაობიდან თაობამდე, მუდმივ რეგრესს განიცდის.
რეალურად კი, ყოველი ახალი თაობის ინტერესი წინა თაობის მისწრაფებებისაგან განსხვავდება და უკმაყოფილებაც აქედან ჩნდება. გარდა ინტერესებების ცვლილებისა, იცვლება თავად ინფორმაციის მიღების და გადაცემის მექანიზმები. მაგალითად, შუა საუკუნეებამდე ინფორმაცია ძირითადად ვერბალურად, მოყოლით გადმოიცემოდა. იმ ადამიანების დიდ ნაწილსაც, რომლებიც წიგნებს ფლობდნენ, ძირითადად, თავიანთი მსახურები და მასწავლებლები უკითხავდნენ. წიგნის კითხვა ერთობ სერიოზული და რთული საქმიანობა იყო.

გრაფიკები
ინფორმაციის რაოდენობა სულ იზრდება და რაღაც ეტაპზე ინფორმაციის ვიზუალიზაციის ახალი ხერხებიც გაჩნდა. ადამიანებმა გრაფიკები გამოიგონეს. ასე ერთ გამოსახულებაში დიდი ოდენობის ინფორმაციის გადმოცემა შესაძლებელია. საკმარისია, ერთი თვალი გადაავლო გრაფიკს, რომ ინფორმაცია მიღებულია. თუმცა, ეს, არც ისე ადვილი საქმეა.
ედვარდ რ. ტაფტი (Edward Rolf Tufte) ერთ-ერთ თავის წიგნში წერდა, რომ 1986 წელს იანვარში მომხდარი კოსმოსური შატლის აფეთქება, რომელმაც ასტრონავტების სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამის დოკუმენტაციაში არასწორად ვიზუალიზირებული ინფორმაციის გამო მოხდა. ანუ, გაუგებრად დახატულმა გრაფიკებმა, ინფორმაციის აღქმას შეუშალა ხელი და ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

უნივერსალური ენა
გრაფიკები მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ საინტერესო პროცესებისა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. თითქოს, შეუმჩნევლად და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ადამიანები ახალ ენასა და ანბანს ვქმნით.
ეს პროცესი ელექტრონული მოწყობილობების შექმნასთან ერთად დაიწყო. როდესაც პირველი პერსონალური კომპიუტერები შეიქმნა, საჭირო გახდა, ბევრი რთული და ადამიანისთვის გაუგებარი პროცესი, მარტივი ვიზუალური ნიშნებით გამოესახათ. მანამდე კომპიუტერებს მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებდნენ და კომპიუტერთან სამუშაოდ სპეციალური ცოდნა იყო საჭირო. ზოგ შემთხვევაში, მომხმარებელს, კომპიუტერთან საურთიერთოდ ინჟინერიც ეხმარებოდა. აი, პერსონალური კომპიუტერი კი უკვე ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებლისთვისაც გასაგები უნდა ყოფილიყო. ამისთვის შეიქმნა ეგრეთწოდებული (GUI) - მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. ანუ იმ გამოსახულებათა ერთობლიობა, რომელსაც მონიტორზე ვხედავთ და რომლის საშუალებითაც ვხვდებით, რომელ ოპერაციას ასრულებს ახლა კომპიუტერი. მაგალითად: იმისთვის, რომ ინფორმაცია კომპიუტერში შევინახოთ, ამ ინფორმაციას (ფაილს) საქაღალდეში (ფოლდერში) ვდებთ. რეალურად კი, კომპიუტერი ამ ოპერაციის ჩატარებისას არსად არაფერს არ დებს. ეს ვიზუალური ინტერპრეტაცია უფრო გასაგებია ადამიანისთვის, ვიდრე რეალური პროცესები, რომლებიც კომპიუტერში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პირველი კომპიუტერულ სიმბოლოთა ერთობლიობა, მაკინტოშის კომპიუტერებისთვის შეიქმნა. ეს ამოცანა ცნობილმა დიზაინერმა სუსან კარემ (Susan Kare) შეასრულა. რეზულტატი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ის ვიზუალური სიმბოლოები, რომლებიც მაშინ შემუშავდა, დღესაც გვხვდება, უმნიშვნელო მოდიფიკაციებით.
დღესდღეობით ეს სიმბოლოთა ერთობლიობა თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში გვხვდება. მაგალითად, საკმარისია, თანამედროვე ახალგაზრდამ თუნდაც მისთვის უცნობი მოდელის მობილური ტელეფონი აიღოს ხელში, რომ სიმბოლოების დახმარებით ძალიან მარტივად გაერკვევა მის ფუნქციებში.
თანაც ეს სიმბოლოთა (პიქტოგრამების) ენა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო რთულდება, ფართოვდება...

პარალელი ისტორიიდან
თავად პირველი დამწერლობაც ხომ იგივე პრინციპის საფუძველზე შეიქმნა. ჯერ მარტივი ნახატები გაჩნდა, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს გამოხატავდნენ და შემდეგ, ამ პიქტოგრამების გართულების საფუძველზე შეიქმნა პირველი ანბანიც.

განათლებული გაუნათლებელი თაობა
სტატიის დასაწყისში ახალგაზრდა თაობის მიმართ უფროსი თაობის პრეტენზიებზე ვსაუბრობდი. მაგრამ ხშირად კომიკური სიტუაცია იქმნება. ფაქტია, რომ ახალგაზრდა თაობამ უცებ აუღო ალღო სიმბოლოთა იმ ანბანს, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შეიქმნა. დღეს ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც უფროსი, განათლებული თაობის წარმომადგენლები, ახალგაზრდებს მობილურებსა თუ კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობისას, შველას სთხოვენ-ხოლმე. არც ინტერნეტი არის მათთვის ადვილად გასაგები...

4 comments:

  1. სანდრო, მე პრაიმ ტაიმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ არაეთიკურია, როდესაც ამ პროფესიულ ბლოგზე (პიარ ბლოგზე) ”პიარდება” ასეთი სახის გაზეთი. იქნებ დამოუკიდებლად წეროთ, სწორედ რომ ამ ბლოგისთვის. ვფიქრობ ეს უფრო მისაღები იქნება, ვიდრე პრაიმ ტაიმში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიები. გამოდის, რომ თქვენ ბლოგისთვის კი არ წერთ, ბლოგს იყენებთ ან ბლოგის რესურსს მოიხმართ საკუთარი გაზეთის ”გასაპიარებლად”. პატივისცემით,

    ReplyDelete
  2. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას! რათქმაუნდა, ავტორები წერენ ამ ბლოგისთვის, თუმცა თუ მათ ასევე სხვაგან აქვთ დაწერილი მსგავსი თემატიკის სტატიები, რატომ არ უდნა გაუზიარონ ისინი მის მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ამ ბლოგს აქტიურად კითხულობენ? თან ძალიან თემატური სტატიებია. სხვათაშორის, მე ვუთხარი სანდროს, რომ ყველა მისი ძველი სტატია გამოეყვეყნებინა ამ ბლოგზე და ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. რა ქნას სანდრომ, რომ მხოლოდ პრაიმთაიმში იბეჭდებოდა მისი სტატიები? თუ რომელიმე თქვენთაგანს ოდესმე, რომელიმე გაზეთში დაგიწერიათ, გთხოვთ, ანალოგიურად ამ ბლოგზეც ატვირთოთ, რადგან ბლოგის მიზანია გამოცდილების, ცოდნის, დაკვირვებების გავრცლეება.

    ReplyDelete
  3. ჩემი მოსაზრება ასეთია. თუკი პრაიმტაიმმა მომცა იმის საშუალება რომ ჩემი მოსაზრებები სხვებს გავუზიარო ამაში სულაც არ არის არაფერი ცუდი :) და თუკი ვინმეს პრაიმ ტაიმი არ მოსწონს არამგონია ჩემმა სტატიებმა შეუცვალოს მას მოსაზრება. მერე ამ ბლოგზე მომეცა ჩემი სტატიების გამოქვეყნების საშუალება. და ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერაფერ ცუდს :)

    ReplyDelete
  4. Anonymous

    ძალიან მარტოვო და გავრცელებული პროცესია
    ნებისმიერი ბლოგერი თავის პოსტებს დებს უამრავ სხვადასხვა გვერდზე
    და გაზეთმა რა დააშავა?

    ReplyDelete