ინტერნეტი ნელ-ნელა ჩვენი რეალობის ზუსტი ასლი ხდება. ყველაფერი, რაც გარს გვახვევია უკვე ინტერნეტშიც დევს. გასაგებია, რომ ინტერნეტით შეიძლება ვიყიდოთ ტანსაცმელი, წიგნები, ავტომობილის ნაწილები... თურმე ინტერნეტი ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვისაც იდეალური ადგილი აღმოჩნდა. აქ, ელვის სისწრაფით ვრცელდება ჭორები და ნამდვილი ამბები. აქ, ადამიანები ახალ მეგობრებს პოულობენ და ძველ მეგობრებს კარგავენ. უფრო მეტიც, მარტივი კვლევის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს რითი ცხოვრობს თითოეული ადამიანი, ან ზოგადად კაცობრიობა. ამისთვის, უბრალოდ, იმ ვებსაიტების ანალიზი იქნება საკმარისი, რომლებზეც ხალხი დღის განმავლობაში შედის. ამგვარი დაკვირვებით ნათელი ხდება ამა თუ იმ ადამიანის ფარული სექსუალური მისწრაფებები თუ სულიერი ძიებანი და ისიც, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ინდივიდისთვის, ან ზოგადად კაცობრიობისთვის.
მსგავს სტატისტიკას საძიებო სისტემები აწარმოებენ, რათა შემდგომ ანალიზის საფუძველზე, ახალი სერვისები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მაგალითად, google-ს მომხმარებელთა აქტივობების უზარმაზარი მონაცემთა ბაზა გააჩნია, რომელშიც დაფიქსირებულია თუ როდის და რას ეძებდნენ ამა თუ იმ კომპიუტერიდან. ამ ინფორმაციით ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებიც ყოფილან დაინტერესებულნი. მაგრამ, როგორც google-ის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, მათ არავისთვის არასდროს გადაუციათ მსგავსი ინფორმაცია. თუმცა კონსპირაციული თეორიების მოყვარულნი ეჭვის თვალით უყურებენ ამგვარ განცხადებებს.
ინტერნეტი ყოველ წამს ფართოვდება და მისი არეალი მუდმივად იზრდება, მაგრამ იგი კვლავ თავისუფალ სივრცედ რჩება. ანუ, ინტერნეტს არ გააჩნია ერთი ცენტრი, საიდანაც შესაძლებელია მისი გამორთვა ან თუნდაც რეგულირება. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინფორმაცია განათავსოს და ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. მაგრამ ეს ყველას არ მოსწონს და რიგ სახელმწიფოებში სხვადასხვა სახის, ლოკალური შეზღვუდვებია დაწესებული.
თურქეთი
ჩვენს მეზობელ თურქეთში youtube-ში შესვლა რომ სცადოთ, არაფერი გამოგივათ. ეს ვიდეო სერვისი მთელი თურქეთის ტერიტორიაზეა დაბლოკილი. თვითონ დაბლოკვის მექანიზმი ასეთია – თურქეთის სასამართლომ ყველა თურქეთში მომუშავე პროვაიდერს (ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიას) საგანგებო შეტყობინება გაუგზავნა, რათა მათ თავიანთი კლიენტებისთვის youtube-ი გაეთიშათ. მიზეზად კი თურქეთის სულიერი მამის, ათა თურქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლი დასახელდა, რომელიც ამ ვიდეოსერვისზე იყო განთავსებული.
რეალურად ამით, თურქეთში, გარკვეულმა ძალებმა თავის შესაძლებლობათა დემონსტრირება მაოხდინეს. აი, ჭკვიანად თუ არ იქნებით, რასაც გვინდა იმას ავკრძალავთო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ინტერნეტ ცენზურასთან დაკავშირებით, არც ისე მძიმედ არის საქმე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. აქვე იმასაც დავამატებ, რომ გარკვეული ცოდნის მქონე ადმიანს, მაინც ძალუძს ამგვარი გვერდებით სარგებლობა.
ირანი
აი ირანში კი, ინტერნეტ თავისუფლების მხრივ, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. უამრავი ვებგვერდი და ინტერნეტ სერვისი, უბრალოდ, დაბლოკილია. ამასთანავე ყველა ბლოგერი ვალდებულია, თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გარკვეულ სტრუქტურებს ამ ბლოგებისთვის თვალყურის დევნება გაუადვილდეს. ზოგადი სიტუაციის სადემონსტრაციოდ ისიც კმარა, რომ 2009 წლის 18 მარტს, ციხეში დაიღუპა ერთ-ერთი ირანელი ბლოგერი. ომიდრეზა მირსაიაფის (Omidreza Mirsayafi) 2008 წელს, თავის ბლოგზე, აიათოლა ხომეინის შეურაცხმყოფელი მასალის გამოქვეყნებისთვის 30 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალურმა პირებმა მირსაიაფის ნათესავებს განუცხადეს, რომ მან ციხეში თავი მოიკლა.
2009 წლის ივნისში ირანის მოსახლეობამ არჩევნების ოფიციალური მონაცემები არადამაჯერებლად ჩათვალა. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა. მწვავე პოლემიკამ ფორუმებსა და ბლოგებზე გადაინაცვლა. ამიტომაც, სულ მალე, ინტერნეტი დაიბლოკა. მაშინ მოსახლებამ SMS-ების საშუალებით დაიწო ინფორმაციის გაცვლა. ამგვარად, SMS გზავნილები ერთადერთ ობიექტურ ინფორმაციის წყაროდ გადაიქცა.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, თავად ირანის პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს გამოიყენოს ვირტუალური ტრიბუნა, ამის დასტურად მისი ბლოგი და ვებგვერდი გამოდგება.
თურქმენეთი
თურქმენეთში საქმე კიდევ უფრო მარტივად არის. შეიძლება ითქვას, რომ აქ უბრალოდ, ინტერნეტი არ არსებობს. თურქმენეთის ახლანდელი პრეზიდენტი, გურბანგულ ბერდიმუხამედოვი თავის დროზე ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანდა. და მართლაც, 2007 წელს თურქმენეთში პირველი ინტერნეტ-კაფე გაიხსნა. თუმცა, ამ ინტერნეტ კაფეს ჯარისკაცები იცავდნენ და როგორც ჩანს, მიმდებარე შენობების ფანჯრებიდან სპეცსამსახურები გულდასმით აკვირდებოდნენ ინტერნეტით დაინტერესებულ თანამოქალაქეებს. ქვეყანაში თავად ინტერნეტ სერვისის გადასახადი იმდენად დიდია, რომ მას მხოლოდ უცხოური კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლებიდან კი ერთეულები მოიხმარენ.
კუბა
არც ჩვენი პლანეტის მეორე მხარეს არის ინტერნეტ თავისუფლების მხრივ ყველაფერი კარგად. კუბაშიც თურქმენეთის მსგავსად, ინტერნეტის გავრცელების არეალი მწირია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზოგადად, რთული ეკონომიკური სიტუაციაა.
იოანი სანჩესი (Yoani Sanchez) კუბელი ბლოგერია. იგი თავის ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ წერს. მას ათასგვარი ხრიკების მოგონება უწევს, რათა თავის ბლოგში ახალი ჩანაწერები გააკეთოს. საქმე კი იმაშია, რომ კუბა ტურისტულ ბიზნესზეა ორიენტირებული და ამიტომ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროებში ინტერნეტით სარგებლობა პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტულ ადგილებში შესვლა, არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომაც იოანის მალულად უწევს უცხოელი ტურისტებისთვის განკუთვნილ ადგილებში შეღწევა და თავის ბლოგში ახალი ჩანაწერების კეთება.
2009 წლის ნოემბერში, ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ იოანი სანჩესის ბლოგზე კომენტარი დატოვა. შემდგომ ეს კომენტარი მთელი მსოფლიოს მედია საშუალებებში იყო ციტირებული. პრეზიდენტი წერდა, რომ ის მიესალმება იოანის ძალისხმევას და აღნიშნავდა, რომ იოანის ბლოგი „უნიკალური ფანჯარაა, რომლიდანაც კუბაზე არსებული ყოვედღიურობა მოჩანს“.
ჩინეთი
ჩინეთში ინტერნეტი საკმაოდ კარგად არის განვითარებული. აქ 300 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელია. ამასთანავე, ჩინეთს ყველაზე დიდი და ეფექტური ინტერნეტ ცენზურის პროგრამა აქვს. იფილტრება ყველაფერი, არასასურველი მასალა იშლება. ბლოგერები, რომლებიც „ძალიან ღრმად შეტოპავენ“ ციხეში ამოყოფენ თავს.
ამჟამად ჩინეთში დაახლოებით 24 ონლაინ პუბლიცისტი იხდის სასჯელს.
2010 წელს გუგლსა და ჩინეთის მთავრობას შორის სკანდალი აგორდა. გუგლი უარს აცხადებდა საძიებო რეზულტატის ფილტრაცია გაეგრძელებინა. საქმე იმაშია, რომ ჩინეთის მთავრობა პერიოდულად უგზავნიდა googl-ს იმ საიტების სიას, რომელთა მოძიებაც ჩინეთიდან შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ანუ მომხმარებელი კრეფდა საკვანძო სიტყვას, მაგრამ საძიებო რეზულტატში აღნიშნული საიტები არ ამოდიოდა. ისინი საძიებო სისტემისთვის უბრალოდ, არ არსებობდნენ.
მეზობელი რუსეთი
მიუხედავათ იმისა, რომ რუსეთში არ წყდება მცდელობა სხვადასხვა კანონებითა და აკრძალვებით ინტერნეტ თავისუფლების შეზღუდვისა, ამ ქვეყანაში მედია საშუალებისგან განსხვავებით, ინტერნეტი მაინც თავისუფალ სივრცედ რჩება. ამის პარალელურად, ინტერნეტ აქტივობა რუსეთში გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად, 2008 წელს დაღესტანში პოპულარული ინტერნეტ რესურსის, „Ингушетия.ру“-ს მფლობელი მოკლეს. ამ რესურსიდან ხშირად ისმოდა ხელისუფლების კრიტიკა, ამიტომაც მკვლელობის ოფიციალური ვერსია მეტად დაუჯერებელი ჩანდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ყველაფერი დაუდევრობის შედეგად მოხდა, ვინაიდან დაღესტნის პრეზიდენტის დაცვის წევრს შემთხვევით გაუვარდა იარაღი.
რუსეთში 2010 წელს მომხდარი ხანძრების დროს, მხოლოდ ინტერნეტში თუ წააწყდებოდით ხელისუფლების დაუფარავ კრიტიკას. ადამიანები ინტერნეტის საშუალებით ერთიანდებოდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას და აგროვებდნენ შემოწირულობას დაზარალებულთათვის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ბლოგერს კომენტარი დაუწერა. პრემიერ მინისტრის კომენტარი საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა. იგი უფრო პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის ოფიციალურ პასუხს ჰგავდა, ვიდრე ცოცხალი ადამიანის კონკრეტულ მოსაზრებას არსებულ პრობლემებზე.
მთელმა რუსულმა ბლოგოსფერომ აიტაცა პუტინის პრესსამსახურის მიერ გაპარული ლაფსუსი. საქმე ისაა, რომ წამყვანმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა (Интерфакс, ИТАР-ТАСС) გაავრცელეს ინფორმაცია, თუ როგორ გაუმკლავდა „მამაცი“ პუტინი ხანძარს, თვითმფრინავ „ამფიბიას“ ბორტიდან. თვითმფრინავს თავად პრემიერ მინისტრი მართავდა. ხოლო განცხადებაში თვითმფრინავი „ამფიბიას“ ნაცვლად, თვითმფრინავი „ამბიცია“ ეწერა. ეს ფროიდისეული წამოცდენა მალევე გამოასწორეს, მაგრამ ინფორმაცია უკვე უამრავ ბლოგზე იყო დაფიქსირებული.
rogorc koveltvis dzalian saintereso statia iko
ReplyDeleteKubels maladec martlac, blogis ceras rom amdeni chalichi undodes neta ramden qartvels gveqneboda blogi? :)
:) კი ნამდვილად :)
ReplyDelete