Tuesday, January 5, 2010

მოსეს კვალდაკვალ


ბერდიას წერილი რომ წავიკითხე, მეც მომინდა პრეს-რელიზების შექმნისა და გავრცელების შესახებ გამეზიარა თქვენთვის ჩემი გამოცდილება და ზოგადად აზრი იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურია კომუნიკაციის ეს საშუალება ჩვენს რეალობაში (არ ვეკამათები, მაგრამ არც ვეთანხმებიJ). რეალობიდან გამომდინარე ეფექტური ნამდვილად არ არის. მეტიც, ზოგი ჯიუტად აგრძელებს პრეს-რელიზის შეფუთვას სიტყვებით „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ არ მუშაობს და თუ მუშაობს, გამვრცელებლის წინააღმდეგ და არა მის სასიკეთოდ. რატომ? საინფორმაციო ნაკადში ადამიანი თავად ირჩევს მისთვის საინტერესო წყაროს და საშუალებას, ინფორმაციას და საკუთრივ ამ ინფორმაციის ფორმას. გამონაკლისი არც მედია საშუალებებია, რომელსაც რემარკა „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“ მხოლოდ აღიზიანებს. ასეთი ფორმით და შეფუთვით მიწოდებულ ინფორმაციას სანაგვე ურნაში უკრავენ თავს, თქვენ კი ხელმძღვანელობასთან სერიოზული არგუმენტირება მოგიწევთ იმისა თუ რატომ არ გამოქვეყნდა თქვენი კომპანიის შესახებ დაგზავნილი ინფორმაცია.


აბსოლუტურად სერიოზულად გირჩევთ - პრეს-რელიზზე მსგავსი ფრაზების დატანაზე უარი თქვით. „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“ ტექსტს ხშირად ამოიკითხავთ სამთავრობო სტრუქტურების მიერ დაგზავნილ პრეს-რელიზზე. ეს ოფიციოზია, რომელიც თქვენ არ მოგიხდებათ. სამთავრობო ფიარი ჩვენი ტკივილია ისევე, როგორც მთლიანად ეს მთავრობა და მისი ფიარ ტაქტიკა. ნუ იქნებით ერთფეროვანი. სამთავრობო ფიარი და მათი პრეს-სამსახურები სწორედ ერთფეროვნებით სცოდავენ... ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში დღემდე ქადაგებენ პრეს-რელიზის „რკინის“ მოდელს, მშრალ და უინტერესო ფორმას.


იყავით ორიგინალურები. გამოიჩინეთ გონებამახვილობა, ფანტაზია... მახსენდება ერთი შემთხვევა - ყავის მოსამზადებელი აპარატის ერთ-ერთმა მწარმოებელმა კომპანიამ პოტენციურ კლიენტებს ოფისში, უშუალოდ ოფის მენეჯერებს დაუგზავნა რეზიუმეს, CV-ის სახით ამ აპარატის ტექნიკური მახასიათებელი და უპირატესობები სხვა „კანდიდატებთან“ შედარებით. ამ თავისებურ პრეს-რელიზში (გინდ რეკლამა დაარქვით) დამაჯერებლად იყო არგმენტირებული თუ „რატომ უნდა აიყვანონ ის სამსახურში...“ კომუნიკაციის ასეთი ფორმა ყოველთვის მომგებიანი იქნება, რადგან გამოირჩევა კრეატიულობით. მოკლედ, ნუ იქნებით ერთფეროვანი და თქვენს მიერ შექმნილი და დაგზავნილი ინფორმაციაც მრავალფეროვანი მოგეჩვენებათ.


პრეს-რელიზი კომუნიკაციის ისეთი ფორმაა, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ურთიერთობას მარტივ პრინციპზე დაყრდნობით - გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. არახალია, რომ ასეთი პრეს-რელიზი უნდა პასუხობდეს ხუთ ძირითად კითხვას, რომელიც ებადება ადრესატს: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? ხშირად შემხვედრია პრეს-რელიზი, რომლის სოლიდური მოცულობა ერთი იოტითაც კი ვერ უახლოვდებოდა ამ აქსიომატურ პრინციპს. რა თქმა უნდა, ასეთი პრეს-რელიზი იმთავითვე ნაგვის ურნაში მომისვრია. პრეს-რელიზი ლაკონური რომ უნდა იყოს, ამას ნებისმიერი ჟურნალისტი გეტყვით. კარგად მოუსმინეთ ხოლმე ჟურნალისტებს. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და როგორი ფორმით. პრეს-რელიზი კი მომხმარებელზე მორგებული თავისებური პროდუქტია, რომელმაც უნდა გაყიდოს თქვენი კომპანია, თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის იმიჯი. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა სიუჟეტის თუ საგაზეთო პუბლიკაციის თემის 30-40% თქვენს პრეს-რელიზებში პოულობენ, პრეს-რელიზის შექმნის პრინციპები ორმაგ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.


მე ვფიქრობ, რომ მოსეს მიერ სინას მთიდან ჩამოტანილი ათი მცნება იყო და არის ყველაზე სერიოზული პრეს-რელიზი, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას საკომუნიკაციოდ. მასში ჩამოყალიბებულია ის ათი პუნქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა. ეს თავისებური კორპორატიული ეთიკაა და ნუ გექნებათ პრეტენზია შექმნათ მსგავსი დოკუმენტი. თუმცა, თქვენი კომპანია და მისი მისია - თქვენთვის სწორედ რომ რელიგიად უნდა იქცეს, რომელმაც თქვენ უკვე მოგაქციად და ახლა უკვე თქვენც უნდა მოაქციოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, როგორც ამას მისიონერები აკეთებდნენ. სწორედ შეარჩიეთ სიტყვები, რომლებმაც უნდა წარმოაჩინოს პრეს-რელიზში თქვენი კომპანიის მორალი, პრინციპები და ზნეობა...