Tuesday, July 13, 2010

ინტერნეტ ტელევიზია


გლობალური ცვლილებები ერთბაშად არ ხდება. ცხოვრობენ ხოლმე ადამიანები, თავისთვის ცხოვრობენ, ცხოვრობენ და მერე რაღაც მომენტში ირკვევა, რომ თურმე, დრო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივი დრო კი არ იყო, არამედ კაცობრიობის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.
ჩვენს ყოველდღიურობასაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ დიდი ცვლილებების პერიოდში ვცხოვრობთ. ეს ცვლილებები ადამიანების ყოველდღიური ფუსფუსის პარალელურად ხდება.

გუშინწინ
ბევრი ისეთი ნივთი, რომლის არსებობაც სულ ცოტა ხნის წინ ფანტასტიკურობისა და რეალობის ზღვარზე იყო, დღეს სავსებით ჩვეულებრივია. მაგალითად, ტელევიზორი. ახლა ტელევიზორი ყველგან არის: მანქანის სალონში, მობილურ ტელეფონში და ა.შ. მაგრამ არსებობს უამრავი უფროსი ასაკის ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, როგორ გაჩნდა პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი.
ახალი გამოგონება, ტექნიკური შესაძლებლობებით, საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა დღევანდელ ტელევიზორს. მის პატარა ეკრანზე ძნელად თუ გაარჩევდი რა ხდებოდა. უფრო მეტიც, ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ, როდესაც ტელევიზორები ახალი შემოსული იყო და ტელეგადაცემები დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მისი დიდი ბებია გადაცემების დაწყებამდე საგანგებოდ გამოეწყობოდა და ისე ჯდებოდა ტელევიზორის წინ. და თანაც ასე განმარტავდა – აბა, შვილებო, მოუწესრიგებელი ხომ არ გამოვჩნდები ხალხის წინო. მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანად ხალხი მართლაც დადიოდა ერთმანეთთან სტუმრად, ტელევიზორის საყურებლად, ბებია ამ შემთხვევაში, იმათ გულისხმობდა ვინც ტელევიზორში გამოჩნდებოდა ხოლმე.

გუშინ
ტელევიზორები შემოიჭრნენ ჩვენს სასტუმრო ოთახებში და დიდი ხნით დაისადგურეს იქ. ახლო წარსულის იდილიური ოჯახური სცენა გულისხმობდა სასტუმრო ოთახს, რომელშიც მთელი ოჯახი ტელევიზორს უყურებს. ტელევიზორში კი პოპულარული გადაცემა გადის, მაგალითად, ისეთი, როგორიც „ილუზიონი“იყო.
იმ ხანად, ტელემაუწყებლებს სრული კონტროლი ჰქონდათ, დღის განრიგზე. გადაცემა, რომელიღაც კონკრეტულ დროს გადიოდა ეთერში და ტელემაყურებელი მოუთმენლად ელოდა ამ დროს, ვინაიდან საყვარელი გადაცემის ნახვის საშუალება მხოლოდ ამ კონკრეტულ დროს და მხოლოდ ტელევიზორში ჰქონდა.
სწორედ ამიტომ, არსებობდა „პრაიმ ტაიმის“ ურყევი ცნება. ანუ დრო, როდესაც ტელევიზორთან აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა იკრიბებოდა. დროის ეს მონაკვეთი პოპულარული ტელეარხის უზარმაზარი განძი იყო.

დღეს
დღეს სიტუაცია შეცვლილია. ამა თუ იმ გადაცემის ნახვის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, მაყურებელი დროში არ არის შეზღუდული. ინტერნეტმა თავად „პრაიმ ტაიმის“ მნიშვნელობაც შეასუსტა. შორს რომ არ წავიდეთ, დღეს ქართველ მაყურებელს შეუძლია შევიდეს საიტზე – www.myvideo.ge. აირჩიოს სასურველი ტელეარხი და ტელევიზორს ინტერნეტის საშუალებით უყუროს. მაგრამ სასწაული ამით არ მთავრდება. ამ ვებსაიტის დახმარებით, შესაძლებელია წამყვანი ქართული ტელეარხების მაუწყებლობა მაქსიმუმ 10 დღით უკან იყოს „გადახვეული“. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი დრო გასული 10 დღის განმავლობაში და ამ კონკრეტულ დროს გასულ გადაცემასა თუ ფილმს უყუროს. შესაბამისად, თუკი რომელიმე სიუჟეტი ან გადაცემა ვერ ნახეთ, ისღა დაგრჩენიათ ინტერნეტს მიუჯდეთ და www.myvideo.ge-ზე შეხვიდეთ.
თუმცა ტელეარხების დიდი ნაწილი ისედაც მიხვდა, რომ ის, რაც იყო ოდესღაც, აღარ დაბრუნდება, ამიტომაც ისინი თავადვე ათავსებენ თავიანთ გადაცემებს საკუთარ ვებგვერდებზე. ამგვარ საიტებზე www.myvideo.ge-ს გარეშეც შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი სიუჟეტი.

და საერთოდ
ინტერნეტ მედიები საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან. მაგალითად, თავისი არსებობის საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, უკვე უამრავი სხვადასხვა სახის ინტერნეტ ტელევიზია შეიქმნა. ინტერნეტ ტელევიზიები იმდენი და იმდენნაირია, რომ დადგა დრო მათი კლასიფიცირებისა.

ინტერნეტ ასლი: ტრადიციული, მსხვილი ტელეარხების ინტერნეტ მაუწყებლობა, ანუ, როდესაც ის, რაც ეთერში გადის, ინტერნეტში თავსდება. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს თუკი რომელიმე ქართული ტელეარხის ყურება მოგინდათ, ინტერნეტის საშუალებით ამას ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებთ. თანაც ინტერნეტს ბევრი პლიუსი გააჩნია. მაგალითად, შეგიძლიათ ეთერში უკვე გასული გადაცემები ან ფილმები ნახოთ.

უბრალოდ ინტერნეტ ტელევიზია: ამ კატეგორიაში ისეთ რესურსებს გავაერთიანებდი, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ. ასეთ ტელევიზიებს, როგორც წესი, არც ისე დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც ვიდეომასალის ტექნიკურ ხარისხზე აისახება-ხოლმე. თუმცა მათი მთავარი პლიუსი უშუალობა და მეტი თავისუფლებაა. ინტერნეტში მაუწყებლობა ხომ მედიის შესახებ კანონით არ რეგულირდება. ამიტომაც ასეთ რესურსებზე უფრო თამამ სიუჟეტებს იხილავთ ხოლმე. აი რამდენიმე რესურსის ინტერნეტ მისამართიც: www.fora.tv, www. current.com, www.clicknetwork.tv. მსგავსი ქართული რესურსებიდან www.gevision.tv - ს გავიხსენებდი, რომელმაც ერთ წელიწადზე ოდნავ მეტი იმუშავა და შარშან წლის ბოლოს შეწყვიტა მაუწყებლობა. მიზეზებს შეგიძლიათ ამ ინტერნეტ ტელევიზიის ვებგვერდზე გაეცნოთ. მოქმედი რესურსებიდან კი www.itv.ge - ს გავიხსენებ. ქართულ რესურსებს ერთი თვალშისაცემი თავისებურება გააჩნიათ. თუკი მსგავსი ხასიათის უცხოური რესურსები ძირითადად გართობაზეა ორიენტირებული, ქართული რესურსები ზედმეტად პოლიტიზირებულია.

უფრო მეტი ვიდრე ტელევიზია: ამ კატეგორიაში ისეთ რესურსებს გავაერთიანებდი, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების პარალელურად, მომხმარებლებს ფილმების უზარმაზარ ბიბლიოთეკას სთავაზობს. ანუ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ტელეარხი, ტელევიზიის მიერ დამზადებული სიუჟეტი ან გადაცემა, ანდა უბრალოდ ფილმების უზარმაზარი ბიბლიოთეკიდან თქვენთვის სასურველ ფილმს უყუროთ. ყველა ფილმი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და სულაც არ არის საჭირო მათი თქვენს კომპიუტერში გადმოწერა. მსგავსი რესურსი ჯერჯერობით არც ისე ბევრია და ბევრი მათგანი ჯერჯერობით შექმნის სტადიაშია. მაგალითად, www.heaventv.tv -ს მოვიყვანდი.

სახალხო ტელევიზია: ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო ადვილი ხდება საკუთარი ვიდეოსიუჟეტების მომზადება და მათი ინტერნეტში განთავსება. ბევრი ამას აკეთებს კიდეც. მაგალითად, www.youtube.com -ზე ან იუთუბის ქართულ ანალოგზე www.tvali.ge -ზე. ზოგი კი თავის საქმეს სხვებზე უფრო სერიოზულად უდგება და ამ რესურსების საშუალებით საკუთარი ტელეარხის შექმნას ცდილობს. აი, შესაბამისი მაგალითებიც: www.youtube.com/user/ijustine. „ი-ჯასტინს“ არხს 500.000-ზე მეტი ხელისმომწერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ტელევიზიაა, აქ უხვადაა რეკლამაც, რაც ამ საქმიანობის სარფიანობაზე მიუთითებს. მსგავსი ქართული რესურსებიდან კი www.youtube.com/user/SweetBelladoreGirl - ს მოვიყვანდი. ამ რესურსს, რა თქმა უნდა, გაცილებით მოკრძალებული პუბლიკა ჰყავს.


Monday, July 5, 2010

მოდით, სიმბოლოებით ვილაპარაკოთ


უფროსები ხშირად წუწუნებენ - ეს ახალგაზრდა თაობა არაფერს კითხულობს და ძალიან გაუნათლებელიაო. წყაროებს რომ ჩაუღრმავდეთ, მსგავს განცხადებებს უხვად მოიძიებთ სხვადასხვა ეპოქებისა და კულტურების ლიტერატურაშიც. თითქოს ოდესღაც ზეგანათლებული თაობა არსებობდა, და მას მერე კაცობრიობა, თაობიდან თაობამდე, მუდმივ რეგრესს განიცდის.
რეალურად კი, ყოველი ახალი თაობის ინტერესი წინა თაობის მისწრაფებებისაგან განსხვავდება და უკმაყოფილებაც აქედან ჩნდება. გარდა ინტერესებების ცვლილებისა, იცვლება თავად ინფორმაციის მიღების და გადაცემის მექანიზმები. მაგალითად, შუა საუკუნეებამდე ინფორმაცია ძირითადად ვერბალურად, მოყოლით გადმოიცემოდა. იმ ადამიანების დიდ ნაწილსაც, რომლებიც წიგნებს ფლობდნენ, ძირითადად, თავიანთი მსახურები და მასწავლებლები უკითხავდნენ. წიგნის კითხვა ერთობ სერიოზული და რთული საქმიანობა იყო.

გრაფიკები
ინფორმაციის რაოდენობა სულ იზრდება და რაღაც ეტაპზე ინფორმაციის ვიზუალიზაციის ახალი ხერხებიც გაჩნდა. ადამიანებმა გრაფიკები გამოიგონეს. ასე ერთ გამოსახულებაში დიდი ოდენობის ინფორმაციის გადმოცემა შესაძლებელია. საკმარისია, ერთი თვალი გადაავლო გრაფიკს, რომ ინფორმაცია მიღებულია. თუმცა, ეს, არც ისე ადვილი საქმეა.
ედვარდ რ. ტაფტი (Edward Rolf Tufte) ერთ-ერთ თავის წიგნში წერდა, რომ 1986 წელს იანვარში მომხდარი კოსმოსური შატლის აფეთქება, რომელმაც ასტრონავტების სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამის დოკუმენტაციაში არასწორად ვიზუალიზირებული ინფორმაციის გამო მოხდა. ანუ, გაუგებრად დახატულმა გრაფიკებმა, ინფორმაციის აღქმას შეუშალა ხელი და ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

უნივერსალური ენა
გრაფიკები მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ საინტერესო პროცესებისა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. თითქოს, შეუმჩნევლად და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ადამიანები ახალ ენასა და ანბანს ვქმნით.
ეს პროცესი ელექტრონული მოწყობილობების შექმნასთან ერთად დაიწყო. როდესაც პირველი პერსონალური კომპიუტერები შეიქმნა, საჭირო გახდა, ბევრი რთული და ადამიანისთვის გაუგებარი პროცესი, მარტივი ვიზუალური ნიშნებით გამოესახათ. მანამდე კომპიუტერებს მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებდნენ და კომპიუტერთან სამუშაოდ სპეციალური ცოდნა იყო საჭირო. ზოგ შემთხვევაში, მომხმარებელს, კომპიუტერთან საურთიერთოდ ინჟინერიც ეხმარებოდა. აი, პერსონალური კომპიუტერი კი უკვე ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებლისთვისაც გასაგები უნდა ყოფილიყო. ამისთვის შეიქმნა ეგრეთწოდებული (GUI) - მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. ანუ იმ გამოსახულებათა ერთობლიობა, რომელსაც მონიტორზე ვხედავთ და რომლის საშუალებითაც ვხვდებით, რომელ ოპერაციას ასრულებს ახლა კომპიუტერი. მაგალითად: იმისთვის, რომ ინფორმაცია კომპიუტერში შევინახოთ, ამ ინფორმაციას (ფაილს) საქაღალდეში (ფოლდერში) ვდებთ. რეალურად კი, კომპიუტერი ამ ოპერაციის ჩატარებისას არსად არაფერს არ დებს. ეს ვიზუალური ინტერპრეტაცია უფრო გასაგებია ადამიანისთვის, ვიდრე რეალური პროცესები, რომლებიც კომპიუტერში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პირველი კომპიუტერულ სიმბოლოთა ერთობლიობა, მაკინტოშის კომპიუტერებისთვის შეიქმნა. ეს ამოცანა ცნობილმა დიზაინერმა სუსან კარემ (Susan Kare) შეასრულა. რეზულტატი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ის ვიზუალური სიმბოლოები, რომლებიც მაშინ შემუშავდა, დღესაც გვხვდება, უმნიშვნელო მოდიფიკაციებით.
დღესდღეობით ეს სიმბოლოთა ერთობლიობა თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში გვხვდება. მაგალითად, საკმარისია, თანამედროვე ახალგაზრდამ თუნდაც მისთვის უცნობი მოდელის მობილური ტელეფონი აიღოს ხელში, რომ სიმბოლოების დახმარებით ძალიან მარტივად გაერკვევა მის ფუნქციებში.
თანაც ეს სიმბოლოთა (პიქტოგრამების) ენა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო რთულდება, ფართოვდება...

პარალელი ისტორიიდან
თავად პირველი დამწერლობაც ხომ იგივე პრინციპის საფუძველზე შეიქმნა. ჯერ მარტივი ნახატები გაჩნდა, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს გამოხატავდნენ და შემდეგ, ამ პიქტოგრამების გართულების საფუძველზე შეიქმნა პირველი ანბანიც.

განათლებული გაუნათლებელი თაობა
სტატიის დასაწყისში ახალგაზრდა თაობის მიმართ უფროსი თაობის პრეტენზიებზე ვსაუბრობდი. მაგრამ ხშირად კომიკური სიტუაცია იქმნება. ფაქტია, რომ ახალგაზრდა თაობამ უცებ აუღო ალღო სიმბოლოთა იმ ანბანს, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შეიქმნა. დღეს ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც უფროსი, განათლებული თაობის წარმომადგენლები, ახალგაზრდებს მობილურებსა თუ კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობისას, შველას სთხოვენ-ხოლმე. არც ინტერნეტი არის მათთვის ადვილად გასაგები...