Thursday, April 29, 2010

წყალი მარგებელი

”ბორჯომის” ახალი რეკლამა თუ გინახავთ? პირველად გუშინ ვნახე და ისიც უკრაინულ ენაზე. ფანტასტიკური გადაღებულია. როგორც ამბობენ დრაივია (drive) :) დღეს ქართული თარგმანით ვნახე. რეკლამის ნახვის შემდეგ საკუთარ თავს მხოლოდ ეს კითხვა დავუსვი - ”ნაბეღლავი ჯობია?” ნაბეღლავის ამ აგრესიულ სლოგანს ნებისმიერი მომხმარებელი ქვეცნობიერად ასე ასრულებდა ”...სჯობს ბორჯომს, საირმეს, ლიკანს”. დღემდე ვფიქრობ, რომ ასეთმა დაუსრულებელმა ასოციაციამ მომხმარებლის აღქმაში ”ნაბეღლავი” ბაზრის ლიდერად აქცია (უმოკლეს დროში, თუმცა ალბათ ხანმოკლედ).

ახლა ხელმეორედ ვუყურებ ”ბორჯომის” ახალ სატელევიზიო რეკლამას, რომლის სლოგანი ”გათავისუფლდი ზედმეტისგან” ქართულ კონტექსტში ორმნიშვნელოვან მოწოდებად იქცა და, რაც მთავარია, შესთავაზა მომხმარებელს ”ნაბეღლავის” სლოგანის ალტერნატივა. სჯობს სვა ბორჯომი და გათავისუფლდე ზედმეტი(სგან) უარყოფითი ენერგეტიკისგან, სტრესისგან და ”გათავისუფლდე ზედმეტისგან”: ნაბეღლავისგან, საირმესგან...

”ბორჯომის” ეს მესიჯი უდაოდ აგრესიულია. მაგრამ ბრენდი და მისი აგრესია ეყრდნობა დიფერენცირების პრინციპს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს იმის დეკლარირებას, რომ განსაკუთრებული მისია აქვს. შენ გაქვს არჩევანის ”უფლება”, ამის შემდეგ შენ უნდა იგრძნო ”თავისუფლება” და თუ სხვის (სხვა ბრენდის, ან ”უსახელო ნაბიჭვრების”, ანუ უამრავი უცნობი მინერალური წყლის ჩამომსხმელის) ტყვეობაში ხარ, მაშინ ”გათავისუფლდი” ბორჯომთან ერთად... და თუ მაინც ასეთი რთულია არჩევა და თავისუფლების გემო (კონკრეტული ბრენდის გემო), ონკანის წყალი სვი, შე დალოცვილო...

Tuesday, April 20, 2010

"Don't do it" or just Do it Right?

Expo Georgia-ზე თვალში მეცა ერთ-ერთი წარმოდგენილი კომპანიის სლოგანი ”ნუ დარჩები კანონთან მარტო!”, რამაც იმთავითვე დამაფიქრა ჩემს მიერ დაწერილი ანტინარკოტიკული მედია კამპანიის სლოგანის ”ნუ გახდები მოგონება! ნუ გახდები სტატისტიკა!” ავ-კარგიანობაზე. აღმოჩნდა, რომ ამ სლოგანში ავი უფრო მეტია, ვიდრე კარგიJ ჩემი მედია კამპანია ჯერ არ განხორციელებულა. კონცეფციას ახლაც ვხვეწავ და რეგულარულად გავდივარ კონსულტაციას ჩემს მეგობართან, ფსიქოლოგ გოჩა გოშაძესთან. გოჩასთან კონსულტაცია ამა თუ იმ აქტივობისა თუ შეტყობინების ეფექტიანობის უფასო ტესტირებას ჰგავს.

მათ კი, ვინც არც გოჩას იცნობს და არც ტესტირების დრო აქვს, პიარ ჰიპერმარკეტში უფასო რჩევას მივცემ. იმას ნამდვილად ვერ გეტყვით - კანონთან მარტო ნუ დარჩებითთქო! პირველ რიგში, არ გეტყვით იმიტომ, რომ ადამიანის გონებამდე DO NOT (”არ” ან ”ნუ”) აღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გზავნილი ან შეგონება მიმაგრებულია პოზიტივზე. რაც არ უნდა წერონ სიგარეტის კოლოფზე ”სიგარეტის მოწევა იწვევს სიკვდილს”, მავნე ჩვევაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობთ თუკი ჩვენი ქმედებით სხვა ადამიანს ვაყენებთ ზიანს. ამიტომ ისიც გასაგებია თუ რატომ აჭრელდა სიგარეტის კოლოფები ისეთი მრავალფეროვანი მესიჯებით, რომლებიც მეტწილად მოგვიწოდებენ პასუხისმგებლობისკენ და მეტ-ნაკლებად ზრდიან ამის მოტივაციას ჩვენში (მაგალითად - ”თქვენ საფრთხეს აყენებთ თქვენს ნაყოფს”, ”სიგარეტი ვნებს ორსულობას”, ”პასიური მოწევა ასევე საშიშია” და ა.შ.). ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგმა ცხადჰყო, რომ თვითფრინავის ვარდნის, ან სავარაუდო ავიაკატასტროფის შემთხვევაში მგზავრი საკუთარი თავის გადარჩენაზე კი არ ფიქრობს, არამედ განიცდის იმას თუ რამხელა ტკივილს მიაყენებს თავისი სიკვდილით ოჯახსა და სამეგობროს... შესაბამისად, პასუხისმგებლობის აქცენტირებამ მეტ-ნაკლებად გაამართლა მოწევის შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, მოწოდება DO NOT Cross, DO NOT Enter, DO NOT Smoke, DO NOT Touch, DO NOT Exit თვალშისაცემია, მაგრამ მისაღებია მხოლოდ DO NOT WORRY, რომელიც პირდაპირ გვეუბნება ”ნუ” ღელავ, დამშვიდდი, ”არ” ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა, ვნახოთ რას გვეუბნებიან ახალგაზრდა იურისტები. ისინი ხაზგასმით გვეუბნებიან ”ნუ დარჩები კანონთან მარტო!” ბატონებო, კანონი არ არის მონსტრების კორპორაცია, რომ გეშინოდეს! ისეთ კანონს კი, რომელთანაც მარტო დარჩენა სახიფათოა და საშიში - ეწოდება უკანონობა და ამ შემთხვევაში თქვენ, იურისტებს ისეთივე ფუნქციონალური დატვირთვა გენიჭებათ, როგორიც აქვთ ადვოკატებს სასამართლო გარიგებისას - შუამავლის და არა (და)მცველის. თქვენ იურისტები ხართ და არა მაკლერები. შესაბამისად, შუამავლის ისეთი ფუნქცია, როგორიც ახლა აღვწერე, ზიანს აყენებს თქვენს იმიჯს და ეჭვქვეშ აყენებს თქვენს შესაძლებლობებს. იმავეს ვეტყოდი იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ლოზუნგის - ”საქართველო იქცევა პენთჰაუზების ქვეყნად” ვითომდა საპირწონედ (?!) საზოგადოებას შესთავაზეს ცალსახად ნეგატიური მოწოდება ”საქართველოს კარვების ქვეყნად ვაქცევთ!”.


პ.ს. მორალი - ისწავლეთ საკუთარი თავის პოზიციონირება! მოახდინეთ საკუთარი თავის სწორი პოზიციონირება!

პ.პ.ს. საუკეთესო სურვილებით:)))