Thursday, April 29, 2010

წყალი მარგებელი

”ბორჯომის” ახალი რეკლამა თუ გინახავთ? პირველად გუშინ ვნახე და ისიც უკრაინულ ენაზე. ფანტასტიკური გადაღებულია. როგორც ამბობენ დრაივია (drive) :) დღეს ქართული თარგმანით ვნახე. რეკლამის ნახვის შემდეგ საკუთარ თავს მხოლოდ ეს კითხვა დავუსვი - ”ნაბეღლავი ჯობია?” ნაბეღლავის ამ აგრესიულ სლოგანს ნებისმიერი მომხმარებელი ქვეცნობიერად ასე ასრულებდა ”...სჯობს ბორჯომს, საირმეს, ლიკანს”. დღემდე ვფიქრობ, რომ ასეთმა დაუსრულებელმა ასოციაციამ მომხმარებლის აღქმაში ”ნაბეღლავი” ბაზრის ლიდერად აქცია (უმოკლეს დროში, თუმცა ალბათ ხანმოკლედ).

ახლა ხელმეორედ ვუყურებ ”ბორჯომის” ახალ სატელევიზიო რეკლამას, რომლის სლოგანი ”გათავისუფლდი ზედმეტისგან” ქართულ კონტექსტში ორმნიშვნელოვან მოწოდებად იქცა და, რაც მთავარია, შესთავაზა მომხმარებელს ”ნაბეღლავის” სლოგანის ალტერნატივა. სჯობს სვა ბორჯომი და გათავისუფლდე ზედმეტი(სგან) უარყოფითი ენერგეტიკისგან, სტრესისგან და ”გათავისუფლდე ზედმეტისგან”: ნაბეღლავისგან, საირმესგან...

”ბორჯომის” ეს მესიჯი უდაოდ აგრესიულია. მაგრამ ბრენდი და მისი აგრესია ეყრდნობა დიფერენცირების პრინციპს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს იმის დეკლარირებას, რომ განსაკუთრებული მისია აქვს. შენ გაქვს არჩევანის ”უფლება”, ამის შემდეგ შენ უნდა იგრძნო ”თავისუფლება” და თუ სხვის (სხვა ბრენდის, ან ”უსახელო ნაბიჭვრების”, ანუ უამრავი უცნობი მინერალური წყლის ჩამომსხმელის) ტყვეობაში ხარ, მაშინ ”გათავისუფლდი” ბორჯომთან ერთად... და თუ მაინც ასეთი რთულია არჩევა და თავისუფლების გემო (კონკრეტული ბრენდის გემო), ონკანის წყალი სვი, შე დალოცვილო...

Tuesday, April 20, 2010

"Don't do it" or just Do it Right?

Expo Georgia-ზე თვალში მეცა ერთ-ერთი წარმოდგენილი კომპანიის სლოგანი ”ნუ დარჩები კანონთან მარტო!”, რამაც იმთავითვე დამაფიქრა ჩემს მიერ დაწერილი ანტინარკოტიკული მედია კამპანიის სლოგანის ”ნუ გახდები მოგონება! ნუ გახდები სტატისტიკა!” ავ-კარგიანობაზე. აღმოჩნდა, რომ ამ სლოგანში ავი უფრო მეტია, ვიდრე კარგიJ ჩემი მედია კამპანია ჯერ არ განხორციელებულა. კონცეფციას ახლაც ვხვეწავ და რეგულარულად გავდივარ კონსულტაციას ჩემს მეგობართან, ფსიქოლოგ გოჩა გოშაძესთან. გოჩასთან კონსულტაცია ამა თუ იმ აქტივობისა თუ შეტყობინების ეფექტიანობის უფასო ტესტირებას ჰგავს.

მათ კი, ვინც არც გოჩას იცნობს და არც ტესტირების დრო აქვს, პიარ ჰიპერმარკეტში უფასო რჩევას მივცემ. იმას ნამდვილად ვერ გეტყვით - კანონთან მარტო ნუ დარჩებითთქო! პირველ რიგში, არ გეტყვით იმიტომ, რომ ადამიანის გონებამდე DO NOT (”არ” ან ”ნუ”) აღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გზავნილი ან შეგონება მიმაგრებულია პოზიტივზე. რაც არ უნდა წერონ სიგარეტის კოლოფზე ”სიგარეტის მოწევა იწვევს სიკვდილს”, მავნე ჩვევაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობთ თუკი ჩვენი ქმედებით სხვა ადამიანს ვაყენებთ ზიანს. ამიტომ ისიც გასაგებია თუ რატომ აჭრელდა სიგარეტის კოლოფები ისეთი მრავალფეროვანი მესიჯებით, რომლებიც მეტწილად მოგვიწოდებენ პასუხისმგებლობისკენ და მეტ-ნაკლებად ზრდიან ამის მოტივაციას ჩვენში (მაგალითად - ”თქვენ საფრთხეს აყენებთ თქვენს ნაყოფს”, ”სიგარეტი ვნებს ორსულობას”, ”პასიური მოწევა ასევე საშიშია” და ა.შ.). ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგმა ცხადჰყო, რომ თვითფრინავის ვარდნის, ან სავარაუდო ავიაკატასტროფის შემთხვევაში მგზავრი საკუთარი თავის გადარჩენაზე კი არ ფიქრობს, არამედ განიცდის იმას თუ რამხელა ტკივილს მიაყენებს თავისი სიკვდილით ოჯახსა და სამეგობროს... შესაბამისად, პასუხისმგებლობის აქცენტირებამ მეტ-ნაკლებად გაამართლა მოწევის შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, მოწოდება DO NOT Cross, DO NOT Enter, DO NOT Smoke, DO NOT Touch, DO NOT Exit თვალშისაცემია, მაგრამ მისაღებია მხოლოდ DO NOT WORRY, რომელიც პირდაპირ გვეუბნება ”ნუ” ღელავ, დამშვიდდი, ”არ” ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა, ვნახოთ რას გვეუბნებიან ახალგაზრდა იურისტები. ისინი ხაზგასმით გვეუბნებიან ”ნუ დარჩები კანონთან მარტო!” ბატონებო, კანონი არ არის მონსტრების კორპორაცია, რომ გეშინოდეს! ისეთ კანონს კი, რომელთანაც მარტო დარჩენა სახიფათოა და საშიში - ეწოდება უკანონობა და ამ შემთხვევაში თქვენ, იურისტებს ისეთივე ფუნქციონალური დატვირთვა გენიჭებათ, როგორიც აქვთ ადვოკატებს სასამართლო გარიგებისას - შუამავლის და არა (და)მცველის. თქვენ იურისტები ხართ და არა მაკლერები. შესაბამისად, შუამავლის ისეთი ფუნქცია, როგორიც ახლა აღვწერე, ზიანს აყენებს თქვენს იმიჯს და ეჭვქვეშ აყენებს თქვენს შესაძლებლობებს. იმავეს ვეტყოდი იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ლოზუნგის - ”საქართველო იქცევა პენთჰაუზების ქვეყნად” ვითომდა საპირწონედ (?!) საზოგადოებას შესთავაზეს ცალსახად ნეგატიური მოწოდება ”საქართველოს კარვების ქვეყნად ვაქცევთ!”.


პ.ს. მორალი - ისწავლეთ საკუთარი თავის პოზიციონირება! მოახდინეთ საკუთარი თავის სწორი პოზიციონირება!

პ.პ.ს. საუკეთესო სურვილებით:)))

Sunday, March 21, 2010

დარგის ფემინიზაცია

თებერვლის თვეში საინტერესო კვლევის შედეგებს წავაწყდი გაზეთ “Financial” - ში, უფრო სწორედ, სტატიის სათაურმა ”PRs of Largest Georgian Companies” მიიპრყო ჩემი ყურადღება. ამ სათაურის ქვეშ ვკითხულობთ, რომ 30 ქართველი ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად დასახელდა პიარ მენეჯერების ტოპ ჩამონათვალი, როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში. სურათი ძალიან საინტერესოა. სულ ჟურნალისტებმა დაასახელეს 25 პიარ პრაქტიკოსი, შედეგი: ყველა ქალბატონი და არცერთი მამაკაცი. ზოგადად, ის, რომ ქალები საქართველოში უფრო მეტია პიარ პრაქტიკით დაკავებული ვიდრე მამაკაცები ვიცოდი; ასევე ვიცი, რომ პიარ პროფესიაზე მოთხოვნა საქართველოში უფრო ქალბატონების სასარგებლოდაა. მაგალითად, ბოლო ორი წლის პირად მაგალითს თუ მოვიყვან, ჩემი სტუდენტების საერთო რაოდენობიდან (სულ 80, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე, ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში) მხოლოდ 4 - ია მამაკაცი, დანარჩენი 76 ქალბატონია. მაგრამ ასეთ შედეგს - მაინც არ ველოდი, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ყველა ნომინირებული კანდიდატის მიმართ. ვფიქრობდი, რომ ერთი ”ჩვენებური” მაინც გამოერეოდა ამ სიას (ჩვენებურში მამაკაცს ვგულისხმობ).

ამ სტატისტიკამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ პიარ პრაქტიკის ფემინიზცია რეალური ტენდენციაა, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, ამ დარგში, გენდერული თანასწორობის მიღწევაც კი გაძნელდება, და ის მუდამ, დარღვეული იქნება ქალბატონების სასარგებლოდ. ეს პროფესია და პრაქტიკა საქართველოში ახალია, ის მაქსიმუმ 15 წლის ისტორიას ითვლის და რათქმაუნდა ამ პროფესიის ჩამოყალიბებას ჩვენთან არ გაუვლია ყველა ის საფეხური, რაც მან მაგალითად აშშ-ში გაიარა (აშშ, ამ პროფესიის და პრაქტიკის სამშობლოდ ითვლება) და ამ დარგის ჩამოყალიბების პერიოდში საქართველოში, თავიდანვე დომინანტები ქალბატონები იყვნენ და არიან დღესაც. თუმცა სურათი აშშ სხვაგვარი იყო. მაშინ, ამ დარგის პრაქტიკოსებს შორის, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ 21 საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში პიარ პრაქტიკით 71 % ქალბატონი იქნებოდა დაკავებული. თუ უწინ, ამ დარგის ჩამოყალიბების სათავეებთან აშშ-ში მხოლოდ მამაკაცები იდგნენ თითქმის 100% - ით (რომლებმაც შექმნეს ეს პროფესია და იყვნენ პირველი პიარ პრაქტიკოსები), ამჟამად მათი რიცხვი 30 % - მდე შემცირდა. აშშ-ში, ქალბატონების რიცხვის ზრდა პიარ პრაქტიკაში ასე გამოიყურება: 1979 წელს ქალბატონების რიცხვმა 41% შეადგინა, 1983 წელს 50,1 % (უკვე უმეტესობაში წავიდა, თუმცა ამ პერიოდში ყველაზე თანაბრად იყო დაცული გენდერული თანასწორობა), 1993 წლისთვის ეს რიცხვი 67% - მდე ადის, ხოლო 2000 წლისათვის 70 % - ია. აშშ-ში, საუნივერსიტეტო სწავლებაზე მოთხოვნის მხრივაც ქალბატონები დომინირებენ (ისევე როგორც საქართველოში). გარდა იმისა, რომ გასულ საუკუნეში, თითქმის მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დაკავებული პიარ პრაქტიკით, ისინი, ასევე დომინირებდნენ პროფესიული ლიტერატურის შექმნაში და დღესაც, ყველაზე მნიშვნელოვანი პიარ სახელმძღვანელოები, რომლებითაც ისწავლება უნივერსიტეტებში მათ ავტორებად მხოლოდ მამაკაცები გვევლინებიან.

არის ერთი საინტერესო ნიუანსი, რაზეც მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო. აშშ-ში, ანაზღაურების მხრივ, ქალები საგრძნობლად ჩამორჩებიან მამაკაცებს და მათი ხელფასი, უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების. ბოლო პერიოდში წარმოებული პიარ პრაქტიკოსების ხელფასის კვლევის შედეგების თანახმად მამაკაცის ყოველწლიური საშუალო ხელფასია $ 105,450, ხოლო ქალის $ 70,800. გარდა ამისა, თუ მამაკაცის მუშაობის გამოცდილება 5 წელზე მეტია, მისი ხელფასი $ 125,000 - მდე ადის, მაშინ, როდესაც იგივე წლების მუშაობის გამოცდილების ქალის ხელფასი $ 85,470 - ს შეადგენს. დავა, დღემდე მიდის თუ რატომ არის სხვაობა მამაკაცის და ქალის ხელფას შორის, რომლის დროს იკვეთება ორი ახსნა:

1) მამაკაცების უმრავლესობას უკავია მმართველი პოზიციები და ისინი არიან ორგანიზაციების დირექტორთა საბჭოს წევრები, რომლებიც მუდმივ რჩევებს აძლევენ მენეჯმენტს და წარმოადგენენ სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტებს, ვიდრე ტექტნიკური დონის სპეციალისტებს (ამ ტენდენციის მიხედვით, მამაკაცები უფრო სტრატეგიული პროგრამების შექმნითა და მართვით არიან დაკავებულები, ქალბატონები კი ამ პროგრამის კარგი შემსრულებლები არიან ტექნიკური თვალსაზრისით, მაგალითად: მედიასთან ურთიერთობა, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება, ა.შ). ლიბერალური შეხედულების ფემინისტები ოპტიმისტურად უყურებენ ამ ტენდენციას და ამბობენ, რომ ქალებისთვის, პიარ პრაქტიკა კვლავ ახალ პროფესიად რჩება და დროთა განმავლობაში ისინიც დაწინაურდებიან მაღალ, გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე, რომლების უმეტესობაზეც ამ ეტაპზე მამაკაცები იმყოფებიან.

2) რადიკალური ფემინისტური შეხედულებების თანახმად, მხოლოდ ქალების დაწინაურება გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე საკმარისი არ არის და აუცილებელია გენდერული დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრა (ამ ახსნას, მე არ ვემხრობი და პირველი ახსნა უფრო ლოგიკურად მეჩვენება).

მოკლედ, ვფიქრობ ძალიან გამიგრძელდა, აქ დავასრულებ და ამ ძირითადად სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის შესაძლებლობას თქვენ მოგანდობთ კომენტარების სექციაში აქტიურობით.

Wednesday, February 24, 2010

სიყვარული სავიზიტო ბარათით

დიდი ხანია რაც მსოფლიოში რეკლამა კრეატივად არის ქცეული (განვითარებად ქვეყნებში ჯერ ქცევადი), თუ გინდა კლიენტის გული მოიგო, ქუჩაში ვერ შეაჩეჩებ (სხვათა შორის მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილ) ფლაერს ტექსტით: ”ბონჯო” უკვე საქრთველოშია, ”ბონჯო” - ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე - გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უპროფესიონალურეს მომსახურებას, ჩვენთვის საზღვრები არ არსებობს და ვაკეთებთ ყველაფერს, ”ბონჯო”, ეს არის უნივერსალური მომსახურება ყველასთვის, დაგვირეკეთ და ისარგებლეთ ”ბონჯოს” მომსახურებით!” (ვიცი რომ ვერ გაიგეთ რა არის ”ბონჯო”, მაგრამ ასეც იყო ჩაფიქრებული ან უ-ებზე გადაყოლილებს ამის ახსნა დაავიწყდათ); ან კიდევ ფანჯრის წინ ვერ გამოუკიდებ ბილბორდს, რომელზეც წარბებშეჭმუხნულ, სიმპატიურ ჩაფხუტიან არქიტექტორს შთაგონებული მზერა ზეცისკენ აღუპყრია (თან ეტყობა რომ კარგად ვერ არის შესული როლში, ცოტაც უტყდება პოზირება და რეჟისორი ფოტოსესიის დროს კარნახობს რაზე იფიქროს), უკანა ფონზე საკმაოდ კარგად მიფოტოშოპებული მისი დაპროექტებული ცათამბჯენები მოჩანს, სლოგანად კი ბილბორდის მთელ სიგრძეზე რამე ამდაგვარი განტოლებაა გადაჭიმული: ”სანამ თქვენ აცნობიერებთ თქვენ სურვილებს, ჩვენ ისინი უკვე გაცნობიერებული გვაქვს!” ან ”ჩვენი შესაძლებლობები ჩვენივე პროფესიონალიზმთან შეჯამებით და თქვენ სურვილებთან შეფარდებით ქმნის საფუძველს თქვენი წარმატებისთვის!”

არადა მომხმარებელი სულ გათავხედდა და უნდა რომ რეკლამა ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდეს.

სავიზიტო ბარათებსაც უკვე აღარ იყენებენ მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის მისაწოდებლად, ის ისეთივე მარკეტინგული ინსტრუმენტია, როგორიც რეკლამა. ვერ ვიტყვი რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებდნენ, თუმცა შემიძლია გავიხსენო ერთი უდავოდ დასამახსოვრებელი სავიზიტო ბარათი, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე, რამ დამავიწყოს როგორ შემომიღრინა ბატონი ვეფხია გასვიანის სავიზიტო ბარათის ინგლისურენოვანმა მხარემ - Tiger Gasviani (ღრრრ :). მაინც არ გირჩევთ კრეატიულობის ისეთ ხერხს მიმართოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი გვარის წარმომადგენელთა შესახებ შექმნილი ანეგდოტების რიცხვში ამოგაყოფინოთ თავი.

ამ პოსტში ნახავთ 26 არაჩვეულებრივ, ჭკვიანურ და კრეატიულ სავიზიტო ბარათს, რომლებიც მფლობელებს უნახავად შეგაყვარებენ (მეც ასე მყავს ჩავარდნილი გულში ვეფხო :)


Yuka Suzuki - თმისა და მაკიაჟის სპეციალისტი



იოგას სპეციალისტის სავიზიტო ბარათი



Paul Nielsen - პერსონალური ტრენერი



Ken Speckle Gifts - საჩუქრების მაღაზიის სავიზიტო ბარათი



ბერძნული რესტორნის სავიზიტო ბარათი



Francesca Pasini - ფოტოგრაფი, დიზაინერი




Ramesh Sharma - განქორწინების შემდგომი კონსულტაცია



Dave Ward - ფოტოგრაფი



პიანინოს შეკეთების მომსახურების სავიზიტო ბარათი



Digitopolis - ციფრული ფოტოგრაფიის კომპანიის სავიზიტო ბარათი



Marieke Vanderweeen - ფლორისტი



Wunderburg Design-ის სავიზიტო ბარათი



Junge Schachtel- გრაფიკული და პროდუქტის დიზაინი



Emerson Taymor - დიზაინერი, ფოტოგრაფი



Adworks Media-ს სავიზიტო ბარათი (www.adworks.ro)



The Church - დიზაინი და კომუნიკაციები



Thomas Wood Products (ხის მასალები)



Mark Ramadan- რესტორნების კრიტიკოსი :)


Structural Graphics-ის სავიზიტო ბარათი (სტრუქტურული გრაფიკა)


igvita.com (პროგრამირება, ვებ დეველოპმენტი)


Chris Fisher - რადიოწამყვანი


Sensus Design Factory - დიზაინი


Deisel Design-ის სავიზიტო ბარათი (დიზაინი)


Dave Blank-ის სავიზიტო ბარათი


Celia Keyworth-ის საკვები პროდუქტები


Richard E. Smith - ფოტოგრაფი

წყარო: www.toxel.com

Wednesday, February 3, 2010

ფარული სიმბოლიზმი

ჩვენ ყოველდღიურად გვხვდება თვალში არაერთი კომპანიის ლოგო, მაგრამ ხშირად ბევრს არ ვფიქრობთ ხოლმე მათზე. ჩემში და ალბათ მათშიც, ვინც დიზაინერული ილეთების მიმართ გულგრილი არ არის, ფარული სიმბოლიზმის აღმოჩენა ლოგოებში სასიამოვნო აღმაფრენას იწვევს, რომელიც დიზაინერის გამჭრიახობით არის გამოწვეული.

ამ პოსტში ცნობილი კომპანიების ლოგოებს შევათვალიერებთ უფრო მახვილი თვალით, წინ სასიამოვნო აღმოჩენები გველის.

ამაზონი (Amazon)

ამაზონის ლოგოში a-დან z-მდე მორკალული ისარი არა მხოლოდ ისარია, არამედ კმაყოფილი მომხმარებლების გაბადრული ღიმილიც :), თუ აქამდე ეს არ შეგიმჩნევიათ (თუმცა, რომ არ შეგიმჩნევიათ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის თქვენზე არ მოქმედებდა), თქვენი მომდევნო ვიზიტისას www.amazon.com-ზე აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მომღიმარი ლოგო.

ბასკინ რობინსი (Baskin Robbins)



სიმართლე გითხრათ სანამ ამ პოსტის ორიგინალურ ვერსიას არ გავეცანი, მანამდე არ ვიცოდი, რომ ამ კომპანიის ლოგოც ისეთივე გემრიელი იყო, როგორც ყველასათვის საყვარელი ნაყინი.

ერთი შეხედვით ამ ლოგოში მხოლოდ აბრევიატურას - BR - ვხედავთ, მაგრამ ამ ლოგოს ვარდისფერ ფერში გადაწყვეტილი ნაწილი 31-ს გამოსახავს, სწორედ ამ რაოდენობის განსხვავებულ არომატებს გვთავაზობს BR.

მე კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ბასკინ რობინსი.

ფედექსი (FedEx)



ფედექსის ლოგოს დიდება უკვე ლეგენდადაა ქცეული, თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ E-სა და x ასოებს შორის მარჯვნივ მიმართული ისარია გამოსახული, რაც იმის სიმბოლოა, რომ ფედექსი ყოველთვის ზუსტად და დროულად (right on time) ახდენს გზავნილის მიწოდებას ადრესატისთვის.

Milwaukee Brewers



მეც და ალბათ თქვენც ამ ლოგოს შეხედვისას თვალში ბურთი და ხელთათმანი გვეცემა, ოდნავი დაკვირვება (ამას მესამე თვალი არ სჭირდება) და M და b ასოებიც უცებ ამოტივტივდება მხედველობის ზედაპირზე. 

ტობლერონი (Toblerone)



ალბათ გაგისინჯავთ ცნობილი შვეიცარული შოკოლადი ”ტობლერონი”, მისი გემო ჩემთვის აღმოჩენად წლების წინ იქცა, აი რაც შეეხება ლოგოს, ისევ და ისევ ამ პოსტის ორგინალური ვერსიის საშუალებით აღმოვაჩინე, რომ შვეიცარიის მთის სიმბოლოში მნიშვნელოვანი პერსონა - დათვი იმალება, ის შვეიცარიის ქალაქ ბერნის სიმბოლოა, ამ ქალაქში მზადდება ”ტობლერონის” რძიანი შოკოლადის ცნობილი მთაგრეხილი.

წყარო: http://www.frigginrandom.com/hidden-symbolism/