ბერდიას წერილი რომ წავიკითხე, მეც მომინდა პრეს-რელიზების შექმნისა და გავრცელების შესახებ გამეზიარა თქვენთვის ჩემი გამოცდილება და ზოგადად აზრი იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურია კომუნიკაციის ეს საშუალება ჩვენს რეალობაში (არ ვეკამათები, მაგრამ არც ვეთანხმებიJ). რეალობიდან გამომდინარე ეფექტური ნამდვილად არ არის. მეტიც, ზოგი ჯიუტად აგრძელებს პრეს-რელიზის შეფუთვას სიტყვებით „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ არ მუშაობს და თუ მუშაობს, გამვრცელებლის წინააღმდეგ და არა მის სასიკეთოდ. რატომ? საინფორმაციო ნაკადში ადამიანი თავად ირჩევს მისთვის საინტერესო წყაროს და საშუალებას, ინფორმაციას და საკუთრივ ამ ინფორმაციის ფორმას. გამონაკლისი არც მედია საშუალებებია, რომელსაც რემარკა „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“ მხოლოდ აღიზიანებს. ასეთი ფორმით და შეფუთვით მიწოდებულ ინფორმაციას სანაგვე ურნაში უკრავენ თავს, თქვენ კი ხელმძღვანელობასთან სერიოზული არგუმენტირება მოგიწევთ იმისა თუ რატომ არ გამოქვეყნდა თქვენი კომპანიის შესახებ დაგზავნილი ინფორმაცია.
აბსოლუტურად სერიოზულად გირჩევთ - პრეს-რელიზზე მსგავსი ფრაზების დატანაზე უარი თქვით. „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“ ტექსტს ხშირად ამოიკითხავთ სამთავრობო სტრუქტურების მიერ დაგზავნილ პრეს-რელიზზე. ეს ოფიციოზია, რომელიც თქვენ არ მოგიხდებათ. სამთავრობო ფიარი ჩვენი ტკივილია ისევე, როგორც მთლიანად ეს მთავრობა და მისი ფიარ ტაქტიკა. ნუ იქნებით ერთფეროვანი. სამთავრობო ფიარი და მათი პრეს-სამსახურები სწორედ ერთფეროვნებით სცოდავენ... ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში დღემდე ქადაგებენ პრეს-რელიზის „რკინის“ მოდელს, მშრალ და უინტერესო ფორმას.
იყავით ორიგინალურები. გამოიჩინეთ გონებამახვილობა, ფანტაზია... მახსენდება ერთი შემთხვევა - ყავის მოსამზადებელი აპარატის ერთ-ერთმა მწარმოებელმა კომპანიამ პოტენციურ კლიენტებს ოფისში, უშუალოდ ოფის მენეჯერებს დაუგზავნა რეზიუმეს, CV-ის სახით ამ აპარატის ტექნიკური მახასიათებელი და უპირატესობები სხვა „კანდიდატებთან“ შედარებით. ამ თავისებურ პრეს-რელიზში (გინდ რეკლამა დაარქვით) დამაჯერებლად იყო არგმენტირებული თუ „რატომ უნდა აიყვანონ ის სამსახურში...“ კომუნიკაციის ასეთი ფორმა ყოველთვის მომგებიანი იქნება, რადგან გამოირჩევა კრეატიულობით. მოკლედ, ნუ იქნებით ერთფეროვანი და თქვენს მიერ შექმნილი და დაგზავნილი ინფორმაციაც მრავალფეროვანი მოგეჩვენებათ.
პრეს-რელიზი კომუნიკაციის ისეთი ფორმაა, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ურთიერთობას მარტივ პრინციპზე დაყრდნობით - გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. არახალია, რომ ასეთი პრეს-რელიზი უნდა პასუხობდეს ხუთ ძირითად კითხვას, რომელიც ებადება ადრესატს: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? ხშირად შემხვედრია პრეს-რელიზი, რომლის სოლიდური მოცულობა ერთი იოტითაც კი ვერ უახლოვდებოდა ამ აქსიომატურ პრინციპს. რა თქმა უნდა, ასეთი პრეს-რელიზი იმთავითვე ნაგვის ურნაში მომისვრია. პრეს-რელიზი ლაკონური რომ უნდა იყოს, ამას ნებისმიერი ჟურნალისტი გეტყვით. კარგად მოუსმინეთ ხოლმე ჟურნალისტებს. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და როგორი ფორმით. პრეს-რელიზი კი მომხმარებელზე მორგებული თავისებური პროდუქტია, რომელმაც უნდა გაყიდოს თქვენი კომპანია, თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის იმიჯი. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა სიუჟეტის თუ საგაზეთო პუბლიკაციის თემის 30-40% თქვენს პრეს-რელიზებში პოულობენ, პრეს-რელიზის შექმნის პრინციპები ორმაგ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.
მე ვფიქრობ, რომ მოსეს მიერ სინას მთიდან ჩამოტანილი ათი მცნება იყო და არის ყველაზე სერიოზული პრეს-რელიზი, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას საკომუნიკაციოდ. მასში ჩამოყალიბებულია ის ათი პუნქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა. ეს თავისებური კორპორატიული ეთიკაა და ნუ გექნებათ პრეტენზია შექმნათ მსგავსი დოკუმენტი. თუმცა, თქვენი კომპანია და მისი მისია - თქვენთვის სწორედ რომ რელიგიად უნდა იქცეს, რომელმაც თქვენ უკვე მოგაქციად და ახლა უკვე თქვენც უნდა მოაქციოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, როგორც ამას მისიონერები აკეთებდნენ. სწორედ შეარჩიეთ სიტყვები, რომლებმაც უნდა წარმოაჩინოს პრეს-რელიზში თქვენი კომპანიის მორალი, პრინციპები და ზნეობა...
გიორგი, დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. მე თითქმის მთლიანობაში ვიზიარებ შენს მოსაზრებას (რომ პრესრელიზები ჯერროვნად არ გამოიყენება კომუნიკაციის ეფექტურ ფორმად საქართველოში და რომ ეს რეალობაა), თუმცა ასევე მიჩნდება კითხვები, კერძოდ: შენ არ იზიარებ პრესრელიზების აღიარებულ ფორმატში არსებულ „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“ შეფუთვას. ეს ერთადერთი შენიშვნაა პრესრელიზის ფორმატთან დაკავშირებით? (ნუ მე არ ვსაუბრობ მისი შინაარსი რომ უნდა იყოს საინტერსო, ორიგინალური, და ა.შ.). რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენიშვნას. მე ვთვლი, რომ ყველა ინსტუმენტი, რომელიც გამოუიყენება კომუნიკაციის დროს (პიარ პრაქტიკაზე მაქვს საუბარი) მეტ-ნაკლებად ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც აღიარებულია ყველას მიერ. ანუ, თუ ყველა პიარ პრაქტიკოსი სხვადასხვა ქვეყანაში იყენებს პრესრელიზს, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ ფორმას რათქმაუნდა)საშუალებას და იცავს მისი შექმნის ასევე აღიარებულ ფორმატს (რომელ ფორმატშიც იგულისხმება „დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის“), ჩვენი კოლეგები საქართველოში უნდა ცდილობდნენ, რომ დაამვკდრონ ასეთი აღიარებული ფორმატი თუ თვითონ შექმნან მისი ანალოგი? (იქნებ, ეს ზუსტად იმის ბრალია, რომ კომუნიკაციის ფორმა პიარ პრაქტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის აწყობილია პირადი გამოცდილებების მაგალითზე და ნაკლებად ეფუძნება იმ გამოცდილებას რომელიც გამოიყენება დასავლეთში და რომელი გამოცდილებითაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ საკომუნიკაციო პრაქტიკას?). ბევრი რომ არ გავაგრძელო, შენი აზრი მაინტერესებს: ჩვენ ერთად (პიარ პრაქტიკოსებმა და ჟურნალისტებმა) ერთად უნდა შევიმუშავოთ ერთიანი სტანდარტი / ფორმა პრესრელიზისა, როგორც ერთ-ერთი საურთიერთობო ფორმა, თუ ყველამ ვისაც რა ფორმით უნდა ისე უნდა წეროს პრესრელიზი? ეს ხომ პრესრელიზი აღარ არის? მადლობა წინასწარ,ბერდია.
ReplyDeleteბერდია,
ReplyDeleteმოდი ასე გიპასუხებ, საერთაშორისო გამოცდილების მიუხედავად, საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია წინასაარჩევნო მარათონის წარმართვა იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც იყენებენ დასავლეთში. და თუ რატომ, ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს და ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მენტალური თავისებურება. ამაზე, შენც კარგად იცი, ესა თუ ის პიარ თეორეტიკოსი წიგნებსაც კი წერს და ქართულ და რუსულ მენტალიტეტს ფაქტობრივად ერთმანეთს უთანაბრებს; იქვე აღნიშნავს, რომ მსგავსება იგრძნობა ნებისმიერ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს (ან და ხალხს, მენტალობას) შორის. კი, ვიცი, რასაც იტყვი - ეს დროთა განმავლობაში შეიცვლება. ალბათ მას შემდეგ, რაც საქართველო გაეროში, ნატოში და კიდევ ღმერთმა უწყის სად გაწევრიანდება. მანამდე კი, სამწუხაროდ - бытие определяет сознание და არა პირიქით :) ახლა, ძალიან განყენებული რომ არ გამოვიდეს ჩემი პასუხი, პრეს-რელიზებზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. კერძოდ, მედია არ არის ქველმოქმედების სფერო. მედია არის ბიზნესი და, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის გამოქვეყნება / გაშუქებისათვის არ კმარა ზედდატანილი "დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის". თუ გაქვს ინფორმაცია, რამდენად ამართლებს ასეთი პრინციპი უცხოეთში? შენი აზრით, იქ მედია საშუალებების მფლობელები უპირობოდ იღებენ და აქვეყნებენ ასეთი ფორმით შეთავაზებულ ინფორმაციას? არ ვიცი, ვეჭვობ, რომ ასე იყოს. ამ მცირე წერილში ვეცადე დამესვა აქცენტები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს პრეს-რელიზი, პასუხი მოკლეა - საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო, საჭირო... და რაც შეეხება ბერდია იმას, რომ ვისაც რა ფორმით მოუნდება, იმ სტილით დაწერს პრეს-რელიზს, ამას თავად კომუნიკაციის ცნება არეგულირებს. იქნება გასაგები? წერონ, ბატონო, ასე.
გიორგი