Tuesday, September 14, 2010

უსახელო, უსახური, უსახლკარო და უსუსური?

მე - ჩემი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი ვარ და, ამავე დროს, PR სპეციალისტი. ესე იგი, ორმაგად მევალება ჩემი ქვეყნის გაპიარება და გაPRავება! ამ პროცესს პიარ თემის პოლიტიზირებით დავიწყებ:)

პოლიტიზირებით იმიტომ, რომ შემოგთავაზებთ რუსული პიარის შესახებ ეპიტაფიას პრეს-რელიზის ნაცვლად და გთხოვთ დააკვირდეთ, რა დღეში ყოლიათ ჩვენი კოლეგები ავტორიტარულ რუსეთში (ავტორიტეტულ... ავტორი... ავტორიტარ... ნუ, მოკლედ, როგორც არის, იყოს და მერე ტლაშაძემ ჩაასწოროს).

მოდელირებული ქრონიკა: ბიზნესი დღეს უკვე ობიექტურად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე, მასთან მჭიდრო კავშირშია და, გარკვეულწილად, მისი ანარეკლიცაა. დღეს კრეატივი აღარავის სჭირდება. მეტიც, მისი უბრალოდ ეშინიათ! ეშინიათ იმის, რომ სხვის ფონზე გამოიკვეთონ და იყვნენ განსხვავებულნი; ბიზნესმ(ენებმ) ქვეცნობიერ დონეზეც მიიღეს სიგნალი - ჩაიმალე სადაც ხარ და თავი არ გამოყო! ასე თუ ისე შეიძლება თავის გაპიარება (და გაPRავებაც), მაგრამ მასისგან დიფერენცირება სახიფათოა. ეს მსხვილ ბიზნესსაც ეხება და ლოკალურ კომპანიებსაც, რომლებსაც არ აკლებს თავის ყურადღებასა დაწყალობასადგილობრივი თვითმართველობა. რუსული ბიზნესი დღეს მეტწილად აღარ საჭიროებს საზოგადოებასთან კავშირებსა და ურთიერთობებს, ვინაიდან მისი მომავალი, ბედი ნაკლებად არის დამოკიდებული საზოგადოების აღქმაზე... მის ბედს ახლა უკვე რომელიღაცა ჩინოვნიკი განაგებს!”

პატრიოტული გულმოდგინებით ვახდენ ფაქტის კონსტატაციასა და საკონტროლო გასროლას: ”PR მოკვდა, გაუმარჯოს GR-!”. ანუ, გაუმარჯოს ინტერესების ლობირებას და არა პიარს! გაუმარჯოს პროპაგანდას და არა პიარს! ასეთ პირობებში იკვეთება პიარ სპეციალისტების დისფუნქცია! აბსურდული ხდება ცნება - ჯანსაღი კონკურენცია, რადგან პოზიციონირებას და საკომუნიკაციო სტრატეგიას, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეიძლება წერტილ დაუსვას პროკურატურაში შეტანილმა განცხადებამ, რომელსაც საფუძვლად დაედება მომჩივანის არაკონკურენტუნარიანობა! ეს დაახლოებით იგივეა, რომ იმპოტენტმა ჯანმრთელი ადამიანის წინააღმდეგ შეიტანოს განცხადება და სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელის კასტრაცია მოახდინონ... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რუსეთში ხდება? კი, ბატონო, ქატო იქა, ფქვილი - აქა! PR მხოლოდ იქ არის უსახელო, უსახური, უსახლკარო და უსუსური!


ჩემსბლოგინსტრადიციული PR ტექსტით დავასრულებ, რომელიც მეტ-ნაკლებად ახდენს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და დიფერენცირებას, რომელშიც დღითიდღე უფრო ნათლად ჩანს PR-ის საჭიროება და ჩვენი კრეატიულობა:


ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

პ.ს. ისწავლეთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, კრიზისული კომუნიკაციების მართვის და ბრენდინგის კურსებზე! ისწავლეთ ბეჯითად - თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია... ხო, უნარებიც!

Monday, September 13, 2010

სად გადის უსაზღვრო ინტერნეტის საზღვარი




ინტერნეტი ნელ-ნელა ჩვენი რეალობის ზუსტი ასლი ხდება. ყველაფერი, რაც გარს გვახვევია უკვე ინტერნეტშიც დევს. გასაგებია, რომ ინტერნეტით შეიძლება ვიყიდოთ ტანსაცმელი, წიგნები, ავტომობილის ნაწილები... თურმე ინტერნეტი ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვისაც იდეალური ადგილი აღმოჩნდა. აქ, ელვის სისწრაფით ვრცელდება ჭორები და ნამდვილი ამბები. აქ, ადამიანები ახალ მეგობრებს პოულობენ და ძველ მეგობრებს კარგავენ. უფრო მეტიც, მარტივი კვლევის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს რითი ცხოვრობს თითოეული ადამიანი, ან ზოგადად კაცობრიობა. ამისთვის, უბრალოდ, იმ ვებსაიტების ანალიზი იქნება საკმარისი, რომლებზეც ხალხი დღის განმავლობაში შედის. ამგვარი დაკვირვებით ნათელი ხდება ამა თუ იმ ადამიანის ფარული სექსუალური მისწრაფებები თუ სულიერი ძიებანი და ისიც, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ინდივიდისთვის, ან ზოგადად კაცობრიობისთვის.
მსგავს სტატისტიკას საძიებო სისტემები აწარმოებენ, რათა შემდგომ ანალიზის საფუძველზე, ახალი სერვისები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მაგალითად, google-ს მომხმარებელთა აქტივობების უზარმაზარი მონაცემთა ბაზა გააჩნია, რომელშიც დაფიქსირებულია თუ როდის და რას ეძებდნენ ამა თუ იმ კომპიუტერიდან. ამ ინფორმაციით ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებიც ყოფილან დაინტერესებულნი. მაგრამ, როგორც google-ის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, მათ არავისთვის არასდროს გადაუციათ მსგავსი ინფორმაცია. თუმცა კონსპირაციული თეორიების მოყვარულნი ეჭვის თვალით უყურებენ ამგვარ განცხადებებს.
ინტერნეტი ყოველ წამს ფართოვდება და მისი არეალი მუდმივად იზრდება, მაგრამ იგი კვლავ თავისუფალ სივრცედ რჩება. ანუ, ინტერნეტს არ გააჩნია ერთი ცენტრი, საიდანაც შესაძლებელია მისი გამორთვა ან თუნდაც რეგულირება. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინფორმაცია განათავსოს და ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. მაგრამ ეს ყველას არ მოსწონს და რიგ სახელმწიფოებში სხვადასხვა სახის, ლოკალური შეზღვუდვებია დაწესებული.

თურქეთი
ჩვენს მეზობელ თურქეთში youtube-ში შესვლა რომ სცადოთ, არაფერი გამოგივათ. ეს ვიდეო სერვისი მთელი თურქეთის ტერიტორიაზეა დაბლოკილი. თვითონ დაბლოკვის მექანიზმი ასეთია – თურქეთის სასამართლომ ყველა თურქეთში მომუშავე პროვაიდერს (ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიას) საგანგებო შეტყობინება გაუგზავნა, რათა მათ თავიანთი კლიენტებისთვის youtube-ი გაეთიშათ. მიზეზად კი თურქეთის სულიერი მამის, ათა თურქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლი დასახელდა, რომელიც ამ ვიდეოსერვისზე იყო განთავსებული.
რეალურად ამით, თურქეთში, გარკვეულმა ძალებმა თავის შესაძლებლობათა დემონსტრირება მაოხდინეს. აი, ჭკვიანად თუ არ იქნებით, რასაც გვინდა იმას ავკრძალავთო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ინტერნეტ ცენზურასთან დაკავშირებით, არც ისე მძიმედ არის საქმე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. აქვე იმასაც დავამატებ, რომ გარკვეული ცოდნის მქონე ადმიანს, მაინც ძალუძს ამგვარი გვერდებით სარგებლობა.

ირანი
აი ირანში კი, ინტერნეტ თავისუფლების მხრივ, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა. უამრავი ვებგვერდი და ინტერნეტ სერვისი, უბრალოდ, დაბლოკილია. ამასთანავე ყველა ბლოგერი ვალდებულია, თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გარკვეულ სტრუქტურებს ამ ბლოგებისთვის თვალყურის დევნება გაუადვილდეს. ზოგადი სიტუაციის სადემონსტრაციოდ ისიც კმარა, რომ 2009 წლის 18 მარტს, ციხეში დაიღუპა ერთ-ერთი ირანელი ბლოგერი. ომიდრეზა მირსაიაფის (Omidreza Mirsayafi) 2008 წელს, თავის ბლოგზე, აიათოლა ხომეინის შეურაცხმყოფელი მასალის გამოქვეყნებისთვის 30 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალურმა პირებმა მირსაიაფის ნათესავებს განუცხადეს, რომ მან ციხეში თავი მოიკლა.
2009 წლის ივნისში ირანის მოსახლეობამ არჩევნების ოფიციალური მონაცემები არადამაჯერებლად ჩათვალა. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა. მწვავე პოლემიკამ ფორუმებსა და ბლოგებზე გადაინაცვლა. ამიტომაც, სულ მალე, ინტერნეტი დაიბლოკა. მაშინ მოსახლებამ SMS-ების საშუალებით დაიწო ინფორმაციის გაცვლა. ამგვარად, SMS გზავნილები ერთადერთ ობიექტურ ინფორმაციის წყაროდ გადაიქცა.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, თავად ირანის პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს გამოიყენოს ვირტუალური ტრიბუნა, ამის დასტურად მისი ბლოგი და ვებგვერდი გამოდგება.

თურქმენეთი
თურქმენეთში საქმე კიდევ უფრო მარტივად არის. შეიძლება ითქვას, რომ აქ უბრალოდ, ინტერნეტი არ არსებობს. თურქმენეთის ახლანდელი პრეზიდენტი, გურბანგულ ბერდიმუხამედოვი თავის დროზე ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანდა. და მართლაც, 2007 წელს თურქმენეთში პირველი ინტერნეტ-კაფე გაიხსნა. თუმცა, ამ ინტერნეტ კაფეს ჯარისკაცები იცავდნენ და როგორც ჩანს, მიმდებარე შენობების ფანჯრებიდან სპეცსამსახურები გულდასმით აკვირდებოდნენ ინტერნეტით დაინტერესებულ თანამოქალაქეებს. ქვეყანაში თავად ინტერნეტ სერვისის გადასახადი იმდენად დიდია, რომ მას მხოლოდ უცხოური კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლებიდან კი ერთეულები მოიხმარენ.

კუბა
არც ჩვენი პლანეტის მეორე მხარეს არის ინტერნეტ თავისუფლების მხრივ ყველაფერი კარგად. კუბაშიც თურქმენეთის მსგავსად, ინტერნეტის გავრცელების არეალი მწირია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზოგადად, რთული ეკონომიკური სიტუაციაა.
იოანი სანჩესი (Yoani Sanchez) კუბელი ბლოგერია. იგი თავის ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ წერს. მას ათასგვარი ხრიკების მოგონება უწევს, რათა თავის ბლოგში ახალი ჩანაწერები გააკეთოს. საქმე კი იმაშია, რომ კუბა ტურისტულ ბიზნესზეა ორიენტირებული და ამიტომ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროებში ინტერნეტით სარგებლობა პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტულ ადგილებში შესვლა, არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომაც იოანის მალულად უწევს უცხოელი ტურისტებისთვის განკუთვნილ ადგილებში შეღწევა და თავის ბლოგში ახალი ჩანაწერების კეთება.
2009 წლის ნოემბერში, ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ იოანი სანჩესის ბლოგზე კომენტარი დატოვა. შემდგომ ეს კომენტარი მთელი მსოფლიოს მედია საშუალებებში იყო ციტირებული. პრეზიდენტი წერდა, რომ ის მიესალმება იოანის ძალისხმევას და აღნიშნავდა, რომ იოანის ბლოგი „უნიკალური ფანჯარაა, რომლიდანაც კუბაზე არსებული ყოვედღიურობა მოჩანს“.

ჩინეთი
ჩინეთში ინტერნეტი საკმაოდ კარგად არის განვითარებული. აქ 300 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელია. ამასთანავე, ჩინეთს ყველაზე დიდი და ეფექტური ინტერნეტ ცენზურის პროგრამა აქვს. იფილტრება ყველაფერი, არასასურველი მასალა იშლება. ბლოგერები, რომლებიც „ძალიან ღრმად შეტოპავენ“ ციხეში ამოყოფენ თავს.
ამჟამად ჩინეთში დაახლოებით 24 ონლაინ პუბლიცისტი იხდის სასჯელს.
2010 წელს გუგლსა და ჩინეთის მთავრობას შორის სკანდალი აგორდა. გუგლი უარს აცხადებდა საძიებო რეზულტატის ფილტრაცია გაეგრძელებინა. საქმე იმაშია, რომ ჩინეთის მთავრობა პერიოდულად უგზავნიდა googl-ს იმ საიტების სიას, რომელთა მოძიებაც ჩინეთიდან შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ანუ მომხმარებელი კრეფდა საკვანძო სიტყვას, მაგრამ საძიებო რეზულტატში აღნიშნული საიტები არ ამოდიოდა. ისინი საძიებო სისტემისთვის უბრალოდ, არ არსებობდნენ.

მეზობელი რუსეთი
მიუხედავათ იმისა, რომ რუსეთში არ წყდება მცდელობა სხვადასხვა კანონებითა და აკრძალვებით ინტერნეტ თავისუფლების შეზღუდვისა, ამ ქვეყანაში მედია საშუალებისგან განსხვავებით, ინტერნეტი მაინც თავისუფალ სივრცედ რჩება. ამის პარალელურად, ინტერნეტ აქტივობა რუსეთში გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად, 2008 წელს დაღესტანში პოპულარული ინტერნეტ რესურსის, „Ингушетия.ру“-ს მფლობელი მოკლეს. ამ რესურსიდან ხშირად ისმოდა ხელისუფლების კრიტიკა, ამიტომაც მკვლელობის ოფიციალური ვერსია მეტად დაუჯერებელი ჩანდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ყველაფერი დაუდევრობის შედეგად მოხდა, ვინაიდან დაღესტნის პრეზიდენტის დაცვის წევრს შემთხვევით გაუვარდა იარაღი.
რუსეთში 2010 წელს მომხდარი ხანძრების დროს, მხოლოდ ინტერნეტში თუ წააწყდებოდით ხელისუფლების დაუფარავ კრიტიკას. ადამიანები ინტერნეტის საშუალებით ერთიანდებოდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას და აგროვებდნენ შემოწირულობას დაზარალებულთათვის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ბლოგერს კომენტარი დაუწერა. პრემიერ მინისტრის კომენტარი საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა. იგი უფრო პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის ოფიციალურ პასუხს ჰგავდა, ვიდრე ცოცხალი ადამიანის კონკრეტულ მოსაზრებას არსებულ პრობლემებზე.
მთელმა რუსულმა ბლოგოსფერომ აიტაცა პუტინის პრესსამსახურის მიერ გაპარული ლაფსუსი. საქმე ისაა, რომ წამყვანმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა (Интерфакс, ИТАР-ТАСС) გაავრცელეს ინფორმაცია, თუ როგორ გაუმკლავდა „მამაცი“ პუტინი ხანძარს, თვითმფრინავ „ამფიბიას“ ბორტიდან. თვითმფრინავს თავად პრემიერ მინისტრი მართავდა. ხოლო განცხადებაში თვითმფრინავი „ამფიბიას“ ნაცვლად, თვითმფრინავი „ამბიცია“ ეწერა. ეს ფროიდისეული წამოცდენა მალევე გამოასწორეს, მაგრამ ინფორმაცია უკვე უამრავ ბლოგზე იყო დაფიქსირებული.

Monday, September 6, 2010

სოციალური ქსელები – კარგად დავიწყებული წარსული




ერთობ თავშესაქცევი რამ არის შორეულ წარსულში პარალელების მოძიება. თუკი ადამიანი ძალიან გაერთე ამგვარი საქმიანობით, ისეთი შთაბჭდილება გექმნება, რომ თითქოს არც არაფერი იცვლება და საერთოდ, შეუძლებელია რამე ახალი მოიგონო კაცმა. მაგრამ, მეორე მხრივ, კაცობრიობა ხომ წინ მიდის და შესაბამისად, სულ ახალ-ახალი ტექნოლოგიები მკვიდრდება ჩვენს ირგვლივ. ერთი შეხედვით ძნელად წარმოსადგენია რა პარალელი შეიძლება მოუძებნო ადამიანმა, მაგალითად, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებს. მაგრამ, როგორც ჩანს, იმასაც კი, რაც შორეულ წარსულში ცალსახად, თანამედროვეობის პროდუქტად აღიქმება, ყველაფრის მიუხედავად, პროტოტიპები ჰქონია. და გამოთქმას „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო“ ერთობ მოულოდნელი კუთხით მოეძებნება ხოლმე გამართლება.

ვულკანის ფერფლით დაფარული ქალაქი
ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს, რომის იმპერიაში შემავალი ქალაქი, პომპეი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მერე კი, ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ქალაქთან ახლოს ვულკანი ამოიფრქვა და პომპეი ფერფლით დაიფარა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ქალაქის მოსახლეობამ ვერც კი მოასწრო სახლების დატოვება. თითოეული ნივთი, საგანი, პრაქტიკულად მთელი ქალაქი, მყისიერად აღმოჩნდა ფერფლის ქვეშ. მრავალი საუკუნის განმავლობაში ბუნების მიერ კონსერვირებული ქალაქი არავის გახსენებია. პომპეის დიდი ხნის მერე, მხოლოდ XVIII საუკუნეში დაუბრუნეს სიცოცხლე. თავად წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს ანიჭებს საუკუნეების განმავლობაში, ხელუხლებლად შემონახული ქალაქი სხვადასხვა სახის მკვლევარებს. ამ მკვლევართა შორის რებეკა ბენეფიელიც არის (Rebecca Benefiel). იგი ვაშინგტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს (Washington and Lee University). მისი ნაშრომი პომპეის კედლებზე დატოვებულ წარწერებსა და გამოსახულებებს შეეხება. ერთი სიტყვით, ანტიკურ გრაფიტის.

რებეკა ამტკიცებს, რომ კედლის წარწერები ანტიკური ხანის მარგინალების თავშესაქცევი არ ყოფილა. კედლებზე წერით საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები იქცევდნენ თავს, ღარიბები, მდიდრები, მონები თუ თავისუფალი მოქალაქეები. კედელზე წერა, როგორც ჩანს, გასაკიცხ საქმედ არ ითვლებოდა. თავისი თეზისების დასამტკიცებლად, რებეკას პომპეის ერთ-ერთი წარჩინებული მოქალაქის ოთხსართულიან ვილაში ნაპოვნი წარწერები მოჰყავს. სახლის კედლებზე გრაფიტი საკმაოდ კარგად იკითხება. სასტუმრო ოთახში მეგობრებმა პატრონს კეთილი სურვილები მიუძღვნეს. სახლის შიდა კიბეების კედლებზე პოეტური ტაეპები იკითხება, როგორც ჩანს, აქ პოეტურ პაექრობას ჰქონდა ადგილი.

წარწერები იყო აღმოჩენილი სამზარეულოში, მსახურთა ოთახებში და ქალაქ პომპეის სხვადასხვა კუთხეშიც:
ერთ-ერთ ჭიშკართან ასეთი წარწერაა: „მარკუსს უყვარს სპენდუზა“;
პინარიას სახლის ატრიუმთან: „თუკი ვინმეს არ სწამს ვენერასი, მან უნდა ნახოს ჩემი შეყვარებული“;
კაპრისიუს პრიმუსის სახლში: „არ გავყიდდი ჩემს ქმარს მთელი მსოფლიოს ოქროზე“;
ვერუსის სახლში, სახლის ორ კარს შორის: „სეკუნდუსი გამარჯობას ეუბნება თავის მეგობრებს“;
თეატრის ერთ-ერთ გასასვლელში: „მეტეს, კამინიუსის მონას, უყვარს კრესუსი. დაე ვენერამ, პომპეის მფარველმა, დაიფაროს ისინი და მათი ცხოვრება ჰარმონიული ყოფილიყოს“;
თეატრების ქუჩაზე: „ჩემი მაღაზიიდან გაქრა პატარა ქვაბი. ვინც მას დამიბრუნებს 65 სესტერციას ვაჩუქებ. კიდევ 20 მიიღებს ის, ვინც მომაწოდებს ინფორმაციას ქურდის შესახებ“;
წარწერები კედლებზე დღესაც საკმაოდ კარგად იკითხება, რაც იმას მოწმობს, რომ თავის დროზე, ამგვარ თვითშემოქმედებას არავინ ებრძოდა. მკვლევარის მტკიცებით, ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პომპეის ქუჩები ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა, რომლებზეც პომპეის მოქალაქენი ერთგვარი „ინტერაქტიული თამაშით“ ირთობდნენ თავს. თანაც ამ თამაშში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მოქალაქეთათვის.

ანტიკური ფეისბუქი
დამეთანხმებით, ალბათ, რომ პომპეის მოქალაქეთა ეს თავშესაქცევი ნამდვილად ჰგავს ფეისბუქს. როგორც ცნობილია, ფეისბუქის პერსონალურ გვერდს, სადაც ყველა შეტყობინება და ფოტო იყრის თავს, კედელი (wall) ჰქვია. ამგვარად, ფეისბუქში, ისევე, როგორც ძველ პომპეიში, მომხმარებლები თავის ან მეგობართა კედლებზე ტოვებენ წარწერებს. ზოგი წარწერა ყოველგვარ კონტექსტს არის მოკლებული. ზოგის ავტორი რაღაცას ეძებს ან ვინმეს რჩევა სჭირდება ხოლმე. ხანდახან ვირტუალურ კედლებზე პოლემიკის მომსწრენიც ვხდებით.

როგორც თავად ხედავთ, რაც არ უნდა შექმნას კაცობრიობამ, როგორიც არ უნდა იყოს პროგრესი, ჩვენ ისევ ჩვენი ადამიანური სურვილების გარემოცვაში ვიარსებებთ. და ახალი, ყოველთვის კარგად დავიწყებული ძველი იქნება.

Friday, September 3, 2010

ჩემი PRოფესია



სულ მაინტერესებდა ადამიანები, როგორ ირჩევენ პროფესიას და რა როლს თანაშობს პროფესია მათ ცხოვრებაში, სწორედ ეს წინაპირობა იყო დამეწერა რა ფაქტორებმა განაპირობა ჩემი არჩევანი გავმხდარიყავი პიარ სპეციალისტი.

ძნელია დავასახელო მომენტი, ადგილი, წუთი ან წამი, როდესაც გადავწყვიტე შემესწავლა პიარი და გამოვსულიყავი პიარ სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ადამიანები პროფესიას ხასიათის, უნარების და იმ პერიოდში არსებული მოდის მიხედვით ირჩევენ, ალბათ ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩემი არჩევანი, თუმცა ამბობენ შემთხვევით არაფერი ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში შემთხვევითობა იყო უნივერსიტეტის ცნობარში შემოხაზული სიტყვები სადაც ეწერა: “საზოგადოებასთან ურთიერთობა- ფაბლიკ რილეიშანზ ბევრჯერ მიფიქრია, რატომ ეს და არა სხვა პროფესია? გამოკვეთილი პასუხი არ მაქვს, რომ მეკითხებოდნენ რაზე აბარებო ვეუბნებოდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგან თუ ვიტყოდი საზოგადოებასთან ურთიერთობას ან პიარს ორი რეაქცია იყო პირველნი არ იმჩნევდნე, რომ არ იცოდნენ რას ნიშნავდა და ამბობდნენ: კარგია, პერსპექტიულია და მეორენი ვინც არ იცოდა და აინტერესებდათ მეკითხებოდნენ რა იყო პიარი, ამიტომ ამდენი ხლაფორთის თავიდან ასაცილებლად პიარის ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების თქმა მარტივი იყო :)

ძალიან ვღელავდი, რადგან ვფიქრობდი ვაიდა არ მომეწონოს ან რაღაც ისეთი იყოს რაც არ დამაინტერესებს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ დღეს ჩემი ახლობელი შემხვდა პეკინზე და მითხრა სად აბარებო, მე ვუთხარი პიარზე, ალბათ ესაც შემთხვევით თორემ, რატომ არ ვუთხარი საერთაშორისო ურთიერთობები? ძალიან გაუკვირდა მას და მითხრა: “რა მაგარია, წინგი მაქვს სემ ბლექის ჩამოტანილი და მართალია ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ გათხოვებო” ძალიან გამიხარდა ვიფიქრე ახლა მაინც გავიგებ რა არის რეალურად პიარი. დავიწყე სემ ბლექის წიგნის წაკითხვა, რომელსაც ერქვა: ყველაფერი პიარის შესახებ, ვიფიქრე ეს წიგნი იყო ჩემთვის, თან ასეთი ყოვლისმომცველი სათაურით “ყველაფერი პიარზე” :)

იმ დროისათვის ჩემთვის რთული და ახლანდელი გადასახედიდან მარტივი და სასაცილო წიგნიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, რადგან ყველაფერზე იყო, მაგრამ არაფერზე, თან ცოტა ინტერესში ჩამაგდო ..

მოკლედ იმ დროისათვის პიარი მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა და შესაბამისად არჩევანიც არ მქონდა, თან ხასითიც ისეთი მაქვს, რომ ვიტყვი რაიმეს ძნელად შეიძლება ჩემი გადარწმუნება, მშობლები მეუბნებოდნენ იქნებ რაიმე კონკრეტული სპეციალობა აგერჩიაო, თუმცა არ ერეოდნენ ჩემს არჩევანში.

პირველ ლექციაზეც მივედი, ლექცია ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო და ჩემსავით დაბნეულ ოცდაათამდე ადამიანს შევხვდი, რომლებიც აზრზე არ იყვნენ რატომ აირჩიეს პიარი და რა იყო ის, ერთი წელი დამჭირდა კარგად გამეგო რეალურად რა იყო ეს პიარი და რა უნდა მეკეთებია, თან ყველაფერ სიკეთესთან ერთად უნივერსიტეტშიც სემ ბლექი დამხვდა :)

გაიხაროს პეკინის ქუჩაზე წიგნის სახლის შემქმნელებმა, რადგან იქ აღმოვაჩინე სამი წიგნი პიარზე და უმალ ვიყიდე, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა წასაკითხად.

პიარის თეორია, რასაც წიგნებში ვკითხულობდი იდეალური სახით იყო წარმოჩენილი და ძირითადად მოიცავდა, რომ “პიარ სპეციალისტი არის ძალიან დონე ტიპი, რომელიც კომპანიის დირექტორს ექვემდებარება და რასაც ეტყვის ყველაფერს უსრულებს, რადგან ის ზრუნავს კომპანიისა და დირექტორის იმიჯზე” და თან აქვს ძალიან მაღალი ანაზღაურება და ნდობა. ერთი შეხედვით კარგია, დირექტორი და შენ ზრუნავთ იმიჯზე თან ისეთი რამე იცი, რაც არ იცის სხვამ, პიარს სათავეშივე აქვს ჩადებული რაღაც იდუმალი და ძლევამოსილი “ინტრიგა“ თუმცა ხშირად ვფიქრობდი რითი განვსხვავდებოდი სხვა სპეციალისტებისგან, რომლებმაც ზოგადად იცოდნენ იმიჯი, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებთან, რომ უნდა იმეგობრო და ქველმოქმედება აკეთო, დიდი ხანი დამჭირდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებია, რომ პიარს რაც შეეძლო ყველას არ შეუძლია.

როდესაც თეორიას მეტნაკლებად გავეცანი, მინდოდა თეორიის პრაქტიკაში გადატანა, იღბლიანი ვართ, რასაც ვისურვებ თითქმის ყველაფერი მაშინვე მისრულდება, თუმცა მხოლოდ სურვილი არ კმარა აუცილებელია სურვილთან ერთად მონდომება და ქმედება, ასე აღმოვჩნდი ჩემი ბავშვობის საოცნებო კომპანია კოკა-კოლას პიარ დეპარტამენტში სამუშაოდ, იქ მომეცა საშუალება “მეფრქვია” ჩემი იდეები თუმცა იქ მივხვდი პირველად, რა მოსდის ხოლმე იდეების ფრქვევას  ანუ ხშირად ისე არ ხდებოდა ყველაფერი, როგორც მე მეგონა თან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც გავიგე ის არის, რომ თურმე ჯერ არავინ გენდობა და უნდა დაუმტკიცო ყველას, რომ მაგარი ხარ და რასაც სთავაზობ მომგებიანი იქნება მათთვის, თავიდან ცოტა დავიბენი ქართულ კომპანიებში მკვეთრად არ არის ჩამოყალიბებული პიარის ფუნქციები ხშირად მარკეტინგის, ბრენდინგის და ქველმოქმედების საკითხებსაც მოიცავს თუმცა რაც დრო გადიოდა უფრო კარგად ვსწავლობდი პრაქტიკას, თან ჩემი თეორიული ცოდნის ტესტირებას ვახდენდი და რეალურად ძალიან ცოტა ლიტერატურა გამომადგა პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სწავლის დროს პიარ პრაქტიკის მიღება და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თან ვსწავლობდი თან ვმუშაობდი, სულ ვწუწუნებდით იმის შესახებ, რომ არავინ იცოდა რა იყო პიარი, ქართული ლიტერატურა არ არსებობდა და პიარ სპეციალისტებს პროფესიონალიზმი აკლდათ, სწორედ ეს გახდა წინაპირობა პიარ ასოციაციის შექმნისა, უფრო სწორად ევროპული პიარ ასოციაციის წარმომადგენლობის გახსნისა თბილისში, სადაც ისეთი ენთუზიაზმით ვმუშაობდი, რომ ვერსად ვიმუშავებ ასე, დილით ადრე მივდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი თან ენთუზიაზმზე, აი ეს არის პროფესიის სიყვარული, როდესაც არაფერს ითხოვ მისგან.

ვფიქრობ პიროვნების ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიაში, მკვეთრად გამოხატული ექსტრავერსია წარმატების წინაპირობაა პიარში, თუმცა მარტო ეს არ კმარა მაინც ვფიქრობ პიარი სტრატეგიული ხედვის გარეშე წყალია.

ერთ-ერთი კომპონენტი პროფესის განვითარებაში მუდმივი სწავლაა, ქართველებისაგან განსხვავებით ევროპელებს განსაკუთრებული უნარები აქვთ მოკლე დროში და რაც მთავარია მარტივად ცოდნის და ინფორმაციის გადმოცემის. გამიმართლა ევროპული პიარ ასოციაციის დახმარებით, რომ მომეცა შესაძლებლობა მესწავლა ბარსელონაში, ტურინსა და ბუქარესტში და შემეხამებია ქართული და ევროპული განათლება ერთმანეთისათვის.

ძალიან კარგი გუნდი შევიკრიბეთ პიარ ასოციაციაში, ერთ წელში უკვე ვიგრძენით, რომ სხვა საქმის გაკეთება გვინდოდა და ბერდია ნაცვლიშვილის დახმარებით დავიწყეთ publicity.ge-ს იდეაზე მუშაობა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ პიარ სპეციალისტების განათლების დონე და პროფესიონალიზმი საგრძნობლად განვითარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში მაინც ვთვლი, რომ ძირითადი პრობლემა სტრატეგიული ხედვის და გეგმის არარსებობაა პიარში, სწორედ ამიტომ დავიწყე თანამოაზრეებთან ერთად ახალი პიარ სააგენტოს პერიტუს გრუპის იდეის დახვეწა და განვითრება, რომლის მთავარი ღირებულება ექსპერტობა და კომპეტენტურობა ასევე კომპანიებისათვის სერვისის მარტივი მიწოდებაა.

დაგროვებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა ჩემი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა სტუდენტებისათვის გამეზიარებია, რაც ძალიან მნიძვნელოვანია ჩემთვის.

ვაგრძელებ ამ საინტერესო პროფესიაში მუშაობას, წინ ახალი იდეები და პროექტები მელოდება . . .

ეს იყო ჩემი პროფესიის არჩევის მოკლე ისტორია