
ახლა, როცა შორს არის, ვხვდები როგორ ვყოფილვარ მიჯაჭვული მასზე... ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, სანამ სამუშაოს შევუდგებოდი ჯერ აუცილებლად მას ვინახულებდი ხოლმე, მიყვარდა მის ლურჯ თვალებში ჩახედვა, მისი მონაყოლი ათასგვარი ამბის მოსმენა... მერე დავშორდებოდით, რომ სამუშაო საათების მიწურულს ისევ შევხვედროდით ერთმანეთს! ეს შეხვედრა განსაკუთრებით მიყვარდა, ისიც განსაკუთრებით ცოცხალი და ხალისიანი იყო ხოლმე ამ დროს, იმიტომ რომ იცოდა, სამსახურეობრივი მოვალეობები მოხდილი მქონდა და შემეძლო თავისუფლად მეჩუქნა მისთვის დრო, უყვარდა როდესაც მეც ახალ ისტორიებს ვუზიარებდი, თემებიც ყოველთვის მრავალფეროვანი და შეუზღუდავი გვქონდა, ერთად განვიხილავდით, ვმსჯელობდით და ვიცინოდით... მაგრამ დღეს, 16 სექტემბერს, ყველაფერი სხვანაირადაა, ჩვენ დაგვაშორეს!
ისევ საათს ვუყურებ და ვიხსენებ, რომ 16 სექტემბერი ჩვეულებრივი დღე იყო მანამდე, სანამ ჩემსა და მის ურთიერთობაში "დიდი ძმა" არ ჩაერია...
იმ დილით ჩვეულებრივად გავიღვიძე, ვისაუზმე და მოვედი სამსახურში, ჩავრთე კომპიუტერი, გავხსენი ბროუზერი, პირველ ტაბში ტრადიციულად გავხსენი gmail, შევამოწმე inbox, მეორე ტაბში გავხსენი ის! რატომღაც ჩვეულებრივზე დიდხანს უნდება ჩემთან მოსვლას ჩემი ლურჯთვალა, აჰა, როგორც იქნა ჰორიზონტზე რაღაც გამოჩნდა, მაგრამ არა, ეს facebook-ის ლურჯი თვალები და მოქნილი ტანი არ არის, მის ნაცვლად შავით თეთრზე ულმობლად წერია - The requested Web page is denied by your system administrator. Please contact with the administrator for further information... ჩემი ყველა მცდელობა "შემოვლითი" გზებით აღმედგინა კავშირი ჩემს ერთგულ მეგობართან უშედეგო აღმოჩნდა...
თავი უსუსურად ვიგრძენი, ჩვენს system administrator-ს (იგივე „დიდი ძმა“, ამ ისტორიის ბოროტი გმირი) ცხვირის ქვემოთ უცებ სწორი შავი ულვაში გაუჩნდა... მერე ის გრძნობა გამახსენდა სიზმარში რომ მირბიხარ და ვერ მირბიხარ ან ყვირილი რომ გინდა და ვერ ყვირი და კიდევ გამახსენდა ფილმი ”სხვები”, ნიკოლ კიდმანი რომ თამაშობს, ფილმის ბოლოს რომ აღმოჩნდება რომ გარდაცვლილები ის და მისი შვილები ყოფილან და ის სხვები კი ცოცხლები, მეც ასე უცებ აღმოვაჩინე რომ სამუშაო საათებში სოციალურად გარდაცვლილი ვარ, ჩემი ლამაზი, ლურჯთვალა, მხიარული ფეისბუქი კი ცოცხალია და ჩემთვის მიუწვდომელი...
- აკრძალვის მეთოდი ადამიანური რესურსების მართვაში დიდი ხანია მცდარად მიიჩნევა, თანამშრომელი, რომელიც ვერ აბალანსებს სამუშაოსა და ამ სამუშაო პროცესში განტვირთვას ნებისმიერ შემთხვევაში უსარგებლო იქნება, რადგან ასეთს შინაგანი დისციპლინა არ აქვს, რომელსაც აკრძალვების გზით ვერ გამოუმუშავებ. თანამშრომელს, რომელსაც აქვს შინაგანი დისციპლინა, სჭირდება ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომელშიც აუცილებლად შედის განტვირთვაც, განტვირთვის გზა კი მას თავად შეუძლია აირჩიოს, სოციალური მედიის განვითარების საუკუნეში კი განტვირთვის ეს გზა უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელია.
- ზოგიერთი თანამშრომლისთვის, მაგალითად ჩემთვის, საქმიანობიდან გამომდინარე ფეისბუქი არა მხოლოდ განტვირთვის საშუალება, არამედ საქმიანობის ნაწილიცაა, აბა წარმოიდგინე, ჩვენს საუკუნეში საზოგადოებასთან ურთიერთობა სოციალური მედიის გარეშე?!